* * * * * *
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 22.01
მას უხაროდეს ახალი წელი,
ვინც კი ცხოვრებით კმაყოფილია,
ვისიც წარსული არ იყო მწველი
და მომავალი ვისიც ტკბილია!
ვინც შარშან გულით ვარდი ატარა
და წელსაც ფიქრობს მომკის იასა;
და თვისი გული მან მით ადარა
სამოთხის კარსა შვებით ღიასა!
ვინც ტრფობის ტახტად შეიმკო გული
და ზედ ხელმწიფედ დასვა იმედი;
და ვისაც ეშხით, ვითა ბულბული,
გაუწყვეტელად უმღერდა ბედი!
მას უხაროდეს!.. თორემ ნაღველი
ვინც შესვა ჩემებრ და სცნო მწარ-ძალა;
მას რაღად უნდა ახალი წელი?
მისთვის ერთია „დღესა“ თუ ხვალა”!
სამივეც ერთად შეზავებული:
წარსული, აწმყო და მომავალი
ვეღარას არგებს! ბნელი უფსკრული
და საფლავია მისი წამალი!
მაშ ნუ მილოცავთ მე ახალსა წელს!
ჩემთვის ერთია „ახალი”, „ძველი”!
თუ შარშან ვსვამდი მწარესა ნაღველს,
ამ სასმელს წელსაც ველი და ველი!
აკაკი წერეთელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




