სომხეთის მთავარი ცხვირი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.03

ბუბა კიკაბიძის სახლი საგამოფენო დარბაზი გეგონებათ. კედლები აფიშებით, სურათებით, მთელ მსოფლიოში ნაგროვები ნიღბებითაა მოფენილი. ექსპონატებს შორისაა ხის ცხვირიც…— „ეს ჩემი მეგობრის, ფრუნზიკ მკრტიჩიანის ცხვირის ზუსტი ასლია, რომელსაც სხვანაირად „სომხეთის მთავარი ცხვირი“ ჰქვია“. მაგრამ სახელგანთქმული სომეხი კომიკოსი არასდროს შეუწუხებია არასრულფასოვნების კომპლექსს და აბსოლუტურად ფილოსოფიურად უყურებდა იმ ფაქტს, რომ დიდი ცხვირი ჰქონდა: „პატარაობიდან იმაზე კი არ ვფიქრობდი, მე რატომ მქონდა დიდი ცხვირი, არამედ იმაზე, სხვებს რატომ ჰქონდათ პატარა ცხვირები“, – ხუმრობდა ხოლმე თავად მკრტიჩიანი. კომიკოსი „ეროვნული სიმდიდრის“ წარმოშობას ასე ხსნიდა: „როცა ღმერთი ხალხებს ცხვირებს ურიგებდა, თან ეკითხებოდა, რა ფორმისა გინდათო? რუსმა აპრეხილი ცხვირი მოინდომა, რომ სასმისის გადაკვრაში არ შეშლოდა ხელი, ქართველმა –კავკასიონის მსგავსი, სომეხმა ჯერ იკითხა, რა ღირსო და როცა ღმერთმა უთხრა, არაფერი, უფასოაო, მაშინ, უთხრა: რაც შეიძლება დიდი ცხვირი მომეციო“.
ბუბა: „ერთხელ სპექტაკლ „სირანო დე ბერჟერაკის“ პრემიერას დავესწარი, რომელშიც ფრუნზიკა სირანოს როლს ასრულდებდა. სპექტაკლში სირანოს აქვს ძალიან გრძელი მონოლოგი, რომელშიც თავის უზარმაზარ ცხვირზე მსჯელობს. ფრუნზიკას კი ეს მონოლოგი ძალიან მოკლე გამოუვიდა, ერთ წუთსაც არ გასტანა. სპექტაკლის მერე ვკითხე: მისმინე, ფრუნზ, რატომ შეამოკლე მონოლოგი, რაც უნდა იყოს, მაინც კლასიკური ნაწარმოებია-მეთქი. ბუბა-ჯან, სომხებს არ უყვართ ცხვირებზე დიდხანს ლაპარაკიო, მიპასუხა მკრტიჩიანმა“...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან