წიგნი ბევრი მფლობელით
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.06

ამ ფოტოზე მიხაკო წერეთლის ავტორობით (Baton მისი ფსევდონიმია) გამოცემული წიგნია. აქ მთავარი მფლობელებია. პირველად მისი მფლობელი იყო ანტონ ფალავანდიშვილი. არა გიორგი, არამედ ანტონი. ეს აწერია ყდაზე. ეს კაცი რეპრესირებული პირია. ანტონის რეპრესირების შემდეგ ამ წიგნის შემდგომი მფლობელი გიორგი თავზარაშვილია. შემდგომ პროლეტარი პედაგოგი, უნივერსიტეტის პრორექტორი, რომელმაც უკვე ისტორიის ფაკულტეტის დეკანამდე დაქვეითებულ ყოფილ რექტორ ივანე ჯავახიშვილს მიუთითა, რომ ისტორიის საათები ბევრი გაქვთ მიღებულიო. ივანეს კი უთქვამს: ჯერ საქართველოს ისტორია ჩაგვაბარეთ და მერე იფიქრეთ მის საათებზეო. ამ ვაჟბატონს უჩივლია რექტორ ორაგველიძესთან, რომელმაც დაიბარა ივანე და უსაყვედურა: პრორექტორს როგორ უთხარი: ისტორია არ იციო?
- უი, ამხანაგი თავზარაშვილი პრორექტორია? არ ვიცოდი, მე დაწინაურებული მუშა მეგონაო! - უთქვამს რექტორ ორაგველიძისათვის ივანე ჯავახიშვილს.
ჰოდა, დაუწერა მეორე დღეს წერილი ივანემ რექტორს და საკუთარი განცხადებით წავიდა თავისი დაარსებული უნივერსიტეტიდან. რეპრესირებული მფლობელის წიგნის ახალი მფლობელი რომ ეს ვაჟბატონი გახდა, არცაა გასაკვირი. ჩეკას მიჰქონდა რეპრესირებულის ქონება და თავის მაღაზიაში ჰყიდდა. ეს თავზარაშვილი მათი კაცი იყო. აბა დააკვირდით - ძველი მფლობელის ავტოგრაფზე თავისი სახელი და გვარი გადაუწერია. მერე უკმაყოფილი დარჩენილა, რადგან ძველი მფლობელის გვარი უფრო ჩანდა და ამიტომ თავისი სახელი და გვარი ახლა სატიტულო ფურცელზე დაუწერია. რეპრესიების შემდეგ იმდენად რცხვენოდა თავისი საქმიანობის, რომ გვარი ოდნავ შეცვალა და პროფესორი თავზიშვილი გახდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან