ვალს გასტუმრება უნდა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.04
გუბაზ სანიკიძე ყვება:
ერთხელ მამაჩემთან ვიღაც კაცი მოვიდა და უთხრა, შევარდნაძეს უნდა შემახვედროო. რად გინდაო, – ჰკითა მამამ. იმ კაცმა კი უპასუხა: მინდა, ზოოპარკში წამომყვეს. მე ლომის გალიაში მარტო შევალ, ხელს ჩამოვართმევინებ და გამოვალ. მერე შევარდნაძე შევიდეს და იგივე გაიმეოროს. ჰოდა, თუ ვერ შეძლებს, ხელისუფლებიდან წავიდესო. ეს კაცი თავიდან რომ მოეშორებინა, მამამ მას ჯანსუღ ჩარკვიანის მისამართი მისცა და უთხრა, შევარდნაძესთან ის ახლობლობს, მასთან მიდი და შეგახვედრებსო. ორი საათის შემდეგ ჯანსუღმა დარეკა და მამას უსაყვედურა, ეს რა გამიკეთე, ასეთი გიჟი რატომ გამომიგზავნეო. იმ კაცს, თურმე, ჯანსუღის სახლში ყველაფერი დაულეწავს. მამამ კი, აი, რატომ გაუგზავნა ის კაცი ჯანსუღს: ერთხელ ჩვენთან ერთი კაცი მოვიდა და მთელი დღე-ღამის განმავლობაში მამაჩემს უკითხავდა პოემას. თან ძალიან სქელტანიანი ნაწერი ჰქონდა და მის თავიდან ბოლომდე წაკითხვას ამიტომ დასჭირდა 24 საათი. ეს პოემა ლეონიდ ბრეჟნევს ეძღვნებოდა და იწყებოდა დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენით, განვითარებით და ასე შემდეგ. იქ ეწერა, რომ მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოიშვნენ, იყვნენ ქართველები, განვითარდნენ, ამოვიდნენ წყლიდან, გაიარეს ყველა ეტაპი, მოედნენ მთელ პლანეტას და ყველანი ჩვენ ვართო. როგორც იქნა, დილით მოსული კაცი მეორე დილას წავიდა. მამამ შვებით ამოისუნთქა. წასვლის წინ კი ჰკითხა, ჩემთან ვინ გამოგგზავნაო. მან კი უპასუხა: ჯანსუღ ჩარკვიანმა, მითხრა, ეგ უფრო ისტორიულიაო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





