ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელია ყველაზე დადებითი ვიბრაციის სიტყვები, რომელთა ზეგავლენას შეუძლია ადამიანის ბედი სასიკეთოდ შეცვალოს და რა სიგნალს უგზავნით თქვენს ქვეცნობიერს მადლიერების გამოხატვით

№36

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.09

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სიტყვას რომ უდიდესი ძალა და გავლენა აქვს, ეს სადავო არავისთვისაა, მაგრამ რას ნიშნავს ეს მისი მთქმელისთვის, თავად სიტყვის შინაარსი განსაზღვრავს. დადებითი აურის (ვიბრაციის) სიტყვების ხშირი გამოყენება წარმოუდგენელ შედეგს გპირდებათ: თქვენი ცხოვრება ჰარმონიული გახდება და ბედიც ხშირად გაგიღიმებთ. თუ რომელია ეს ჯადოსნური სიტყვები და რა კონტექსტში უნდა გამოიყენოთ, რომ კეთილდღეობა არ მოგაკლდეთ, შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, რუსუდან წ-ის ინტერვიუდან.

- სითბოთი და სიხარულით სავსე პოზიტიური სიტყვები ჩვენ გარშემო დადებით ატმოსფეროს ქმნის. თუ კარგ რამეზე საუბრობთ, ტვინიც სამყაროს აღქმას ამ პოზიტიურ პრიზმაში იწყებს. მაგრამ, მუდმივი ჩივილი და ნეგატიური განცხადებები საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს - ტვინს პრობლემების საძებნად აპროგრამებს, ამ დროს კი შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს. ნეგატიური სიტყვები ენერგიას ამცირებს, განწყობას აუარესებს და შეიძლება ჯანმრთელობაზეც კი მოახდინოს გავლენა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტის მიხედვით, შეისწავლეს სიტყვებისა და ემოციების ზეგავლენა წყლის სტრუქტურაზე. დადებითი სიტყვების: სიყვარულის, სიხარულის, მადლიერების და ასევე, უარყოფითი: სიძულვილის, ბრაზის, სისულელის წარმოთქმის შემდეგ წყალი გაყინეს და კრისტალები მიკროსკოპით შეისწავლეს. შედეგები გასაოცარი იყო: დადებითი სიტყვების ზემოქმედებას წყალი ლამაზი, სიმეტრიული კრისტალებით გამოხატავდა, უარყოფითზე კი - ქაოტური, მახინჯი ფორმებით რეაგირებდა. თუ სიტყვებს წყლის სტრუქტურის შეცვლა შეუძლია, წარმოიდგინეთ, რა გავლენას ახდენს ის ჩვენზე - ბოლოს და ბოლოს, ადამიანის სხეულის დაახლოებით 60-70%-იც ხომ წყალია! უდავოა ისიც, რომ პოზიტიური დამოკიდებულება და წამახალისებელი სიტყვები პირდაპირ კავშირშია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. დადებითად დამუხტული სიტყვების რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ადამიანის კოგნიტურ (შემეცნებით) აღქმას და ხელს უწყობს სტაბილური სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას. ეს ნიშნავს, რომ სიტყვები არა მხოლოდ გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე, არამედ სხვებთან ურთიერთობების დამყარებაშიც გვეხმარება.

- რომელია ის, იღბლისა და კეთილდღეობის მომტანი 10 სიტყვა?

- თუ გსურთ, ცხოვრებაში იღბალი და ჰარმონია მოიზიდოთ, დაიწყეთ ძლიერი დადებითი მუხტის მქონე სიტყვების შეგნებულად გამოყენება. ასეთია 10 სიტყვა: 1. მადლიერება - როცა ყოველი სიკეთისთვის მადლიერებას გამოხატავთ, ამით თქვენს ქვეცნობიერს უგზავნით სიგნალს, რომ ღია ხართ ახალი შესაძლებლობებისთვის, რაც შინაგან კეთილგანწყობას გიქმნით. მაგალითად: „მადლობელი ვარ ამ დღისთვის, საყვარელი ადამიანების ღიმილისა და ახალი შესაძლებლობებისთვის“... „მადლობა ყოველი, თუნდაც რთული გაკვეთილისთვის;“ 2. სიყვარული - უმაღლესი ვიბრაციის სიტყვაა: გამოხატეთ სიყვარული საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანების ან გარშემო არსებული სამყაროს მიმართ - და ეს ენერგია თქვენვე დაგიბრუნდებათ. მაგალითად: „ჩემი ცხოვრება სავსეა სიყვარულით, რომელსაც ვუზიარებ ყველას, ვისაც კი ვხვდები“... „სიყვარული მალამოდ ედება ჩემს გულს და სამყაროს უფრო კაშკაშას ხდის“; 3. სიხარული - სიცოცხლის ენერგიის წყაროა და წარმოთქმისას აძლიერებს თქვენს უნარს, ბედნიერების მომენტები წვრილმანებშიც კი დაინახოთ. მაგალითად: „სიხარულია ყოველ წამში, მზის სხივში, დილის ყავასა თუ ბავშვის სიცილში“... „სიხარულს ვინარჩუნებ მაშინაც კი, თუ გარშემო ყველაფერი რთულადაა“; 4. იღბალი - მიიჩნიეთ თქვენს მუდმივ თანამგზავრად; გაიმეორეთ ხშირად ეს სიტყვა და თქვენ შესაძლებლობებს შეამჩნევთ იქაც, სადაც ადრე დაბრკოლებებს აწყდებოდით. მაგალითად: „იღბალი სულ ჩემთანაა, მე მას მაგნიტივით ვიზიდავ“... „იღბალი დღეს ჩემს მხარესაა და მზად ვარ, მივიღო“; 5. ბედნიერება - მისი შეხსენებით საკუთარ ქვეცნობიერს სიხარულისა და კმაყოფილების საძიებლად აპროგრამებთ. მაგალითად: „ბედნიერება ჩემი არჩევანია და ყოველდღე ვპოულობ კიდეც“... „მიუხედავად გარემოებისა, აქ და ახლა ვარ ბედნიერი“; 6. ფუფუნება, კეთილდღეობა - ერთი მნიშვნელობის სიტყვაა და წარმატებასა და სიუხვესთან ასოცირდება, მისი წარმოთქმა ცხოვრების ყველა სფეროში გეხმარებათ. მაგალითად: „ჩემი ცხოვრება იფურჩქნება და მეც მზად ვარ განცხრომისთვის“... „კეთილდღეობა ჩემთან მარტივად და ბუნებრივად მოდის“; 7. ჯანმრთელობა - ცხოვრების საფუძველია და მასზე მადლიერებითა და თავდაჯერებით საუბარი თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას აძლიერებს. მაგალითად: „მადლობელი ვარ ჯანმრთელობისთვის, ყოველდღე ვძლიერდები“... „ჩემი სხეული ძალითა და ენერგიითაა სავსე“; 8. მშვიდობა - როცა შინაგანი სიმშვიდე გარშემოც სიმშვიდეს ქმნის, შესაბამისად, გამოიყენეთ ეს სიტყვა შინაგანი მდგომარეობისა და სხვებთან ურთიერთობების ჰარმონიზებისთვის. მაგალითად: „სულიერი სიმშვიდე ირგვლივაც ჰარმონიას მიქმნის “... „კონფლიქტებსა და დაძაბულობას სიმშვიდეს ვარჩევ“; 9. რწმენა - საკუთარი თავისა და უკეთესი მომავლისა, გაძლევთ ძალას, რთულ მომენტებშიც კი წინ წაიწიოთ. მაგალითად: „მჯერა საკუთარი თავის, ძალისა და უკეთესი მომავლის“... „რწმენა მიმიყვანს წარმატებამდე მაშინაც კი, თუ იქამდე მისასვლელი გზა რთულია“; 10. წარმატება - იწყება მასზე ფიქრით: წარმოთქვით ეს სიტყვა თავდაჯერებით და ის რეალობად იქცევა. მაგალითად: „მჯერა, რომ ჩემი გზა წარმატებულია და მისკენ სიხარულით მივდივარ“... „ჩემთვის წარმატება მარტივად მისაღწევი სიამოვნებაა“.

- რატომ მუშაობს ეს მეთოდი?

- დადებითი აურის (ვიბრაციის) სიტყვების გამოყენებისას საკუთარ ქვეცნობიერს აპროგრამებთ, მოძებნოს შესაძლებლობები მათ განსახორციელებლად. ტვინი კი ისეა მოწყობილი, რომ ცდილობს დაადასტუროს თქვენი გზავნილი. ბედნიერებაზე, წარმატებასა და იღბალზე ხშირი საუბრისას, ტვინი ეძებს მტკიცებულებებს, რათა დაგარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი უკვე არის თქვენს ცხოვრებაში. ჩართეთ ეს სიტყვები ყოველდღიურ მეტყველებაში - შეგიძლიათ, დილით, სარკის წინ გაიმეოროთ, ან მეგობრებსა და კოლეგებთან საუბარში გამოიყენოთ. დროთა განმავლობაში, ცვლილებებსაც შეამჩნევთ: თქვენი ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდება და იღბალიც ხშირად გაგიღიმებთ. გახსოვდეთ: სამყარო თქვენი აზრებისა და სიტყვების ანარეკლია. შეავსეთ ის მსუბუქი ვიბრაციებით (აურით) და ისიც იგივენაირად გიპასუხებთ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა