„ტექნოლოგიური“ ბიზნესი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.04

მამუკა ხაზარაძე იგონებს: „ერთ-ხელ ჰოლანდიელებმა გადასატანი უნიტაზები შემოგვთავაზეს, რომელსაც შეეძლო, სპეციალური ქიმიური ხსნარით გადაემუშავებინა შიგთავსი, შემდგომში სასუქად გამოყენების პერსპექტივით.
ფასს ნუ მკითხავთ, ფასი რა საკითხავია, როცა ისეთ ნივთს ყიდულობ, რევოლუციური ცვლილების მოხდენა რომ შეუძლია საზოგადოების ყოფიერებაში! ევროპულ მარკეტინგს ჩვენი ქართული რეკლამა დავუმატეთ და დიდი აჟიოტაჟი შევქმენით. თუმცა, დიდი ინტერესის მიუხედავად, შეძენის სურვილი, რატომღაც არავის გასჩენია. მოკლედ, მარცხს შევეგუეთ, მთელი პარტია საწყობის შორეულ კუთხეში შევჩურთეთ – აბა, ხომ არ გადავყრიდით და ეს ამბავი დავივიწყეთ. ასე გავიდა რამდენიმე თვე. ერთხელაც ჩვენი თანაგუნდელი გვირეკავს ბათუმიდან და გვეკითხება, უნიტაზები კიდევ გაქვთო, ახლა აჭარის მთავრობის ერთ-ერთ მინისტრს ვესაუბრე და აღფრთოვანებულია ამ პროდუქტითო. ასე ამბობს, ასლან აბაშიძეს შევუთანხმებ და ამ უნიტაზებს მაღალმთიან აჭარაში ოჯახებს დავურიგებთო. ჩვენ რომ გვეგონა, ფასის დაკლებას მოგვთხოვდნენ, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტს იხდიდნენ, ვიდრე ვაფასებდით. ჩვენი ხელით დავუტვირთეთ თბილისის აეროპორტში. მინისტრმა იქვე გამოგვიწერა ჩეკი, დიდი მადლობა გადაგვიხადა და გაფრინდა. ვიდექით და თვალზე სიხარულის ცრემლმორეულები ხელს ვუქნევდით უკვე ცაში აფრენილ თვითმფრინავს. ამ ამბავში ვიყავით, როცა მამუკა მაისურაძემ, ჩვენმა მეგობარმა და მაშინ ჩვენი საწყობების უფროსმა შეიცხადა, ქიმიის გატანება დაგვავიწყდაო. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, მაგრამ ბოლოს შევთანხმდით, რომ თვითონ დაგვირეკავდნენ, როცა ნახავდნენ, მთავარი კომპონენტი არ წაუღიათ. მაგრამ არავის მოუკითხავს ის პრეპარატი, რომელსაც ისედაც ვადა გასვლოდა ერთ წელიწადში. სიმართლე გითხრათ, არც ჩვენ შეგვიხსენებია, უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაგვეგდო ზედმეტი კითხვებით“.
დაბეჭდილია მამუკა ხაზარაძის წიგნიდან „სიმართლე გითხრათ“. გამომცემლობა „პალიტრა L“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან