ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სად ქრება საყვარელი, საჭირო ან პირადი ნივთები, როცა სულ ახლახან ხელში გეჭირათ და რა მაგიური პროგრამა მოქმედებს ამ დროს თქვენზე

№28

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 25.07

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ნივთები იკარგება? - ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენზე მაგიური ზემოქმედება ხდება. ნივთები რომ უეცრად იკარგება, ყოველთვის ყურადღების გაფანტვის ბრალი როდია, ხშირად ეს თქვენზე ჯადოსნური პროგრამის ამოქმედების პირველი სიგნალია. აქედან გამომდინარე, უნდა იცოდეთ, რის დანაკარგია საშიში, რა შეიძლება წააგოთ მისი მეშვეობით და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ გახდეთ სხვისი მაგიური ზემოქმედების მსხვერპლი. ამ თემებზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი მერაბ კ.

- ყველას ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როცა საყვარელი საყურე, ან გასაღები, საფულე, ფოტოები, დოკუმენტები თუ სამკაულები, უბრალოდ, ქრება, თუმცა ხუთი წუთის წინ ხელში გეჭირათ. თითქოს ეს წვრილმანია, მაგრამ მსგავსი დანაკარგები თუ მეორდება და მასთან ერთად, პრობლემებიც იზრდება, ფრთხილად უნდა იყოთ. მაგალითად, თუ მუდმივად კარგავთ პირად ნივთებს: გასაღებს, სამკაულებს ან ფულს, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ვიღაც თქვენი დაცვის ან ენერგეტიკული ველის შესუსტებას ცდილობს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ეს გარკვეულ დღეებში ან კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციის შემდეგ ხდება.

- როგორ მოქმედებს მაგია დაკარგული ნივთების მეშვეობით?

- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ რეგულარული გამოყენების პირადი ნივთი დაიკარგა, როგორიცაა, საცვლები. პირადი ნივთის, განსაკუთრებით კი ბიომასალის მეშვეობით, რაც თითქმის პირდაპირ კონტაქტს ნიშნავს, გამანადგურებელი მაგიური შეტევა ხორციელდება თქვენზე. არსებობს ასევე, სპეციალური რიტუალები, რომლის ზემოქმედებითაც თქვენ კარგავთ გარკვეულ ნივთებს. მათთან ერთად კი, ქრება იღბალიც, კეთილდღეობაც, ჯანმრთელობაც, ურთიერთობებიც, ენერგიაც. მაგალითად, ვთქვათ, დაკარგეთ: საფულე და მაშინვე დაიწყო ფულთან დაკავშირებული პრობლემები; გაქრა სამკაულები და მასთან ერთად - ცხოვრებისადმი ინტერესიც; გასაღების გაუჩინარებას კი, უსაფრთხოების ან სახლთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვა. სინამდვილეში, ეს „დაკარგული“ ნივთები არსადაც არ იკარგება - იცვლება, მიაქვთ ან გამოიყენება თქვენ საწინააღმდეგო რიტუალებში. ვიღაცამ „შემთხვევით“ გაიყოლა თქვენი ნივთი და მის ადგილას გაჩნდა რაღაც წვრილმანი, უცნაური საგანი ან საჩუქარი - სწორედ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გამანადგურებელი არხი - სპეციალური მაგიური სამუშაო, რომელიც მსხვერპლს მარადიულ დანაკარგს უმზადებს: ადამიანი მხოლოდ ნივთებს კი არ კარგვას, არამედ ყველაფერში ხელი ეცარება - კარგავს შესაძლებლობებს, წყვეტს კავშირებს, დავიწყებას ეძლევა დაპირებები...

- მაინც რა დანაკარგები მიუთითებს მაგიურ ზეგავლენაზე?

- ჩამონათვალი ასეთია: როცა მხოლოდ თქვენთვის ღირებული ნივთები ქრება - საყვარელი სამკაულები, დოკუმენტები, ფოტოები, საფულეები, გასაღებები; როცა დანაკარგი მოჰყვება კონფლიქტებს, არაკეთილმოსურნეთა ვიზიტებს, საეჭვო საჩუქრებს, ან პირიქით - შეყვარებულთან სასიამოვნო საუბარს; როცა დანაკარგის აღმოჩენის შემდეგ თქვენი განწყობა მკვეთრად უარესდება, იწყება შფოთვა, ცხოვრებაში დგება უიღბლობის „ბნელი სარტყელი“, ხშირია ჩხუბი, ფულის გადინება, ზიანდება ტექნიკა; ასევე, როცა ნივთები „ტალღისებურად“ ქრება: თითქოს ყველაფერი კარგადაა, მოკლე დროში კი, ზედიზედ რამდენიმე ნივთს კარგავთ; ანდა, როცა ნივთების დაკარგვის შემდეგ ამჩნევთ, რომ თქვენი წრიდან ვიღაცას მოულოდნელად, ბედი გაეხსნა: იზრდება მისი შემოსავალი, იღბლიანობა, წარმატებები; როცა ქრება თქვენს ძალასთან დაკავშირებული ნივთები, თილისმები, იღბალმა ზურგი გაქციათ; დაბოლოს, გეუფლებათ განცდა, რომ ცხოვრების ნაწილი „მოგაგლიჯეს“ და თითქოს ვიღაც ნაწილ-ნაწილ გპარავთ ბედს.

- რა ნივთები ექვემდებარება ყველაზე ხშირად მაგიას?

- საფულე, საბანკო ბარათები, ფული - ამ ნივთების საშუალებით „მოქმედებს“ ფინანსების დაბლოკვის ან თქვენი იღბლის გადაქაჩვის მაგიური არხი; გასაღებების გამოყენებით ხდება გზების დაბლოკვა, კონტროლის დაკარგვა, პირად სივრცეში ჩარევა; სამკაულების, ძეწკვების, სამაჯურების გამოყენებით ხდება სილამაზის, ჯანმრთელობის, ქარიზმის ქურდობა; დოკუმენტების „მიხედვით“ გიცვლიან ცხოვრებისეულ სცენარს, ერევიან თქვენს ბედში; ფოტოები, წერილები, დღიურები - მათ მიხედვით დგება პიროვნების შეცვლის, დაავადებების ან პრობლემების გადაცემის პროგრამები; ტანსაცმლის, ფეხსაცმლის საშუალებით გადმოცემული ჯადო კი წარუმატებლობას, მარტოობასა და განვითარების შეფერხებას იწვევს.

- რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს?

- გაიხსენეთ, როდის დაიწყო ნივთების დაკარგვა, რა ხდებოდა იმ დროს თქვენს ცხოვრებაში, ვინ ტრიალებდა თქვენ სიახლოვეს, ვინმე ახალი ხომ არ გამოჩნდა ნაცნობებს, სტუმრებს შორის, რა საჩუქრები მიიღეთ. შეამოწმეთ სახლი, სამუშაო ადგილი და სხვების ნივთებიც, რათა „შემთხვევით“ რაიმე უცნაური არ აღმოჩნდეს იქ. მიმართეთ სპეციალისტს, რადგან მხოლოდ ის დაინახავს, „ჩართულია“ თუ არა თქვენ მიმართ „დანაკარგების პროგრამა“, ჯადო და მსგავსი უწმინდურობანი. გადახედეთ თქვენს გარემოს: ნუ ენდობით მათ, ვინც ზედმეტს ლაპარაკობს, შურიანია, მუდმივად აინტერესებს თქვენი შენაძენები თუ წარმატებები.

გახსოვდეთ, დანაკარგები ყოველთვის არ არის უვნებელი დაბნეულობის ან მხოლოდ „დამთხვევის“ შედეგი. ზოგჯერ ბედისწერა ამით კონკრეტულ სიგნალს გაძლევთ. ნუ უგულებელყოფთ ამ მინიშნებებს - ყოველი დაკარგული ნივთი შეიძლება დიდი იღბლის პატარა ნაწილია, რომელსაც თქვენს არაკეთილმოსურნეს აძლევთ. ისწავლეთ ამ გაფრთხილებათა წაკითხვა, დაიცავით პირადი სივრცე და სხვის შურს ნუ მისცემთ უფლებას, მთელი თქვენი ცხოვრება „უიღბლობის სარტყლად“ აქციოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა