ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვისთვის იქნება მომავალი 2023 წელი წარმატებული

№51

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.12, 2022 წელი

კურდღლის წელი -2023
დაკოპირებულია

აღმოსავლური ასტროლოგიით, 2023 წლის მმართველი კურდღელი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლური ასტროლოგიის ზოგიერთ მიმდინარეობაში, კურდღლის ნაცვლად კატის სიმბოლოა. ჩინური კალენდრის მიხედვით წყლის შავი კურდღლის წელი 2023 წლის 22 იანვარს 00:45-ზე დადგება. ჩინეთში კატას ენერგიისა და ხანგრძლივი სიცოცხლის, შინაგანი და სულიერი ძალების დამაკავშირებელ სიმბოლოდ მიიჩნევენ. კურდღელი კი მაგიურ ცხოველად ჰყავთ წარმოდგენილი. ის არის ოჯახის, ბავშვებისა და შემოქმედების სიმბოლო. კურდღლის წელს ბედნიერება მოაქვს ცოლქმრულ ცხოვრებაში. კატის წელს უფრო ვიეტნამში აღნიშნავენ და ჩვენთვისაც უფრო შინაურ ცხოველად ითვლება. კურდღელს უყვარს იმ წესების დარღვევა, რაც საზოგადოებაშია მიღებული. სურს, ისე იყოს, როგორც მოეპრიანება. მას თავისი წესები აქვს. კატაც თავის ჭკუაზე მცხოვრები ცხოველია. მას ახასიათებს მაგიურობა, არის ფანტაზიებისა და ძილის მოყვარული. მიჩნეულია ადამიანური დაავადებების განმკურნებლად. ამასთან, ცრურწმენების გამო, შავი ფერის კატას გაურბიან. 2023 წელს დაბადებულ ადამიანს განსაკუთრებულად ექნება განვითარებული ინტუიცია.

2023 წელი მოგვიტანს მშვიდობას და ჰარმონიულობას. ბობოქარი და აქტიური ვეფხვის წლის შემდეგ, სამყარო დაწყნარდება. ადამიანებს მოუნდებათ ფსიქოლოგიური აღდგენა, დასვენება რუტინისგან. გახშირდება ოჯახური და ნათესაური შეკრებები. საუკეთესო წელია ქორწინებისა და შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.

მშვიდი კურდღლის ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. პარტნიორებს შორის მოიმატებს ურთიერთგაგება, რომანტიკა, ჰარმონია ურთიერთობაში. საუკეთესო წელია ქორწინებისთვის. აგრეთვე საოჯახო ბიზნესის დასაწყებად, არსებულის გასაფართოებლად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ის, რასაც შეყვარებული წყვილები ჩაიფიქრებენ, აუსრულდებათ. ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ სირთულეების გადალახვას. მომართული იყავით პოზიტიური ემოციების გამოსავლენად - უმეტესობას მოუნდება იდეალური ოჯახური ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოფენა. მთავარია, გულწრფელი იყოთ საკუთარი თავისა და პარტნიორის მიმართ და შეხმატკბილებულად თანაარსებობდეთ. გაუმჯობესდება ის ურთიერთობებიც კი, სადაც გრძნობები მინავლებული იყო. უფრო მეტიც, მიხვდებით, რა გჭირდებათ ჰარმონიული თანაარსებობისთვის და სასიყვარულო ისტორიის უკეთესად გაგრძელებისთვის.

კურდღლის წელი კომერსანტებს წარმატების მიღწევის უამრავ შანსს გპირდებათ, მთავარია, მხარ-თეძოზე წამოწოლა არ გააგრძელოთ და აქტიურად ჩაერთოთ საქმეებში. იყავით დაკვირვებული, რომ კარგი შანსი არ გაუშვათ ხელიდან. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თქვენს საქმეს სხვა გააკეთებს. მეტი ინიციატივა გამოავლინეთ. საქმიანი ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუ პარტნიორი საიმედო იქნება. ნუ შეგეშინდებათ სარისკო და მასშტაბურ პროექტებთან შეჭიდება, გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სასურველია, ყოველი მომდევნო ნაბიჯი გათვალოთ და საქმეები დეტალურად გააანალიზოთ. მიაქციეთ ყურადღება სფეროებს, როგორიცაა: მოდის ინდუსტრია, საოჯახო ბიზნესი, თანამედროვე ტექნოლოგიები, შემოქმედება. უმჯობესია კოლექტივში, ერთგული პარტნიორის გვერდით მუშაობა, ვიდრე დამოუკიდებლად.

ასე რომ, 2023 წლის სიმბოლო - შავი კურდღელი სიმშვიდესა და სტაბილურობას გვპირდება. ეს წელი თითოეულ ადამიანს გამბედაობასა და სიმამაცეს შესძენს. ასე რომ, სრულიად უსამართლოდაა ეს ნიშანი მიჩნეული მშიშრად. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კურდღელი შესანიშნავი მეოჯახეა. ამიტომაც, 2023 წელს მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას დაუთმოთ, დაგეგმოთ მათთან ერთად მოგზაურობა და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუ გსურთ, წლის სიმბოლო გაახაროთ და მისგან კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, პოზიტიური განწყობა, თბილი ურთიერთობები, სხვების მხარდაჭერა და გამხნევება გაიხადეთ წესად.

2023 წელი ზოგისთვის განსაკუთრებით წარმატებული და დასამახსოვრებელი იქნება, ზოგს კი უფრო მეტი შრომა და თავდადება მოუწევს. ცნობილია, რომ კურდღელი შესანიშნავად მეგობრობს ვირთხებთან, მაიმუნებთან, ძაღლთან და თხასთან. თუმცა, გველთან და მამალთან დაპირისპირება აქვს.

მთლიანობაში, თუ გსურთ რომ ნებისმიერმა საქმემ, იქნება ეს ბიზნესი, ქორწინება, ახალი მეგობრობა თუ სხვა, გრძელვადიანი შედეგი გამოიღოს, ამისთვის 2023 წელი იდეალურია. მთავარი, ამ წელს მონდომება და მეტი აქტიურობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა