მეკვლე გახეთქილი ბუშტებით
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 05.04

რატი ტვილდიანი იხსენებს:
„არეულობის პერიოდია და ძმაკაცმა ახალ წელს თავისთან დამპატიჟა. სვანეთის უბანში ცხოვრობდა. მე თეატრალურ ინსტიტუტში ვათევდი ღამეს. რომ მოსაღამოვდა, წასასვლელად მოვემზადე. ხელცარიელი ხომ არ ავიდოდი და დარაჯს ვუთხარი: ჰოლში რომ ნაძვის ხე დგას, წავიღებ-მეთქი, მხოლოდ ბუშტები ეკიდა ტოტებზე, გავიდე მხარზე და დავიძარი. ვიფიქრე, ფეხით ნელ-ნელა ვივლი და საათ-ნახევარში, ახალი წლის დადგომის დროს მივალ-მეთქი. ქაშუეთთან რომ ჩავუხვიე და „კოლხოზნზე“ უნდა გავიდე, დავინახე, დიდი რეიდია და კბილებამდე შეიარაღებული სხვადასხვა ფორმირებები დგანან, შარს რომ ავრიდებოდი, მათ გვერდი ავუქციე და გზა განვაგრძე. უცებ ერთი ბუშტი წიწვს წამოედო, გასკდა და ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. დამიშვეს, მაგრამ რა დამიშვეს. გავიქეცი. შიშისგან ნაძვის ხეს ხელს არ ვუშვებ, გზადგზა სროლის ხმა მესმის. საათ-ნახევრის ნაცვლად, სირბილით, ნახევარ საათში, 11 საათზე მივადექი ძმაკაცს და ვუყვირი, გამიღე-მეთქი. იმან კი: ჯერ 11 საათიაო. გამიღე კიტოვანი მომდევს „კალხოზნიკით“-მეთქი, ვიძახი და ასე ნაძვისხემოკიდებული, ჩაფუშული ბუშტებით შევედი სახლში. თურმე, რომ მივრბოდი გზადაგზა ბუშტები სკდებოდა, მე კი მეგონა, რომ სროლა-სროლით მომდევდნენ“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან