როგორ იდგა ოთარ მეღვინეთუხუცესი შვილის დაბადების რიგში
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.07, 2022 წელი

გიგა ლორთქიფანიძე იგონებდა: „ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურანდა გაბუნიას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. გურანდა გათხოვებიდან 7-8 წლის შემდეგ დაფეხმძიმდა და მშვენიერი გოგონაც გვაჩუქა. მაგრამ მის მშობიარობასთან დაკავშირებით ისეთი კურიოზის მოწმე გავხდი, რომ დღემდე მეცინება. ყველას კარგად მოეხსენება, ჩვენი ოთარი რაოდენ ემოციური და ფეთქებადი ხასიათის კაცია. დადგა ნანატრი დღე და როგორც იქნა, გურანდას მუცელი ასტკივდა. გააქანეს, თურმე, საავადმყოფოში და დაასხა ოთარს ჭირის ოფლმა. ნერვიულობს, ღელავს, მხარდაჭერა სჭირდება და დამირეკა: გიგა, მიშველე, გურანდა წაიყვანესო. რა თქმა უნდა, წავედი.
ვდგავართ მე და ოთარი სამშობიაროს ფანჯრების ქვეშ, ვცემთ ბოლთას, ვიყურებით საათზე, მაგრამ რად გინდა? ნანატრი ბავშვი არა და არ ჩნდება. უკვე ღამდება. ისევ გვესმის გურანდას ყვირილი. მე და ოთარი დაღლილობისა და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივსღა ვდგავართ. აცივდა კიდეც და გადავწყვიტეთ, მოსაცდელში დავმსხდარიყავით. ხუთი წუთის შესულებიც არ ვიყავით, რომ შემოვიდა ერთი ბიჭი, დაჯდა სკამზე და მშვიდი სახით იღიმება. სამიოდე წუთის შემდეგ, შემოდის მედდა. მე და ოთარს უკვე ერთმანეთის გულისცემაც კი გვესმის. მედდა ჩვენ თვალს გვარიდებს და იმ სამი წუთის წინ მოსულ ბიჭს ეუბნება: გილოცავთ, ბიჭი გყავთო! და უცებ იფეთქა ოთარმა: ქალბატონო, ბოლოს და ბოლოს, ვინ გგონივართ? მე დილიდან რიგში ვარ, ჯერ მე მოვედიო!.. ქალი გაოგნდა, ოთარი კი განაგრძობს: დილის აქეთ, აქ ვდგავარ, ჯერ ჩემი რიგია, ეს ჩემს შემდეგ არ მოვიდაო?! თან, მე მიყურებს, უნდა დავუდასტურო, რომ ის ბიჭი ურიგოდ წავიდა... ძალიან სასაცილო იყო. ამაოდ ვცდილობდი, დამეშოშმინებინა – ჩემს მეგობარს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ოთარ მეღვინეთუხუცესი მთელი გულით ბრაზობდა...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან