ქართველების პურობა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.11

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება გელათიდან გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის შემდეგ ჩამოსვლიდან ქუთაისში.
„გელათში მცირეოდენი გვასაუზმეს, მაგრამ არ გვეყო და ქუთაისში მოშივებულნი ჩამოვედით. ნიკო ღოღობერიძემ სადილის საჭმელად შეგვიყვანა დარბაზში, რომელიც იმავე დროს სასადილოც იყო და დავინახეთ, რომ სუფრას მრავლად შემოსხდომოდნენ მოქეიფენი, პოეტ გიორგი შარვაშიძის მეთაურობით. მათ შორის იყო ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იასონ გელოვანიც. უკვე ყველანი შემთვრალიყვნენ და მალიმალ გალობდნენ საეკლესიო ჰანგს „განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, უფალო, მონისა შენისასა“. რომ დაგვინახეს, ყველანი წამოდგნენ და შარვაშიძემ წამოიძახა: „ო-ო-ო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახლა სუფრა!“ მივუჯექით მაგიდას. მთვრალმა მასპინძლებმა დაადგინეს, რომ ჯერ დაგველია იმათი სადღეგრძელო, ვინც იქ ჩვენ შესვლამდე ისხდნენ და მერე განეგრძოთ სადღეგრძელოები, მაგრამ ილიას სადღეგრძელო მაინც პირველად შესვეს. კაი გვარიანი ჭიქები იყო, ხუთ-ხუთი დაგვიდგეს თეფშზე და შემოგვთავაზეს დალევა, მაგრამ ნიკო ღოღობერიძემ (პედაგოგი, პუბლიცისტი) სთხოვა, მშივრები ვართ, ცოტა გვაცალეთ, საჭმელი ვჭამოთ და მერე ყველას გეახლებითო. დაგვეთანხმნენ. ილია ჩვეულებრივ მადიანად შეუდგა ჭამას და თანაც ღვინოს უანგარიშოდ სვამდა. იმ ლაპარაკსა და სმაში ჩემ გვერდით მჯდომმა ნიკო ღოღობერიძემ გადაუჩურჩულა ლაქიას, ილიას ააცილეთ ის ხუთი ჭიქაო: ეშინოდათ, არ აწყინოსო. ლაქიამ მართლაც მოახერხა ილიასთვის იმ ხუთი ჭიქის აცილება და სხვებმაც, ჩვენთან მოსულებმა, ვისაც არ შეეძლო სმა, უარი თქვეს – მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკო ღოღობერიძემაც, რომელსაც გული სუსტი ჰქონდა და ღვინო სწყენდა. უარი თქვა მისმა ძმამაც, სიმონ ღოღობერიძემაც, რომელიც წინათ ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში. იმ დროს უკვე გადამდგარიყო სახელმწიფო სამსახურიდან და კერძო სათავადაზნაურო სკოლის გამგედ იყო დანიშნული. თამადას, გიორგი შერვაშიძეს ღვინო მოკიდებული ჰქონდა და მკვახედ მიმართა სიმონ ღოღობერიძეს: „ასე, თქვენ არასოდეს არ გვიჭერთ მხარს საზოგადო საქმეებშიო“. და ამისთანები... მერე მოყვნენ ჩვენს სადღეგრძელოებს და როდესაც ილიას ერთი ჩვენგანის სადღერძელოღა დარჩა დაულეველი, უთხრეს, მიირთვიო. ილიამ უპასუხა: „დიდი სიამოვნებით გიახლებით, მაგრამ გულს მაკლია, რომ პირველად დასალევი ხუთი ჭიქა არ შემისვამსო“. – ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მოართვით ილიას ის ხუთი ჭიქაო! დაიძახა თამადამ. ნიკო ღოღობერიძემ ხელი წამკრა და მითხრა: „საკვირველი კაცია ეს ილიაო!“ მოართვეს აცილებული ხუთი ჭიქა, ილიამაც ნელ-ნელა გემრიელად შესვა და ბოლოს იმ ჩვენი ამხანაგის სადღეგრძელოც დალია. მართლაც საოცარი კაცი იყო! „გულს მაკლიაო“, დინჯად, სერიოზულად უთხრა: არ უნდოდა, რომ ვისმეს ჩამორჩენოდა იქა!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან