იუმორი

იპოლიტეს განცხადება

№23

ავტორი: „თბილისელები“ 21:00 14.06

იუმორი
დაკოპირებულია

იპოლიტე ხვიჩია ყოველთვის შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს „ტყავის ბურთის” სიყვარულს აბრალებდა. იმ ხანად თეატრებს შორის საფეხბურთო შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ხვიჩიაც მუდმივად, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებდა. ერთხელაც მსახიობის პროფესია მობეზრდა და ფეხბურთელობა გადაწყვიტა. იმ დროს თბილისის „დინამოს” მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. იპოლიტე ხვიჩიამაც „დინამოს” თავკაცს შემდეგი განცხადება აახლა:

„მე, იპოლიტე ალექსანდრეს ძე ხვიჩია, მშობლების ხელმოკლეობის გამო დავიბადე ქალაქ ხონში. დედაჩემმა აკვნიდანვე შემაყვარა ბურთი. ახლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ წუთებს, როდესაც აკვანში ვტიროდი და მამაჩემი დედაჩემს გასძახებდა: ჩაჩარე, ქალო, მაგ დალეულს ბურთი პირში, თორემ გადავაგდებ ფანჯრიდანო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ახლა გთხოვთ, მიმიღოთ თბილისის „დინამოში“ და საჯაროდ ვდებ პირობას:

1. არასდროს დავლევ გაკეთებულ ღვინოს.

2. არასდროს ავიცილებ და არ ავაცილებ სანაძლეოებს.

3. გუნდში მივატოვებ არტისტობას და გავხდები სერიოზული კაცი.

4. საწვრთნელ ვარჯიშზე გამოვივლი ხანდახან, მწვრთნელი რომ ძალიან არ შევაწუხო და თანაც მთლად რომ არ დავავიწყდე.

5. თამაშის მსვლელობის დროს მსაჯს მხოლოდ მშობლიურ ენაზე შევაგინებ.

6. არასდროს მივიტან ჯამაგირს სახლში.

7. საერთოდ მივატოვებ ცოლ-შვილს და მეტი რაღა ვქნა, არ ვიცი. ხოლო თქვენ, ბატონო გავრილ, პირადად გჩუქნით მოკლემეტრაჟიან ფილმს „ბურთი და მოედანი“. თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნდით, როგორი მონაცემები მაქვს. ოქროს მედალს ახლავე თუ გადმომცემთ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩებით”.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული