ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელ მცენარეს მიაწერენ ნებისმიერი საკეტის გაღების ჯადოსნურ ძალას

№3

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

რატომ ვეძებთ დღესაც კი, თანამედროვე ადამიანები, უნებლიეთ, ოთხფოთლიან სამყურას, ანდა - ბოროტი თვალისგან თავდასაცავად ხეზე ვაკაკუნებთ? პასუხი საუკუნეების მიღმა უნდა ვეძებოთ, როცა ადამიანმა ბუნების საიდუმლოებზე წვდომა მოახერხა და ამ მაგიის საშუალებით, თვითგადარჩენაც შეძლო. თუ რა მაგიურ გამოცდილებაზეა საუბარი და როგორ მოქმედებს დღემდე მოღწეული ეს ხალხური მინიშნებები ჩვენზე: რას გვატყობინებს, ან რისგან შეუძლია დაგვიცვას, ერთი შეხედვით, უწყინარმა ბალახმა, - ამ ყველაფერის შესახებ გვიამბობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მერი ლ.

- იმ დროში, როცა ადამიანის სიცოცხლე განუყოფლად იყო დაკავშირებული ბუნებასთან, მისი საიდუმლოებების ცოდნა გადარჩენის საკითხი გახლდათ. ეს კარგად ჩანს ჩვენი წინაპრების ფოლკლორიდანაც. მითები და ზღაპრები სავსეა ისტორიებით, რომლებშიც ბალახეული მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, აბზინდა ხშირად ფიგურირებდა ზღაპრებსა და ლეგენდებში. ამ მწარე, შხამიანი გემოს მცენარეს სწორედ უბედურების სიმწარესთან გამკლავებისა და ბოროტი სულების განდევნისთვის იყენებდნენ. ხოლო, ჯაგების ეკალი, რომელიც ისედაც ჰგავს იარაღს, ბოროტი სულების დასაფრთხობ თილისმად იქცა.

- რას ჰყვება ამაზე ლეგენდა?

- არაერთ ლეგენდაში გვხვდება ტყეში დაკარგული მგზავრი, რომელსაც თავგზა ტყის სულებმა აურიეს და უსიერ უღრანში შეიტყუეს. თუმცა, საკმარისი იყო, დაკარგულს აბზინდა ეპოვა, მისი მწარე არომატი შეესუნთქა, მცენარის ღეროს შეხებოდა, რომ ჯადო უკვალოდ ქრებოდა და მგზავრი სახლისკენ მიმავალ გზასაც მალევე აგნებდა. ასევე, იმასაც ამბობდნენ, ამ ჯადოსნურ ბალახს ნებისმიერი საკეტის გატეხვა და კარის გაღება შეუძლიაო. მკითხავებისთვის ის ფასდაუდებელი მცენარე იყო, რომელსაც სპეციალური, ფრინველებსა თუ მწერებზე დაკვირვების შედეგად შემუშავებული რიტუალების საშუალებით ეძებდნენ. მძლეველი ბალახეულის მითი, რომელსაც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა და მტრის დამარცხება შეეძლო, იმდენად პოპულარული გახლდათ, მის სიმბოლოებს ავგაროზებსა და ჭურჭელზე იმ რწმენით ტვიფრავდნენ, რომ პატრონი ხანგრძლივი მოგზაურობისას ბოროტი სულისგან დაეცვა. ეს უძველესი ლეგენდები ხალხს ღრმა რწმენას უსახავდა, რომ ბუნება ხელთ ამ ინსტრუმენტებს იმისთვის აძლევდა, ცხოვრებაში ნებისმიერი სირთულე დაეძლია! გავრცელებული შეხედულების თანახმად, კარზე ჩამოკიდებული აბზინდის კონა არა მხოლოდ ბოროტ სულებს აფრთხობს, არამედ ბოროტ ადამიანებსაც აიძულებს, თქვენს სახლს ახლოს არ გაეკარონ.

- დაე, ასე იყოს და ყველაფერი გაცხადდეს!

- ამისთვის კი, ცოტა თქვენც უნდა გაისარჯოთ. უპირველესად, სახლში შესასვლელ კართან აბზინდას კონა დაკიდეთ და ნახავთ, მართლაც ვერ გაბედავს, ბოროტმა და არაკეთილმოსურნემ თქვენი კარის ზღურბლს გადმოაბიჯოს. თუმცა, ოჯახში კამათი ალბათ, მაინც გექნებათ და სახლში მძიმე ატმოსფერო რომ არ შეიქმნას, გამხმარი კრაზანის კონას ცეცხლი მოუკიდეთ და მისი კვამლი ოთახებში აკმიეთ. ბავშვის საწოლის თავთან თუ ცირცელის რტოს დადებთ, ეს მას ბოროტი თვალისგან დაიცავს. სახლიდან გასვლამდე კი, კარგია, თუ ჯიბეში დაფნის ფოთოლს ჩაიდებთ, ის დღე აუცილებლად ნაყოფიერად ჩაივლის. ოჯახში სიყვარულისა და ერთგულების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს ულამაზესი, ცისფრად მოელვარე ლავანდის ხმელ ყვავილთა თაიგული, რომელიც საძინებელში უნდა შეინახოთ. რაც შეეხება მცენარე კრაზანას, მისგან მოსალოდნელი ავდრის უტყუარ პროგნოზს შეიტყობთ, თუ შეამჩნევთ, რომ დღის განმავლობაში ყვავილები „დახურა“. ეს მოახლოებული წვიმის უტყუარი ნიშანია. ამინდი შეარჩიეთ გასამგზავრებლად? - ჩემოდანში კრაზანას ტოტის ჩადებაც არ დაგავიწყდეთ. მოგზაურობისას ის ნივთების დაკარგვისა და გაქურდვისგანაც დაგიცავთ. ღამის კოშმარებისგან კი უეჭველად გათავისუფლდებით, თუ დილით საძინებელ ოთახს სალბის კვამლით დაამუშავებთ. ხოლო, თუ უსაფუძვლო შფოთვამ შეგიპყროთ, გვირილის ნაყენის აბაზანა მიიღეთ. საკვებს კი უხვად დაუმატეთ კამა და ეს არა მხოლოდ გემოს გააუმჯობესებს, ოჯახში კეთილდღეობასაც შემოიტანს. ლეგენდის თანახმად, თუ ბირკავა (ლათინურად - აგრიმონია, მეგრულად - იახსარი), რომელიც მთელ საქართველოშია გავრცელებული, თქვენ კი, სახლში აღმოაჩინეთ, რომ შემთხვევით ტანსაცმელზე გამოგედოთ და თან მოიყოლეთ, უნდა გაგიხარდეთ. ის არა მხოლოდ მოულოდნელ, არამედ ძალიან მომგებიან შემოსავალს გპირდებათ უახლოეს მომავალში.

- როგორ გამოვიყენოთ ეს უძველესი სიბრძნე თანამედროვე ცხოვრებაში?

- არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური ხერხი, მაგალითად, სახლის დასაცავად: შესასვლელი კარის სიახლოვეს, ან თუ ამის საშუალება არ არის, აივანზე დარგეთ პიტნა ან აბზინდა - გადმოცემის თანახმად, ამ მცენარეთა გავლენით, ვერც ბოროტი ადამიანები გაიჭაჭანებენ თქვენს სიახლოვეს და ვერც ნეგატიური ენერგია შემოაღწევს სახლში; ამავე მიზნით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგიძლიათ, კრაზანას პატარა კონა ჩამოკიდოთ შემოსასვლელ კართან. ოჯახში კეთილდღეობის მოსაზიდად: კარადაში მოათავსეთ ბეგქონდარასა და ლავანდის პატარა პაკეტები - მათი არომატი იზიდავს ფინანსურ სტაბილურობას და იცავს ოჯახს ჩხუბისა და კამათისგან. გონების გასააქტიურებლად, გირჩევთ: თუ შფოთვა და ეჭვები არ გასვენებთ, მოადუღეთ ჩაი პიტნითა და ბარამბოთი; არ იჩქაროთ, შეისუნთქეთ ორთქლი და იფიქრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ - ლეგენდის თანახმად, ეს რიტუალი გონებას გაწმენდს და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. წარმატებული მოგზაურობისთვის: თუ ხანგრძლივ მგზავრობას აპირებთ, გასვლის წინ, ჩემოდანში ან მანქანის სალონის საბარგულში მოათავსეთ მრავალძარღვას რამდენიმე ფოთოლი. ის უძველესი დროიდან მოგზაურთა ერთგულ თანამგზავრად მიიჩნეოდა და მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა. მშვიდი ძილისა და ტკბილი სიზმრებისთვის კი: ხალხური მინიშნებების თანახმად, ბალიშში ჩაქსოვილი სვიისა და გვირილის ყვავილები კოშმარებისგან დაგიცავთ; ღრმად და ჯანსაღად დაგაძინებთ, სულს კი სიმშვიდით აგივსებთ. ეს გადმოცემები შესანიშნავად აჩვენებს, როგორ ხედავდნენ ჩვენი წინაპრები მაგიას ყველაზე ჩვეულებრივ რამეშიც კი და ამით ყოველდღიურ ცხოვრებას პატარა სასწაულად აქცევდნენ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი