როცა ღმერთს სახელით მიმართავ...
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.09
ლელა რაზიკაშვილი ჰყვება: „იმ დილით არ ვიყავი კარგად და ექიმთან შევივლი, ვენახვები-მეთქი, გადავწყვიტე. თან ვმუშაობ, მირეკავენ, ვურეკავ, ვპასუხობ და ვუთანხმდები ვიღაცებს, ერთი საერთოდ ოფისში დავიბარე, მოვდივარ დამელოდეთ-მეთქი. მოკლედ ასე ბაას-ბაასით შევედი კლინიკაში, რომელიღაც სართულზე ფეხით ავედი და ექიმის ოთახში გავაგრძელე სატელეფონო მუშაობა. არა, ელგუჯა ექიმს კი მივესალმე და რამდენიმე სიტყვა ვესროლე, მაგრამ საქმე არ მიმიტოვებია. ისიც საქმეში იყო, წერდა და საბუთებს ქექავდა. მე ბოდიშიანი ღიმილით ვანიშნებდი ტელეფონზე, რა ვქნათ-მეთქი, ისიც, არა უშავსო, ხელს მიქნევდა. შიგადაშიგ მე ტელეფონიდან და ის საბუთებიდან გამომძვრალი, ვემთხვეოდით ერთმანეთს და ამბებს ვცვლიდით. ამასობაში წერას მორჩა, ადგა ფეხზე, ოთახის კარები გამოაღო და ექთნებს ხმამაღლა გასძახა: მოამზადეთ საოპერაციო, ეს სხვა დროს აქ მოსასვლელად ვერ მოიცლის, ძლივს გამოვიჭირეო...
... უცებ მოვრჩი ტელეფონს. არ ვიყავი მზად, თვის ბოლოსო, ასე მითხრა ბოლო კონსულტაციაზე, თუმცა შეიძლება, კიდეც მითხრა, მაგრამ მახსოვდა?! მოკლედ დამესივნენ ექთნები და დაიწყო პროცედურა, გამოცვლა, საოპერაციო ხალათი და რამე. ოჯახის გაფრთხილება მოვასწარი, მაგრამ მაინც მეშინია, არ ვარ მზად მაინც, თან მარტო ვარ, ასეთ დროს...
მშობიარეთა შემწე ლოცვები გამახსენდა, ჩანთით ვატარებდი ბოლო თვეებში. ამოვიღე, დაგავშალე. წმინდა ეკატერინე, წმინდა ელისაბედი წმინდა მელანია რომაელი...
დიდი წმინდანი ყოფილა მელანია რომაელი, მერე მოვიძიე.
მოკლედ, სანამ საოპერაციო მაგიდაზე ავიდოდი, სახელიც შევარჩიე.
კიდევ ერთი რამ მახსოვს ამ დღიდან. ოპერაციის დროს, ნარკოზში, ექიმების საუბარი მესმოდა, ცოტა ტკივილსაც ვგრძნობდი, კიდევ რაღაც სასიამოვნო სინათლეში ვიყავი, რა ვიცი, შეიძლება, საოპერაციო დიდი ნათურების გამოც, მაგრამ მახსოვს, ღმერთს მივმართავდი, ძალიან უბრალოდ, შინაურულად, სახელით მივმართავდი, სანამ ოპერაცია დამთავრდა, სულ მის სახელს ვიმეორებდი. რაღაც სხვა სახელი იყო, თითქოს ძალიან უბრალო, ყველასთვის ნაცნობი, თუმცა, როგორც კი აქეთ მოვბრუნდი, შეფხიზლებისკენ წავედი, ის სახელი დამავიწყდა...
რამდენიმე დღე ვიწვალე გამეხსენებინა, თითქოს ენაზე მადგა, მაგრამ ვერა! მაშინ ვიფიქრე, იქნებ იქით ღმერთს სულ სხვა სახელი ჰქვია და აქაურებმა არ ვიცით-მეთქი. მოკლედ ისეთი განცდა მქონდა, რომ იქით გავედი და ახალი სიცოცხლე გამოვიყვანე! ალბათ, ყველა დედისთვის მშობიარობა და ახალი ადამიანის დაბადებაც ასეთია, გადიხარ იქით და გამოგყავს!
20. 08. 2007 მელანია დაიბადა!
ოღონდ ახლა 17 წლისაა, მაგრამ ასეთი ოხერია ისევ!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან