მაინცდამაინც კაპანაძე
ავტორი: „თბილისელები“ 21:11 12.02
გია ბაღაშვილი ყვება:
„ივერიას“ ქუთაისში ჰქონდა კონცერტი. მამაჩემის და თემურ წიკლაურის მეგობარს ბებია გარდაეცვალა. გადაწყვიტეს, გზად იმ სოფელში შეევლოთ და მიესამძიმრებინათ. მიცვალებული ხანში შესული ქალბატონი იყო, გვარად კაპანაძე. იმ სოფლის ბირჟასთან რომ მივედით, მანქანიდან მამაჩემი და თემური გადმოვიდნენ. სოფლის თავკაცმა სთხოვათ, რომ დარჩენილიყვნენ და ერთი ორი დღე მათთვის ეჩუქებინათ საქეიფოდ. მამამ უთხრა, თუ ჩვენი პატივისცემა გინდათ, სამძიმარზე ვართ მოსული და იქნებ გაგვიგოთ, სადაა მიცვალებული დასვენებულიო. სოფლიდან სამი გზა მიდიოდა და იმ კაცმა სამივე გზაზე პატარა ბიჭები გაგზავნა გასაგებად, სად იყო გარდაცვლილი ქალბატონი კაპანაძე. პირველი ბავშვი მოვიდა და უთხრა გარდაცვლილი არის მაგრამ კაპანაძე, არაო. მეორემაც იგივე პასუხი მოიტანა. თავიკაცი ზის და იძახის: რა ვქნა, აი, მესამის იმედი მაქვსო. მოვიდა მესამეც და იმანაც იგივე თქვა: გარდაცვლილი არის, მაგრამ არა კაპანაძეო. ის კაცი ზის ჩაფიქრებული და ცოტა ხნის შემდეგ გვეუბნება: მაინცდამაინც კაპანაძე უნდა იყოსო?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




