იუმორი

სამეგრელოს მთავარი და მოხერხებული ჯოღორია

№15

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 21.04

ჯოღორია
დაკოპირებულია

ერთმა მეგრელმა, სახელად ჯოღორიამ, დადიანს ცხენი მოჰპარა და აფხაზეთში გადაიყვანა. დადიანმა იცის, ჯოღორიამ რომ ნაღდად მოიპარა ცხენი და ბოქაულმაც და ყველამაც დაუდასტურა, მაგრამ აი, სამხილი არ აქვს. აქედან უტრიალა, იქიდან უტრიალა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა.

მე ვიცი, ამას რაც გატეხას – გამოიტანეთ ილორის წმინდა გიორგის ხატი, მივიტან ჯოღორიასთან და მოვთხოვ, დაიფიცოსო. ჯოღორია თავისთან არის ეზოში, თოხნის და დაინახა, მოდის დადიანის უზარმაზარი ამალა. წინ მოაქვთ ილორის წმინდა გიორგის ხატი. პირდაპირ დადიანი მოადგა, იმიტომ რომ ბედაური იყო საუკეთესო, თეთრი, არაბეთიდან ჩამოყვანილი თავად დადიანისთვის.

– ჯოღორია – დაუძახა, მოდი აქ, ჩემთან, სათქმელი მაქვს შენთან – მომპარე თუ არა ცხენიო!

– არა, მთავარო. როგორ გეკადრებათ, როგორ გავბედავდი, თქვენთვის ცხენი მომეპარაო.

– მაშინ, აგერ ილორის ხატი მაქვს მოტანილი და დაიფიცეო. დადიანმა იცის, რომ მეგრელი ვერ გაბედავს ტყუილს ილორის წმიდა გიორგის ხატთან.

ჯოღორიამ უთხრა:

– ხატთან ასე დაუბანელმა როგორ ვიკადრო მიახლება, შევირბენ ერთი წუთით ჩემს სახლში, დავიბან ხელებს, მოვიწესრიგებ თავს და დავიფიცებო.

შევარდა სახლში. ამ დროს ცოლი ბავშვს არწევს აკვანში.

– სასწრაფოდ ამოიყვანე აკვნიდან ბავშვი! - უთხრა ცოლს.

ამოიყვანა ცოლმა ბავშვი, გადაწვა აკვანზე ჯოღორია და ცოლს უთხრა, დაარწიე აკვანიო. დაარწია ცოლმა აკვანი... გამოვიდა ჯოღორია მოწესრიგებული, დაიჩოქა ილორის წმიდა გიორგის ხატთან და ეუბნება:

– მას შემდეგ, რაც აკვნიდან ამოვედი, მე თუ მომეპაროს ცხენი, ჯოღორია დაგლახვროს წმიდა გიორგიმო!

ისტორიკოსი გიორგი კალანდია

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი