ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ზესაიდუმლო კომბინაცია

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ზესაიდუმლო კომბინაცია
დაკოპირებულია

ჩემი სპეცისტორია 1955 წელს დაიწყო და ხუთი წლის ასაკიდან საჯაშუშოდ მამზადებდნენ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მამა კორეის ომში დამეღუპა. მფრინავი ყოფილა და ერთ-ერთ ბრძოლაში ის ამერიკელებს ჩამოუგდიათ. მამას კატაპულტირება მოუსწრია და ამერიკელებს ტყვედ აუყვანიათ. შემდგომ უწამებიათ. მოუკლავთ და საბჭოთა მფრინავის ფორმაში გამოწყობილი ქალაქის ცენტრში „გამოუფენიათ“, როგორც ნიმუში იმისა, თუ როგორ დღეში ჩავარდება ნებისმიერი მტერი, ვინც ამერიკელების წინააღმდეგ გაილაშქრებს. ამ ისტორიამ ჩემს შემდგომ აღზრდა-განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა... როგორც მითხრეს, მეორე დღეს ის ქალაქი ამერიკელებისგან გაუწმენდიათ. მამაჩემის ცხედარი კი საბჭოთა კავშირში ჩამოუსვენებიათ და როგორც გმირი, ისე დაუკრძალავთ – დიდი სამხედრო პატივით.

რაც შეეხება დედაჩემს, ის ძალიან კარგად მახსოვს. მეალერსებოდა, მიმღეროდა, ზღაპრებსა და საბავშვო ლექსებს მიკითხავდა და მთელი არსებით მიყვარდა. დილით ბაღში მივყავდი. საღამოს კი მოუთმენლად ველოდი ხოლმე დედის გამოჩენას, რომ სახლში წავსულიყავით. ერთ საღამოს დედის მაგივრად უცხო ქალი მოვიდა. მართალია, მიღიმოდა, თბილადაც მექცეოდა, მაგრამ დედას სულაც არ ჰგავდა. როგორც შემდგომ გონებაში აღვიდგინე და მივხვდი, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა წინასწარ იყო გაფრთხილებული ამ ვიზიტის შესახებ. უცხო ქალმა გამიღიმა და მითხრა:

– გამარჯობა, ჯანიკო. მე ნუნუ დეიდა ვარ და უნდა წაგიყვანო.

– დედიკო სადაა? – ვიკითხე მე.

– დედიკოს არ ეცალა და მე გამომგზავნა შენს წასაყვანად. მაგრამ არ დაღონდე, დედა მალე მოვა და წაგიყვანს.

ამის შემდგომ, კარგა ხნის განმავლობაში ვეკითხებოდი ყველას, როდის მოვა დედიკო და სახლში როდის წამიყვანს-მეთქი.

ნუნუ დეიდამ სახლის მაგივრად სხვაგან წამიყვანა. ეს „სხვაგან“ კი საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ზესაიდუმლო ობიექტი იყო, რომლის არსებობის შესახებ ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე კაცმა თუ იცოდა. საიდუმლო საბუთებში ის ¹9 ობიექტად იყო მოხსენიებული. რეალურად კი, ეს მომავალი ჯაშუშების აღსაზრდელად განკუთვნილი საბავშვო ბაღი იყო. ამ დაწესებულებაში გავატარე ერთი წელიწადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იქ ჩემი მენტალურად გადაწყობის პირველი ეტაპი განხორციელდა. ანუ მზრდიდნენ ამერიკულ ყაიდაზე და მასწავლიდნენ ამერიკულ ინგლისურსა და შესაბამისი ასაკისთვის იმ ქვეყანაში დამკვიდრებულ ყოფა-ცხოვრების წესებს. იქ ჩემთან ერთად იზრდეოდნენ სხვადასხვა რასისა და ეროვნების, ჩემი ასაკის ბავშვები. 5-5 წლის გოგო-ბიჭები. ფერადკანიანები, ჩინელები, იაპონელები, ინდო-პაკისტანელები. სულ – 24 აღსაზრდელი.

საბავშვო ბაღის ტერიტორია ტყიან მასივში იყო განლაგებული. სავარაუდოდ, საიდუმლოდ იყო იზოლირებული და დაცულიც იქნებოდა. ეს იყო უზარმაზარი ტერიტორია, პატარა ამერიკული ქალაქი, სადაც ყველაფერი იქაურ ყაიდაზე იყო მოწყობილი – იქნებოდა ეს სარეკლამო აბრები თუ საახალწლოდ გამოჭიმული სანტა კლაუსი, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა. ახალ წელს გვილოცავდა და ტკბილეულს არიგებდა... დაახლოებით, ასეთი სიტუაცია იყო ამერიკულ კოლეჯშიც. იქ მე და ჩემმა ბაღელებმა 8 წელიწადი ვისწავლეთ და შეიძლება ითქვას, რომ 13 წლისთვის თითოეული ჩვენგანი სრულფასოვანი ამერიკელი მოზარდები ვიყავით. კოლეჯში, რა თქმა უნდა, სუფთა ამერიკული პროგრამით ვსწავლობდით. მაგრამ... იყო ერთი მაგრამ... თითოეულ ჩვენგანს ჰყავდა ინდივიდუალური კურატორი. რა თქმა უნდა, ეს კურატორიც ინგლისურენოვანი იყო, მაგრამ ერთი განსხვავებით, განსხვავება კი ის იყო, რომ ინდივიდუალური კურატორი ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლური სამყაროს სიძულვილს გვიდებდა თავში, სულსა და გულში. ჩემს კურატორს მისტერ ჰიუ ერქვა და ის მასწავლიდა, რომ დასავლეთის სამყარო, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, ყოველმხრივ ჩაგრავდა მშრომელ, პატიოსან ადამიანებს და რომ მე და ჩემნაირებმა უნდა მოვუღოთ ბოლო ამ უბედურებას და რომ ამიტომ გვზრდიან ამერიკულ ყაიდაზე და რომ ეს ყველაფერი შენიღბვისთვისაა საჭირო, რომ ვერ ამოიცნონ ჩვენში მტერი და საჭირო დროს ჩვენ მთავარ მისიას შევასრულებთ და გავათავისუფლებთ სამყაროს ამერიკულ-დასავლური ჭირისგან. ერთი სიტყვით, ჩვენ ამერიკელებად გვზრდიდნენ ამერიკის მოსასპობად... საბუთებით, ამერიკელი ჯონათან ჯონსონი ვიყავი. 1950 წელს დაბადებული. კურატორი კი შემოკლებით ჯონს მეძახდა. ერთ-ერთი ინდივიდუალური მეცადინეობისას ჰიუს ვკითხე:

– მისტერ ჰიუ, ამერიკა როგორ უნდა მოვსპოთ?

– შიგნიდან უნდა ავაფეთქოთ, ჯონ.

– როგორ, იქ უნდა დავიწყოთ ომი?

– რა თქმა უნდა, არა, ჯონ. პირიქით, შენ იქ ისწავლი, იმუშავებ, წარმატებული გახდები და კარიერული წინსვლაც გექნება. ხოლო მოქმედებისთვის გადამწყვეტი დრო რომ დადგება, ამას შეგატყობინებენ.

– ესე იგი, ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გავემგზავრო?

– კი.

– როდის?

– ძალიან მალე.

– მისტერ ჰიუ, შეიძლება, შეგეკითხოთ?

– მკითხე.

– დედაჩემს რა დაემართა?

– დედაშენი, ჯონ, ამერიკელებმა მოკლეს.

– ამერიკელებმა? კი, მაგრამ, როგორ?

– უშუალოდ ამერიკელებს დედაშენისთვის არც დანა დაურტყამთ და არც ტყვია უსვრიათ. მას კიბო დაემართა და გარდაიცვალა. მაგრამ ეს ყოველივე მას იმიტომ შეემთხვა, რაც მამაშენს დამართეს ამერიკელებმა. დედაშენს დარდისა და ნერვიულობისგან კიბო დაემართა და გამოდის, რომ ის ამერიკელების მოკლულია. ისევე, როგორც შენი ნაწამები მამა.

– საზიზღარი ამერიკელები! სიამოვნებით გავწყვეტდი მათ ერთიანად! – ზიზღით აღმომხდა მე.

ჰიუს სახეზე კმაყოფილება შევატყვე. მან ათიანში მოარტყა – მიზანს მიაღწია, ჩემში ამერიკელების უზომო სიძულვილი ჩანერგა. მან მითხრა:

– მართალი ხარ, მაგრამ ეს ყველაფერი შენ გულის სიღრმეში უნდა შეინახო. მარტო შენ იცოდე. ყველა დანარჩენისთვის კი პატიოსანი პატრიოტი ამერიკელი უნდა იყო. გასაგებია, ჯონ?

– დიახ. გასაგებია, მისტერ ჰიუ.

რა ბედი ეწია სინამდვილეში დედაჩემს, კარგა ხნის განმავლობაში არ ვიცოდი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი შეგზავნა შემდეგნაირად მოხდა. იქ, ქალაქ ფილადელფიაში, ცოლ-ქმარი სარა და ბილ ჯონსონები ცხოვრობდნენ. ისინი საბჭოთა დაზვერვის აგენტები იყვნენ თუმცა ამერიკაში დაბადებულები. მათ ჰყავდათ ჩემი ტოლი ბიჭი – ჯონ ჯონსონი, რომელიც სახლში იზოლირებულად იზრდებოდა, მას დედ-მამა ამეცადინებდა. სწორედ მათი ვაჟი უნდა ჩამენაცვლებინა ამერიკაში. ნამდვილი ჯონი კი არალეგალურად მოსკოვში უნდა ჩამოეყვანათ. რამდენიმე წელიწადში კი აგენტი ცოლ-ქმარიც საბჭოთა კავშირში ჩამოვიდოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით კი, ისინი ავიაკატასტროფაში უნდა დაღუპულიყვნენ და მარტო დავრჩენილიყავი... ეს მრავალსვლიანი კომბინაცია წარმატებით განხორციელდა. 15 წლის ვიყავი, რომ ჯონი ჩავანაცვლე და სასწავლებლად ტექნოლოგიურ კოლეჯში მოვეწყვე. 20 წლისას კი „მშობლები“ ავიაკატიასტროფაში „დამეღუპნენ“ და მარტო დავრჩი. იმავე წელს იელისს უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პარალელურად კი, ამერიკული ფეხბურთის საუნივერსიტეტო ნაკრების ვარსკვლავი ვიყავი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პროფესიული კლუბების მენეჯერები მაკითხავდნენ და ფეხბურთელის პროფესიონალურ კარიერასა და ზღაპრულ ჰონორარებს მპირდებოდნენ. მე ამის წინააღმდეგი სულაც არ ვიყავი, მაგრამ, ცენტრიდან კატეგორიულად ამიკრძალეს პროფესიონალი ფეხბურთელობა. მე ისეთი კარიერა უნდა გამეკეთებინა, საიდანაც მოსკოვს საიდუმლო ინფორმაციებს მივაწვდიდი. ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი კი, აბა, რა ინფორმაციის მომწოდებელი ვიქნებოდი? 22 წლისამ უნივერსიტეტი დავამთავრე. ერთი წელიწადი მაღალი ტექნოლოგიების კერძო კომპანიაში ვიმუშავე. 23 წლის რომ ვიყავი, ერთ საღამოს ჩემს ბინაში ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, მამაკაცის ხმამ მითხრა:

– ჯონათან ჯონსონს ველაპარაკები?

– დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით?

– ლეონ პოტერი მქვია. შენთან საქმიანი წინადადება მაქვს, ჯონ და ხვალ შუადღეზე გეცლება, რომ პიცერიაში შევხვდეთ?

– დიახ. ხვალ კვირაა და ვისვენებ, რომელ პიცერიაში მოვიდე?

– პიცერია „რომი“. მეექვსე ავენიუზეა. სუპერმარკეტ „ჯაიანთსის“ გვერდით. იოლი მოსაგნებია. დღეს თორმეტ საათზე გელოდები.

– მოვალ. შეხვედრამდე! – ვუთხარი ლეონ პოტერს და ტელეფონი გავთიშე.

ლეონ პოტერი ორმოციოდე წლის გამხდარი, საშუალო სიმაღლის, კეხიანცხვირიანი მამაკაცი იყო. ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობდა. დროდადრო თვალები აენთებოდა ხოლმე და ეს მას მრისხანე გამომეტყველებას აძლევდა. მეორე მაგიდასთან იჯდა. როგორც კი პიცერიაში შევედი, თვალით მიხმო. მივედი. ხელი ჩამომართვა, დავჯექი და მითხრა:

– შენი საყვარელი პიცა შევუკვეთე და მალე მოიტანენ.

– საყვარელი პიცა?

– ჰო. „კარუზო“ ხომ შენი საყვარელი პიცაა.

– დიახ. მაგრამ, თქვენ რა იცით?

– ამასობაში პიცა „კარუზოც“ მოიტანეს და პოტერმა მითხრა:

– მიირთვი, მიირთვი და მერე ვილაპარაკოთ. მეც ძალიან მიყვარს „კარუზო“.

ჭამას რომ მოვრჩით, პოტერს ვკითხე:

– საიდან იცით ჩემი გემოვნების შესახებ და საერთოდ, ვინ ბრძანდებით?

– მე ბევრი რამ ვიცი შენზე. ვინ ვარ და შენი კურატორი „ცეერუს“ სკოლაში.

გუნებაში გავიფიქრე – დაიწყო-მეთქი. პოტერი, რა თქმა უნდა, ცენტრიდან გამოგზავნილი კაცი არ ყოფილა. მე ეს ზუსტად ვიცოდი. ჩემ შესახებ ამერიკაში მხოლოდ ცოლ-ქმარმა ჯონსონებმა იცოდნენ და ისინიც „ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ“, ანუ, უკვე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ; თავის შვილთან, ნამდვილ ჯონ ჯონსონთან ერთად. ხოლო ლეონ პოტერი კი, სავარაუდოდ, ნამდვილად „ცეერუდან“ იყო. მაგრამ ჩემზე როგორ და რატომ გამოვიდა, ჯერჯერობით არ ვიცოდი.

– მაინც, რა იცით ჩემზე, მისტერ პოტერ და რა გნებავთ ჩემგან“? – ვკითხე პოტერს და დავამატე, – თუმცა, რა გინდათ, ვიცი. ჩემი კურატორი ყოფილხართ „ცეერუს“ სკოლაში, მაგრამ მე არ მეკითხებით, მინდა თუ არა იქ სწავლა?

– სწორედ ამის საკითხავად დაგიბარე აქ და ვფიქრობ, უარს არ იტყვი. თუმცა, ვინ იცის? ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა და იმისთვის, არავინ დაგსჯის, თუკი „ცეერუსთან“ თანამშრომლობაზე უარს იტყვი. ასეთი რამ საბჭოთა კავშირში ხდება.

საბჭოთა კავშირის ხსენებამ ჩემში ანტიამერიკელი მხეცი გააღვიძა და გამახსენდა, რომ ჩემი მშობლების სიკვდილში ამერიკელებს მიუძღოდათ ბრალი. რატომღაც, მინდოდა, პოტერს ვცემოდი და სახე ამეხია. ამის მაგივრად კი გავუღიმე და ვკითხე:

– მე რაში უნდა გამოგადგეთ?

– აი, ეს უკვე საქმიანი სიტყვებია, რაც ნამდვილ ამერიკელს შეეფერება. პირველ რიგში, შენი ნიჭიერებითა და განათლებით დიდი სარგებლის მოტანა შეგიძლია შენი სამშობლოსთვის. მაღალი ტექნოლოგიების ეპოქა მოდის და შენნაირი ხალხი ჰაერივით გვჭირდება – ეს ერთი. შესანიშნავი სპორტსმენი ხარ, ჯანმრთელი კაცი – ეს ორი. ამერიკის ნამდვილი პატრიოტი ხარ – ეს სამი და იდეალური კანდიდატი – „ცეერუს“ სპეცაგენტობაზე. აი, ამიტომ ამოგირჩიეთ შენ, ისევე, როგორც რამდენიმე ათეული შენნაირი ამერიკის მოქალაქე და თუ თანახმა ხარ, მაშინ ხვალ დილით ავტოსადგურზე შვიდ საათზე გელოდები. თუ არა და შენი საქმისა შენ იცი. მაგრამ ერთი თხოვნა იქნება, რომ დაივიწყე ჩვენი საუბრისა და ჩემ შესახებ და მუშაობა ძველ ოფისში გააგრძელე.

– თანახმა ვარ, – უმალვე მივუგე ლეონ პოტერს. გამოვემშვიდობე და სახლში დავბრუნდი.

ჩემს ოთახში, საწერ მაგიდას მივუჯექი და ცენტრში გასაგზავნად დაშიფრული ტექსტი შევადგინე. მასში დაწვრილებით ვწერდი ლეონ პოტერთან შეხვედრისა და საუბრის შინაარსს. იქვე დავსძენდი, დრო და საშუალება არ იყო, რომ თქვენთვის მეკითხა, თანხმობა განმეცხადებინა თუ არა „ცეერუს“ სკოლაში სწავლის თაობაზე და თუ ამიკრძალავთ, მაშინ უარს ვიტყვი და პასუხი დაუყოვნებლივ მაცნობეთ-მეთქი. შემდეგ ეს დაშიფრული კაფსულა ¹1 სამალავში ჩავდე, ტელეფონით ქუჩიდან დავრეკე კურიერთან და ვუთხარი:

– ავიაბილეთების შეკვეთა მინდა ჰავაიზე.

– სხვაგან მოხვდით. ეს დამკრძალავი ბიუროა, – მიპასუხა მამაკაცის ხმამ.

ჩემი ფრაზაც და პასუხიც პაროლი იყო და იმას ნიშნავდა, რომ ¹1 სამალავიდან კაფსულა ამოეღოთ და პასუხი მალევე შეეტყობინებინათ. მე ნამდვილად დამკრძალავ ბიუროში დავრეკე, სადაც კურიერი მუშაობდა. მას მე სახეზე ვიცნობდი. ის კი არ მიცნობდა. კურიერს ეს შიფრი მოსკოვში უნდა გადაეცა, რომლის შინაარსიც თავად არ იცოდა და ვერც გაშიფრავდა. პასუხი მოსკოვიდან კი სხვა კურიერს, სხვა სამალავში უნდა ჩაედო და მე, რა თქმა უნდა, არც ის კურიერი მიცნობდა. ასეთი რთული სისტემა კონსპირაციის მიზნით იყო შემუშავებული და იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე კურიერი „ცეერუსთან“ იყო შეკრული, სხვა კურიერი რომ არ გაეცა. მე კი ფიზიკურად არც არავინ მიცნობდა და ვერც გამცემდნენ. ერთადერთი საშიშროება პასუხის მიღებისას ჩემი გაშიფვრა იყო, თუკი პასუხის მომტანი „ცეერუსთან“ იქნებოდა შეკრული, მაგრამ აქაც დაზღვეული ვიყავი და პასუხს კურიერი ფოსტის ყუთში აგდებდა, რომელსაც ერთჯერადად ვიყენებდით, თან სხვადასხვა ადგილებზე. ამ ფოსტის ყუთებს კედლის მეორე მხარეს ნახვრეტი ჰქონდათ. იქ კი მე ველოდებოდი ჩაგდებულ კონტეინერს და ამ ყუთზე თვალთვალიც რომ ყოფილიყო დაწესებული, მე მაინც ვერავინ გამშიფრავდა. თუმცა, არცერთი კურიერი არ იყო გაფშიფრული და პასუხიც მშვიდობიანად მივიღე, რომელშიც ეწერა – „სწორი გადაწყვეტილებაა. სკოლაში ისწავლე და როგორც კი საშუალება მოგეცემა, შენთვის ნაცნობი არხით მოგვაწოდე და მიიღე ინფორმაციები“.

„ცეერუს“ სკოლაში ორი წელიწადი დავყავი. მასწავლეს ყველაფერი, რაც კი შეიძლება ჯაშუშმა იცოდეს. მე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ყოფნისას შემასწავლეს, ბევრი რამ კი „ცეერუს“ სკოლაში ავითვისე და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ მოვახერხე ცენტრთან დაკავშირება და იქიდან პასუხის მიღება. საერთო სწავლებასთან ერთად, პოტერი ინდივიდუალურ გაკვეთილებს მიტარებდა კონსპირაციასა და სხვა დისციპლინებში. პოლიგრაფის (სიცრუის დეტექტორი) მოტყუებაში კი მას ბადალი არ ჰყავდა. ისე დამაჯერებლად შეეძლო ეთქვა – დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვარ, მერლინ მონრო ან ფეხბურთის მეფე პელეო, რომ პოლიგრაფი სამივე განსხვავებულ პასუხზე იტყოდა – პასუხი სწორიაო.

– ხედავ, ჯონ, როგორ უნდა მოქმედებდეს ჯაშუში? – მეტყოდა პოტერი, პოლიგრაფშოუს შემდეგ.

– როგორ? – კითხვას დავუბრუნებდი გამოცდილ ჯაშუშს, რასაც ის მთელ ლექციას მოაყოლებდა:

– როგორ და წარბშეუხრელად უნდა შეგეძლოს სხვის ტყავში შეძვრომა. და მაშინ პოლიგრაფს კი არა, თვით ეშმაკსაც კი მოატყუებ.

პოლიგრაფის ტრიუკი მე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, სიჭაბუკეში „დამამუღამებინეს“ და ისე ვმანიპულირებდი ამ ხელსაწყოთი, როგორც მინდოდა. რა თქმა უნდა, პოლიგრაფის მოტყუებას „ცეერუში“ პოტერი მასწავლიდა, მე „ნელ-ნელა“ ვიწრთობოდი და ჩემი კურატორი ძალიან კმაყოფილი იყო. ის პულტთან ჯდებოდა და შემეკითხებოდა:

– საბჭოთა კავშირში ხარ ნამყოფი?

– დიახ, – ვუპასუხებდი მე და უმალვე მივიღებდი პასუხს:.

– პასუხი სწორია.

– „კაგებეში“ გიმუშავია?

– დიახ.

– პასუხი სწორია.

– შენი სახელი.

– ივანე.

– პასუხი სწორია და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვით, პოლიგრაფის მოტყუება ორმაგად, ზოგჯერ სამმაგადაც კი მიწევდა და ეს ძალიან ძნელი იყო. საბოლოო ჯამში ჩემი კურატორი ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი წარმატებებით და ხელმძღვანელობას პატაკი დაუწერა, რომ მე მესამე კატეგორიის დავალებების შესასრულებლად მზად ვიყავი და რომ სულ მალე მეორე კატეგორიამდე ავქაჩავდი... სულ ხუთი კატეგორია არსებობდა – მეოთხე, მესამე, მეორე, პირველი და უმაღლესი. უმაღლესი კატეგორიისთვის რომ მიგეღწია, „ცეერუში“, როგორც მინიმუმ, 20-დან 25 წლამდე უშეცდომოდ უნდა გემუშავა. ეს კი ძალიან რთული რამ იყო. „ცეერუს“ განყოფილებების უფროსთაგან უმაღლესი კატეგორია მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა და ისიც საბჭოთა მიმართულების კურატორი იყო. ამ განყოფილების უფროსად მხოლოდ გამოცდილი, ყოველმხრივ შემოწმებული და მცოდნე ადამიანებს ნიშნავდნენ. კანდიდატი უმაღლესი კატეგორიის თუ არ იყო, მას უფროსად არც კი მიასუნინებდნენ. სულ რაღაც 11 წელიწადში მე ამ განყოფილების უფროსობა მერგო წილად. მანამდე კი უმაღლესი კატეგორია მომანიჭეს და ყველაზე მაღალი დონის საიდუმლოებებთან წვდომის უფლებაც მომცეს. ეს 1988 წლის გაზაფხულზე მოხდა და მაშინ. შვებულებაში ვიმყოფებოდი. მაიამიში ვისვენებდი, როდესაც ტელეფონმა დამირეკა და მითხრეს, რომ დირექტორს უნდოდა ჩემთან ლაპარაკი.

– გისმენთ, სერ, – ვუპასუხე დირექტორს.

– ჯონსონ, საღამოს 12 საათზე ჩემს კაბინეტში გელოდებით. იჩქარეთ. ჩემი თვითმფრინავი აეროდრომზე გელოდებათ.

დანიშნულ დროს დირექტორის კაბინეტში ვიჯექი. მან გამიღიმა. ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– გილოცავთ, ჯონსონ, ხვალიდან რუსული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე შეუდგებით მუშაობას.

– სიმართლე გითხრათ, სერ, ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობაა.

– მოულოდნელობებითაა სავსე ცხოვრება, ჯონსონ. თქვენი წინამორბედის შემოწმებას ცალკე ფედერალები, ცალკე კი ჩვენ – სპეცინსპექცია ახორციელებს.

– ნება მიბოძეთ, გავიგო, სერ, თუ რატომ? რა დარღვევები ჰქონდა მას?

– ეს უკვე თქვენი უშუალო მოვალეობაა. რუსულ განყოფილებაში „თხუნელაა“ დაბუდებული და კონტრდაზვერვა ინტენსიურად მუშაობს, ყველასგან დამოუკიდებლად. დღეს დაისვენეთ, ხვალიდან კი მასალების გაცნობას შეუდექით.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი