ვის ეკრძალება საგვარეულო ძვირფასი ნივთების ყოველდღიურად ტარება
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 31.10
 
    ადამიანი მხოლოდ მაშინ მიმართავს უარყოფითი, დამანგრეველი ენერგიისგან დამცავ საშუალებებს, როდესაც სასოწარკვეთილებაში ვარდება და გამოსავალს ვერ პოულობს. არადა, თილისმის ტარება ყოველთვის საჭირო და აუცილებელია, რადგან ამით ადამიანი უფრო დაცული და ჯანმრთელია. შესაბამისად, წარმატებებსაც ადვილად აღწევს და პირადი ცხოვრებაც დაწყობილ-დალაგებული, მშვიდი და ჰარმონიული აქვს. მოკლედ, თილისმები მხოლოდ სასოწარკვეთილმა ადამიანმა კი არ უნდა ატაროს, არამედ იმანაც, ვისაც მშვიდი და წარმატებული ცხოვრება აქვს და ბედსაც არ უჩივის, რადგან ეს საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად უტყუარი საშუალებაა.
ოქროსა და ვერცხლის ლითონისგან დამზადებულ სამკაულებს უარყოფითი ენერგიებისგან დაცვის უნიკალური თვისებები აქვთ. ეს თვისება უბრალო რკინის სამკაულსაც აქვს. თუმცა ყველასთვის არ იძლევა დადებით ეფექტს. მაგალითად, რბილი ხასიათის, თავმდაბალმა, გაუბედავმა და მორიდებულმა ადამიანმა თილისმის სახით აუცილებლად უნდა ატაროს რკინის სამკაულები, რომ პირად და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიოს. უნებისყოფო და ფეთქებადი სახიათის ადამიანს ვერცხლის თილისმად ტარება დაეხმარება ენერგიის კონცენტრირებაში. ყველაზე კარგი დამცველი თილისმა, ოქრო კი არა, სწორედ ვერცხლისგან მზადდება. ის ნებისმიერ სიტუაციაში მოგეხმარებათ, გაგრძნობინებთ რომელი ადამიანი მოქმედებს თქვენზე უარყოფითად და მასთან კონტაქტს გარიდებთ. ასევე, გაძლევთ სიგნალს შინაგანი ფორიაქის სახით, როდის უნდა შეიკავოთ თავი კონფლიქტისგან, აარიდოთ თავი არასასურველ შეხვედრას და ასე შემდეგ. ვერცხლის სამკაულის თილისმად ტარება სურვილებისა და ოცნებების ახდენაში ეხმარება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ვერცხლის სამკაულის ტარებისას ბევრს ეხსნება მესამე თვალი და შეუძლია, წინასწარმეტყველება. ეს ლითონი ადამიანში ზებუნებრივ ძალას ავითარებს.
არ ვარგა საგვარეულო ძვირფასი ნივთის ყოველდღიურად ტარება. თუ საგვარეულო ძვირფას სამკაულს ატარებს გასათხოვარი გოგონა, დიდი შანსია, ბედს ვერ ეწიოს. გათხოვილმაც კი იშვიათად უნდა ატაროს და არა ყოველდღიურად. ასევე, აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვის ნაქონ სამკაულს ატარებთ. ზოგადად, არ არის სასურველი გარდაცვლილი ადამიანის სამკაულები ატაროთ, რადგან ადამიანის ენერგია ლითონზე ადვილად გადადის და საშიშია მისი დანატოვარისთვის. თუ გარდაცვლილის პატივსაცემად ძალიან გსურთ მათი ტარება, მაშინ არ გაიკეთოთ ორშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში კი შეგიძლიათ, ატაროთ. ზოგადად, კარგია, თუ სამკაულს თქვენს სახელზე გააკეთებინებთ და თილისმის სახით ატარებთ. ეს ყველაზე კარგი თავდაცვითი საშუალებაა და მას ბედნიერება მოაქვს. მისი ძალა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, ჯადოს ენერგიაც კი გაანეიტრალოს. დროდადრო მარილში ჩადეთ და ასეთი სახით გაწმენდთ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.
ოჯახში ჰარმონიული თანაცხოვრებისა და ურთიერთობისთვის კი შეიძინეთ ლითონის ნივთები, დააწყვეთ ისინი სახლში და მიაქციეთ ყურადღება, ფერს ხომ არ იცვლის. თუ სახლში დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი, დიდი შანსია, ლითონის ნივთებმა ფერი იცვალოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    



