გაუგებრობის „ტყვე“
ავტორი: „თბილისელები“ 19:00
ქუთაისის თოჯინების თეატრის რეჟისორი ლევან კვატაშიძე იხსენებს: „ჯარში გაწვევის დრო რომ მომივიდა, ქუთაისიდან 4 დღე დამჭირდა ნაწილში რომ მივსულიყავი. ჩემი ნაწილი მცხეთაში მდებარეობდა და კავშირგაბმულობის იყო.
„პრაპორშიკმა“ მითხრა, კავშირგაბმულობის კვანძში იმუშავებ, თურმე, მორზეს ანბანი კარგად გცოდნიაო – ამ დროს წარმოდგენაც არ მქონდა. უარის თქმა არ მინდოდა. ბოლოს ვუთხარი, ვიცი-მეთქი. მან კი წითელი დიპლომი მაჩვენა, სადაც ჩემი სურათი ეკრა თურმე, მორზეს კავშირგაბმულობის კურსები ბრწყინვალედ დამიმთავრებია. საიდან მოხვდა ეს დიპლომი მასთან, წარმოდგენა არ მაქვს. მოკლედ ეს „პრაპორშიკი“ წავიყვანე სახინკლეში. კარგად დავთვერით. მითხრა, 8 საათიდან მორიგე ხარო. მივბრუნდით ნაწილში. მე, რა თქმა უნდა, არაფერზე არ მქონდა წარმოდგენა. მაგრამ „პრაპორშიკმა“, ვინც იქ დაგვხვდნენ, იმათ ჰკითხა: სიგნალები თუ მოდისო. უთხრეს, არაო. 66 ხაზი მუშაობსო? მუშაობსო... მოკლედ, წელიწად-ნახევარი იქ ისე გავატარე, არაფერი ვიცოდი. „პრაპორშიკი“ რომ მოდიოდა, ერთსა და იმავე პასუხებს ვცემდი: 66 ხაზი მუშაობს, სიგნალები არ მოდის-მეთქი. წლინახევრის შემდეგ პოლკოვნიკი მოვიდა შემოწმებაზე. კომისიის შესახვედრად მზადებისას ჯერ გახუნებული სტადიონის ნახევარი მწვანედ შეღებეს, შემდეგ საღებავი რომ არ გაშრა, ბალახი ამოაპუტინეს ჯარისკაცებს. პოლკოვნიკი ჩვენთან რომ შემოვიდა და კითხვები დაგვისვა, სტანდარტული პასუხები გავეცით, ისე, როგორც „პრაპორშიკს“. მან კი სადღაც დარეკა ტელეფონზე და იკითხა: ბოლო ერთი საათის განმავლობაში რამდენი სიგნალი მოვიდაო. უპასუხეს – 900-იო. ჩვენ კი ვპასუხობდით, სიგნალები არ მოდისო. ჩემმა უფროსმა რაპორტი მიაწოდა იმ პოლკონიკს, რომელშიც ეწერა, რომ ხაზი გაუმართავი იყო და შეკეთებას საჭიროებდა. აღმოჩნდა, რომ სიგნალები ძალიან ბევრი მოდიოდა, მაგრამ ხაზი იყო დაზიანებული. პოლკოვნიკმა დაგვინდო და ჩვენ წინააღმდეგ საქმე არ აღძრა. პარალელურად, ხარვეზის შემოწმება დაიწყეს და სადღაც მთაზე აღმოაჩინეს, რომ ვიღაცას, თურმე, ცულით გადაუჭრია ხაზი. მის აღდგენას 6 თვე მოუნდნენ. ამასობაში დემობილიზაციამაც მომიწია. ჩემთან მოვიდა ჩემი ხელქვეითი და მითხრა, შენ მიდიხარ და მე აქ უნდა დავრჩე. ამ სიგნალებში არაფერი გამეგება და ნება მომეცი, გადავჭრაო. ჯანდაბას, გადაჭერი-მეთქი. იმანაც გადაჭრა და ის ხაზი ძველ მდგომარეობაში ჩააყენა. საქმე კი ის იყო, რომ კავშირგაბმულობის კვანძში მომუშავეთაგან არავინ გაგებაში არ იყო რა უნდა გაეკეთებინათ“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




