ოლიმპიური თამაშების კურიოზები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.11, 2023 წელი
ერთ-ერთ ოლიმპიადაზე საომარი ეტლების რბოლაში რომის იმპერატორი ნერონი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლომდე ვერ იასპარეზა, რადგან ეტლიდან გადმოვარდა, მსაჯებმა მაინც ის აღიარეს გამარჯვებულად.
ოლიმპიურ ასპარეზობებზე დასწრება უფასო იყო, თუმცაღა საბერძნეთის ყველა მცხოვრებს თამაშებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა – მაგალითად, მონებსა და ბარბაროსებს (ბერძნები ყველა არაელინს ბარბაროსებს უწოდებდნენ).
ძველ საბერძნეთში ქალებსაც ეკრძალებოდათ ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება. ამ წესის დამრღვევს სიკვდილით დასჯა – უფსკრულში გადაგდება ემუქრებოდა. მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა, როდოსელი ფერონიკა მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი მაინც დაესწრო ასპარეზობას, როგორც თავისი ვაჟიშვილის მწვრთნელი. როდესაც მისმა ვაჟმა გაიმარჯვა, გახარებული დედა გადაეხვია შვილს და გადაკოცნა. ყველამ შეამჩნია, რომ ის მამაკაცის ტანსაცმლით შემოსილი ქალი იყო. ფერონიკა ამჯერად არ დასაჯეს, რადგან ის ოლიმპიური ჩემპიონის, დიაგორასის ქალიშვილი აღმოჩნდა. ამ შემთხვევის შემდეგ ოლიმპიადის მესვეურებმა ახალი წესი შემოიღეს – ოლიმპიურ თამაშებზე ყველა მონაწილე და მაყურებელი წელს ზემოთ შიშველი უნდა მისულიყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



