იუმორი

საბანი ჩემი ხელით შემოვუკეცეო

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:00 26.12, 2020 წელი

მსახიობი დავით
კვირცხალია იხსენებს
დაკოპირებულია

მსახიობი დავით კვირცხალია ასეთ ისტორიას იხსენებს:

„ყველას გემახსოვრებათ ფილმი „განგაში“ და მთავარი როლის შემსრულებელი ლერი გაფრინდაშვილი.

მე და ლერი ძმაკაცები ვიყავით. ახალგაზრდები ვართ და ერთ ოჯახში ვქეიფობთ თბილისში. ლერის ერთმა ძალიან მომხიბვლელმა ქალბატონმა, სახელად ნატრულიმ, „დარკვეთელო ქალო“ უმღერა. ლერი ძალიან მოიხიბლა. შუა ქეიფის დროს ამ ქალბატონმა განაცხადა – ქუთაისში უნდა გავემგზავრო მატარებლითო. ლერიმ არ გაუშვა და უთხრა – ხვალ დილით ჩემი მანქანით წაგიყვან ქუთაისშიო.

მეორე დღეს მე მთხოვა წაყვანა. თბილისიდან რომ გავედით, საკმაოდ თბილი ამინდი იდგა, ცა მოკრიალებული იყო. თუმცა წინასაახალწლო დღეები იდგა და გორს რომ მოვუახლოვდით, გათოვდა, რაც არ მომეწონა, ცოტა კიდევ რომ გავიარეთ, წავიკითხეთ აბრა, რომ რიკოთი დაკეტილი იყო, ესე იგი, გზა „ჩერეზ“ გომი უნდა გავაგრძელოთ...

ლერი ჭიათურიდან იყო. დედამისი იქ ცხოვრობდა და გვთხოვა, ჭიშკართან გავაჩეროთ, წუთით შევიაროთ, ვნახავ და ქუთაისში წავიდეთო. ჭიათურაში კიდევ უფრო მეტად თოვდა. როგორც იქნა, მივედით. დეიდა ეთერი რომ გამოვიდა, ლერიმ უთხრა: დათოს ხომ იცნობო? როგორ არაო, – მიუგო დეიდა ეთერმა. ლერიმ კი უთხრა: ეს ლამაზი ქალბატონი დათოს მეუღლეაო. მოკლედ, სახლში შევედით. დეიდა ეთერს მატყლის პატარა ბიზნესი ჰქონდა და ის მთელ სახლში ჰქონდა გაშლილ-გაქათქათებული.

მოკლედ, სუფრა გაიშალა. შუა ქეიფში ვართ და ატყდა კივილი: შალიკო ბიძია გარდაიცვალაო – ეთერი დეიდას ძმა. ლერი წამოხტა და დაუფიქრებლად გავარდა გარეთ. ეთერი დეიდამ ბოდიში მოგვიხადა, – ჩაგამწარეთ ქეიფიო. მაგრამ, ვხედავ, აგვიანებს წასვლას ძმის სატირლად და გვიყურებს. მე ვეწევი და ვფიქრობ, ალბათ, ეშინია, რომ გაშლილი მატყლი არ დავუწვა-მეთქი. ბოლოს მითხრა: შვილებო, გთხოვთ მოისვენოთ. აგერ, ჩემს შეკერილ ლოგინში ჩაგაწვენთ, გაგაღუღუნებთ. ახალდაქორწინებულები ხართ და საწოლი გაგიშალეთო. ამ ქალს შევხედე – რა ვქნათ-მეთქი. მანაც მხრები აიჩეჩა.

ერთი სიტყვით, გავედით იმ ოთახში და დეიდა ეთერიც ძმის სატირლად წავიდა. ლერი იქ დახვდა და დედამისს რომ ჰკითხა, სტუმრები რას შვრებიანო. დაწვნენ, საბანი ჩემი ხელით შემოვუკეცეო, – მიუგო ეთერი დეიდამ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი