სამყაროს რომელი კანონით აიხსნება განსაცდელი, რომელსაც ის მომავლის განსაჭვრეტად გვიგზავნის და როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00
 
    ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: ყველაფერი, რაც ცხოვრებაში შეგემთხვევა, მომავალში უკეთესობის საწინდარიაო. ყოველი ასეთი მოვლენა სამყაროს გზავნილია და თუ ამ გაკვეთილებიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ის თქვენი წარმატების საფუძველი გახდება - ნებისმიერი მწუხარება და ტანჯვა შეიძლება, პირველი ნაბიჯი იყოს სიტუაციის გამოსასწორებლად. თუ, რას განიშნებთ სამყარო მწარე გამოცდილებით თქვენსავე მომავალზე და როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციებში, გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ასმათ ზ.
- ეს სამყაროს კანონია და რაც არ უნდა გამოუსწორებელი რამ შეგემთხვათ ცხოვრებაში, მომავალში ის უკეთესობის საფუძვლად იქცევა. მომხდარისგან კარგია ის თუ ცუდი, დასკვნა მხოლოდ სიტუაციის სასარგებლოდ უნდა გამოიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ინციდენტში შეიძლება სახარბიელო არაფერი ჩანს, დროთა განმავლობაში, სწორედ ის აღმოჩნდება გონივრული, ჭკუის სასწავლებელი და სამართლიანი გზა, რაც მხოლოდ ფსკერამდე დაშვების შემდეგაა შესაძლებელი. ადამიანის ცხოვრება შავი-თეთრ სარტყელთა სერიაა, სადაც იღბალი უბედურებასაა გადაჯაჭვული, თუმცა სტაბილური, სპირალური აღმასვლით უკეთესი ცხოვრებისკენ მიიწევს.
- როგორ უნდა მივიჩნიოთ უბედურება სიკეთის მომტან მინიშნებად?
- მეტი თვალსაჩინოებისთვის ერთ იგავს გავიხსენებ. ერთ მეფეს ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, რომელიც, რაც არ უნდა შემთხვეოდა - კარგი იქნებოდა ის თუ ცუდი, ყოველთვის ამბობდა: ეს კარგიაო. ერთხელაც, სამეფო ნადირობისთვის აღჭურვილობას რომ ამზადებდა, მეფემ შესამოწმებლად თოფი გაისროლა, რამაც მისი თითი შეიწირა. ამ დროს მისმა მეგობარმა, ჩვეულებისამებრ, თქვა: ეს კარგიაო. მეფე გაბრაზდა და ბავშვობის მეგობარი დილეგში ჩააგდო. გავიდა ერთი წელი. მეფე ისევ სანადიროდ წავიდა. ტყეში კანიბალთა ტომი დაესხათ თავს და მეფე თავის ამალასთან ერთად შეიპყრეს. როცა კოცონზე შესაწვავად ამზადებდნენ, შენიშნეს, რომ მეფეს თითი აკლდა. ცრურწმენის თანახმად, ვისაც ფიზიკური ნაკლი ჰქონდა ველურები არ ჭამდნენ. ამიტომ მეფე გაუშვეს. სასახლეში დაბრუნებისთანავე მეფემ დატყვევებული მეგობარი მოინახულა და უთხრა: მართალი იყავი, კარგი იყო, თითი რომ დავკარგეო და ყველაფერი უამბო. თან, პატიებაც სთხოვა მეგობარმა კი უპასუხა: რას ამბობ, ციხეში რომ არ ჩაგესვი, სხვებთან ერთად მეც კოცონზე დავიწვებოდი, ახლა კი ორივე ცოცხლები ვართ და ეს კარგიაო! მორალი: ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენაში დადებითი აზრი უნდა დაინახო, გაიგო, რა, როგორ უნდა მომხდარიყო, რომ შესაბამისი გამოცდილება მიგეღო. რა მოხდება, წინასწარ არავინ იცის, ამიტომ შეიძლება ნაჩქარევად არასწორი დასკვნა გამოიტანოთ და თქვენდა საზიანო გადაწყვეტილება მიიღოთ. მხოლოდ ღმერთმა, სამყარომ, მფარველმა ანგელოზმა იცის ერთადერთი სწორი და მარტივი გზა. ამიტომ, უნდა ენდოთ ინტუიციას, დაუკავშირდეთ უმაღლეს ძალებს ქვეცნობიერის, ღვთაებრივი სულის მეშვეობით.
- გამოდის, ყოველ ცუდ ამბავს თავისი დადებითი მხარე აქვს?
- გადახედეთ წარსულს და შეეცადეთ შეაფასოთ, რა გზა გაიარეთ აქამდე. თუ ფიქრობთ, რომ სტაგნაციაში ხართ ან უკან იხევთ, გაიხსენეთ, ვინ იყავით ხუთი ან ათი წლის წინ. გაიხსენეთ თქვენი ქმედებები, მიღებული გადაწყვეტილებები, რეაქციები, განზრახვები, დამოკიდებულება გარშემო მყოფების, მოვლენებისა თუ საკუთარი თავის მიმართ. უკან მოხედვისას მიხვდებით, რომ დარჩე იგივე, შეუძლებელია. ცვლილება გარდაუვალია. დროთა განმავლობაში, აცნობიერებთ, როგორ შეიცვალეთ და სრულიად სხვა ადამიანი გახდით. ამიტომ, უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, კარგი და სწორია. ადამიანი ყველაზე უკეთ ამჩნევს ცვლილებებს, როცა ხვდება ნაცნობებს წარსულიდან ან, მიზეზთა გამო, წარსულ საქმიანობას უბრუნდება. მიხვდებით, რომ მკვეთრად შეიცვალეთ და ამ ადამიანებთან ისე ვეღარ ურთიერთობთ, როგორც - ადრე. ვერც იმ საქმეს უდებთ გულს, ოდესღაც ბუნებრივად რომ გეჩვენებოდათ. მცდარია, როცა ადამიანი ამ ცვლილებას სიბერეს აბრალებს. მიზეზი სულ სხვა რამაა: ძველ საქმეს იმიტომ ვერ უდებთ გულს, რომ წინ წახვედით, გადააჭარბეთ იმას, რაც ადრე იყავით - ახალ, უფრო მაღალ დონეს მიაღწიეთ ან აპირებთ მიღწევას. თუ საკუთარ თავს შემოუძახებთ, რომ ყველაფერი კარგადაა, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ხართ. ამ დროს ყველა წვრილმანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითქოს ჩვეულებრივად ცხოვრობთ, მაგრამ სავსე ხართ ბედნიერებით, სიხარულით, ჰარმონიითა და სრულყოფილების შეგრძნებით. მაშინაც კი, თუ ყოველთვის საუკეთესო ვერ აირჩიეთ, მაგრამ არა უშავს. თქვენ მაინც წინ მიიწევთ, გადალახეთ დაბრკოლებები და ტრავმები, გაიკვლიეთ გზა ცხოვრებისეულ ლაბირინთებში, შეცდომების მაგალითზე შეიძინეთ გამოცდილება. მართალია, ეს გზა უფრო გრძელი, ეკლიანი და რთულია, მაგრამ მიღებულ გაკვეთილებს გაცილებით ადვილად ითვისებდით. მოგეცათ შანსი, ხელახლა დაკავშირებოდით პოზიტიურ გამოცდილებას. გაიხსენეთ, სამყაროს მინიშნებები რა ფორმით აღწევდა თქვენამდე? რისკენ გიბიძგებდათ, რისგან გიცავდათ? შესაძლოა, ვერც გააცნობიერეთ, რომ მოვლენები, რაც მაშინ ხდებოდა, მინიშნება იყო. ამიტომ თქვით: ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, მიუთითებს, რომ სწორ გზას ადგახართ. ადამიანს ცხოვრებაში სჭირდება დაცემაც, რათა გააცნობიეროს, რაც არ უნდა ღრმად დაეშვას ფსკერზე, მაინც ყოველთვის დაუბრუნდება სინათლეს. გახსოვდეთ, რომ სიბნელე დროებითია - უბრალოდ, დაელოდეთ და სინათლე აუცილებლად დაბრუნდება. ეს გათენებას ჰგავს - ის ყოველთვის მოდის. შემთხვევით არაფერი ხდება. შეიყვარეთ და ენდეთ საკუთარ თავს. მიიღეთ თქვენში მიმდინარე ცვლილებები და ნუ შეედრებით სხვებს. აღიარეთ საკუთარი უნიკალურობა და ეს მოგცემთ შესაძლებლობას, გაცნობიერებულად მართოთ თქვენი ცხოვრება - სამყაროს სიყვარული, სიხარული და კეთილდღეობა თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. აღარ დაგჭირდებათ სხვისი მეთვალყურეობა, რადგან არავინ იცის თქვენი სავალი გზა თქვენს სულზე უკეთ. მხოლოდ თქვენ გაქვთ შეუზღუდავი შესაძლებლობები და ეს მშვენიერია, რადგან ის სინათლისკენ მიდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    



