ფულიანი „ხელოსანი“
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.09, 2023 წელი
ლევან საგინაშვილი ყვება:
„სანამ მკლავჭიდში ჩავებმებოდი, სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი, მათ შორის შეკიდულ ჭერებზეც „გიფსოკარდონისგან“. ერთხელ, ვაკეში ერთ ცოლ-ქმარს გავუკეთე შეკიდული ჭერი. რომ დავასრულე და ფული გადამიხადეს, ჩინელებთან დავიწყე მუშაობა მძღოლად. ერთხელ ბათუმში გავემგზავრეთ. მათ „რედისონში“ აიღეს ნომრები და მეც იქ დამაბინავეს. ახლა არავის უკვირს, მაგრამ იმ წლებში „რედისონში“ მხოლოდ ფულიანები ცხოვრობდნენ. მოკლედ, აუზზე ვარ. ვნებივრობ. უცებ შევამჩნიე, რომ ვიღაც ახალგაზრდა ქალი მიყურებს. შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მიიხმო და ჩემზე მიუთითა: შეხედეო. ვერ მივხვდი, ასე დაჟინებით რატომ მიყურებდნენ. ბათუმიდან რომ დავბრუნდი, მხოლოდ მაშინ აღვიდგინე გონებაში, რომ ეს ის წყვილი იყო, ვისაც ვაკეში ჭერი გავუკეთე. ალბათ, უკვირდათ, ასეთი რა იშოვა, რომ „რედისონში“ ისვენებსო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



