ინგლისურის სპეციალისტები
ავტორი: „თბილისელები“ 21:00
მამუკა ხაზარაძე იხსენებს: ფორტეპიანოს თავი დავანებე, მუსიკას კი ვერ შევეშვი. „ბიტლები“ გახდა ჩემი ახალი შთაგონების წყარო, ვულკანივით ამოხეთქილს ჰგავდა მათი მუსიკა, თითქოს მარტივი, რამდენიმე აკორდით აწყობილი, მარტივი ტექსტით და ამ დროს როგორი მომნუსხველი, ამგდები და ემოციური იყო. მოკლედ, სასწრაფოდ გიტარაზე დაკვრის სწავლა გადავწყვიტე. გორკის კლუბში, მაშინდელ პლეხანოვზე გიტარის წრეზე ჩავეწერე. ბიტლებივით, ლენონივით მინდოდა, მემღერა. აკორდებს ვამთხვევდი, სიტყვებს ვიზეპირებდი, თუმცა, შინაარსის აზრზე არ ვიყავი. აბა, საიდან უნდა მცოდნოდა? ინგლისურის გაკვეთილები სკოლაში ახალი დაწყებული იყო. არც არავინ გვაძალებდა საბჭოთა სკოლაში. მოკლედ, არც მეტი და არც ნაკლები, მთელი სამი სიმღერის გარჩევისა და დამუღამების მერე ანსამბლის ჩამოყალიბება გადავწყვიტე. თმა „ბიტლების“ სტილზე შევიჭერით, გიტარები საბჭოთა მაგნიტოფონ „ელექტრონიკას“ შევუერთეთ და დავცხეთ, მაგრამ რა დავცხეთ! „კონცერტი“ სკოლის ფოიეში გვქონდა. დიდი მოწონება დავიმსახურეთ. მაშინვე გავარდა ხმა, ეს ინგლისური ტექსტები საიდან და როდის ისწავლესო. აბა, რა იცოდნენ, რომ ინჩიბინჩი არ გვესმოდა, რას ვმღეროდით. და მესამე დღეს სასწავლო ნაწილის გამგე შემოვიდა ინგლისურის გაკვეთილზე, და გამოგვიცხადა, მთელი სკოლა თქვენზე ლაპარაკობსო.
მეხის დაცემასავით ამბავი იყო.
მეორე დღეს მობილიზებულები დავხვდით შემმოწმებლებს. ხაზარაძე, აბა, ადექი და მიპასუხეო, ინგლისურად გამომიძახა მასწავლებელმა. ავდექი და ყურებდაძაბული მივაჩერდი, ვერაფერიც ვერ გავიგე, რა მკითხა... თან თითქოს გავიგე. ვიფიქრე, ალბათ, მთავარია სწრაფად ვუპასუხო, და მერე რაც იქნება, იქნება-მეთქი. ავიღე ინგლისურის წიგნი მერხიდან, ჩავიხედე და პირველივე წინადადება რაც მომხვდა, სხაპასხუპით წავიკითხე, თან ბოლოში რაღაცნაირად ვპრანჭავდი დაბოლოებებს, დამაჯერებლობისთვის. არ დამავიწყდება მასწავლებლის გაშეშებული და პირდაღებული სახე. კლასი გასუსული იჯდა. მგონი, მხოლოდ ორმა ბეჯითმა გაიგო, რა მოხდა. ერთი სული მქონდა, უკან მომეხედა და სასწავლო ნაწილის გამგისა და უფროსის რეაქცია შემემოწმებინა. მასწავლებელმა უცებ მეორე კითხვაც მე დამისვა, არადა, მეგონა, გამაგდებდა კლასიდან. მეორე კითხვაზე იგივე მეთოდი გავიმეორე და თავი ნელა გავაბრუნე უკან. ჰოი, რას ვხედავ, უფროსი სასწავლო ნაწილისკენ ტრიალდება, მარჯვენა ხელს გულზე იდებს და რუსულად ეუბნება. კაკოი ხაროში მალჩიკო, რა კარგად ფლობს ინგლისურსო. სასწავლო ნაწილმაც ამაყად დაუქნია თავი, ხომ გეუბნებოდი, მაგარი კლასია, ენას კარგად ფლობენო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




