ტრადიცია თუ მაზოხიზმი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.01
რამაზ ჩხიკვაძე ტრადიციული ქართული ქეიფისა და დროსტარების დიდი მოყვარული იყო და, შესაბამისად, ღვინის სმაც ხშირად უწევდა. ხუმრობით ამაყობდა, „განსხვავებული“ აირწინაღითაც კი დამილევიაო. ერთხელ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მოხვდა დიდ სუფრაზე. დღეს, ალბათ, ნაკლებად შემორჩა ეს ტრადიცია, მაშინ კი იმ მხარეში „სერიოზულ“ სუფრებზე ასეთი წესი იყო:
სუფრას რომ მიუჯდებოდი, სანამ ქეიფი არ დასრულდებოდა და ბოლო სასმისს არ დაცლიდი, სუფრიდან გასვლის უფლება არ გქონდა. პატივსაცემ სტუმრებს პირად მერიქიფეებს უსვამდნენ, რომლებსაც არა მხოლოდ სასმისის შევსება, არამედ იმის გაკონტროლებაც ევალებოდათ, დაცალა თუ არა სტუმარმა სასმისი ბოლომდე. შემოუსხდნენ მაგიდას. თამადა მთავარსარდალივით უძღვება სუფრას. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი... არავინ იცვლის ფეხს. არ იყო ბატონი რამაზი შეჩვეული ასეთ რეჟიმში „მუშაობას“ და შეწუხდა; მორიდებით ითხოვა მცირე ხნით გასვლა. მორიდებით სთხოვეს სუფრაზე დარჩენა. ცოტა ხანში ისევ ითხოვა გასვლა, ახლა ქართველობა შეახსენეს, მესამე თხოვნაზე უკვე შეარცხვინეს, ნამდვილმა ვაჟკაცმა ბოლომდე უნდა გაძლოსო. დაემორჩილა, ითმინა, ითმინა და... წამოიჭრა ფეხზე: „რა არის, ბატონო, ეს, თუ ჩავ...სი და ჩავ...ვი აქ, ქართველი ვარ და თუ გავედი და ადამიანურად მოვისაქმე, მტერი და გადამთიელი?!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან