იუმორი

სტალინი და მძინარე გენერალი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 11:01 01.06

სტალინი
დაკოპირებულია

დიდი ომის წლები და საშინელი საკვები - ასეთ პირობებში თითოეული დღე განსაკუთრებული იყო. ყველამ, როგორც ერთმა, გენერლიდან მუშამდე და გლეხამდე თავისი ცხოვრება შესწირეს გამარჯვებას. გამონაკლისი არ გახლავთ ჩვენი გმირიც – ალექსანდრე გოლოვანოვი.

მთელი მისი ცხოვრება განუყოფელი იყო არმიასთან. 8 წლის ბიჭუნა ალექსანდროვსკის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა. 13 წლის ასაკში, 1917 წლის ოქტომბერში, ალექსანდრე წითელი გვარდიის რიგებში შედის. დიდ სამამულო ომს ის საავიაციო პოლკის მეთაურის თანამდებობაზე ხვდება.

პოლკი, რომელსაც ის მეთაურობდა, სტრატეგიულ ამოცანას ასრულებდა – გერმანულ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს ანადგურებდა. 1941 წლის 17 აგვისტოს გოლოვანოვი შორეული მოქმედების 81-ე საავიაციო დივიზიის მეთაურად დაინიშნა. 1942 წლის თებერვალში ის სათავეში ჩაუდგა შორეული მოქმედების მთელ ავიაციას.

იმ დროს ბევრ გენერალს თავისუფლად შეეძლო სტალინთან შესვლა. გოლოვანოვი მათ რიცხვში იყო. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს საშინელი უხერხულობა მოხდა. სტალინის კაბინეტში თათბირზე მისულმა გოლოვანოვმა მითითებული ადგილი დაიკავა. ცოტა ხნის შემდეგ დამსწრეებმა შენიშნეს, რომ გოლოვანოვს ჩაეძინა.

დამსწრეები შეძრწუნებისგან დამუნჯდნენ. წარმოსახვა საშინელ სურათს უხატავდა მათ: შემცოდე გენერალი მაშინვე უნდა გადაეყვანათ „ენკავედეს“ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ჯურღმულში. მაგრამ როგორი რეაგირება ჰქონდა სტალინს ამგვარ „თავხედობაზე“?

სტალინმა მომენტალურად მოახდინა რეაგირება. ის მივიდა სეიფთან, იქიდან გამოიღო ბოთლი მაგარი სასმლით, ჭიქა ბოლომდე შეავსო, გოლოვანოვი შეაღვიძა და გაუწოდა. მანამდე, სანამ ის გონს მოეგებოდა, კაბინეტში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. სტალინი, რომელმაც ყველა გააოცა, გოლოვანოვს შეეკითხა, როდის ეძინა მას ბოლო დროს. გოლოვანოვი დაფიქრდა, მაგრამ ძილი კი არა, ისიც კი ვერ გაიხსენა, როდის დაისვენა ბოლოს.

ამ შემთხვევის შემდეგ სტალინი გოლოვანოვს სახელითა და მამის სახელით მიმართავდა, რითაც თავის პატივისცემას გამოხატავდა. 1944 წლის ზაფხულში გოლოვანოვი ავიაციის მთავარი მარშალი გახდა – მარშლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა