ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელ ასაკში შექმნილი ოჯახია მყარი და სანდოობაზე დაფუძნებული

№21

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.06, 2022 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ დაბადების ზოდიაქოს მიხედვით, შეგვიძლია, განვსაზღვროთ ასაკი, როცა დაოჯახება გაცილებით მყარი, სანდოობაზე დაფუძნებული და იდეალურია, ვიდრე სხვა პერიოდებში.

ვერძი – ფეთქებადი და ტემპერამენტიანი ხალხია. ამიტომ, მათი ნაადრევი ქორწინების უმრავლესობა, კრახითა და დაშორებით სრულდება. ვერძის ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა ოჯახი 26-27 ასაკში ან შემდეგ უნდა შექმნან. ცხოვრებისეული გამოცდილებებით ამ დროს მათი ცეცხლოვანი ხასიათი შედარებით შესუსტებულია, რაც ვერძს საშუალებას აძლევს, ოჯახი შეინარჩუნოს.

კურო – ბუნებით მშვიდი, სტაბილური და წინდახედული ნიშანია. ყველა ამ თვისებებიდან გამომდინარე, დაოჯახებას იშვიათად ჩქარობენ. ამიტომ, ნაადრევად დაქორწინებულ წყვილებში, კუროს ძალზე იშვიათად შეხვდებით. ყოველთვის რეალურად აფასებენ სიტუაციას და პასუხისმგებლობასაც სრული გაგებით ეკიდებიან. უმჯობესია, ოჯახი 23-25 წლის შუალედში შექმნას. თუმცა, შესაძლოა, ის გაცილებით უფრო ადრეც იყოს მზად ოჯახური თანაცხოვრების ტვირთის ასატანად.

ტყუპები – ისინი ცვალებადი ხასიათითა და არაპროგნოზირებადი საქციელით გამოირჩევიან. ამიტომ, მოუსვენარი ბუნებისა და მუდმივად სიახლეების ძიების გამო ქორწინება მიზანშეწონილია გვიან ასაკში, მაგალითად, 27-30 წლის ზემოთ. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებშიც, ხშირად გვხვდებიან ისეთები, ვინც საკმაოდ ადრეულ ასაკში და სპონტანურად იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. ზოგადად, ტყუპი განქორწინებასაც ზუსტად ასეთივე ზედაპირულობით ეკიდება.

კირჩხიბი – ბუნებით ფრთხილი, დაკვირვებული და ემოციურად მგრძნობიარე ტიპაჟები არიან. მათთვის, დაოჯახების საკითხი ძალზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უმთავრესი თემაა. თუმცა, გადამეტებული სიფრთხილისა და პრეტენზიულობის გამო ქორწინებას ადრეულ წლებში იშვიათად ჩქარობს. ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ ქორწინება, მთავარია, მათთვის ემოციურად თავსებადი პარტნიორი იპოვონ.

ლომი – ცეცხლოვანი ტემპერამენტის მქონე, ამბიციური და ეპატაჟური ნატურაა. ამიტომ, მათ ცხოვრებაში მრავლადაა მხურვალე რომანები და დაშორება-შერიგების ამაღელვებელი სცენები. რაც შეეხება ქორწინებისთვის ოპტიმალურ ასაკს, ლომს ნებისმიერ ასაკში აქვს ჰარმონიული ოჯახის შექმნის შანსი, თუ მეუღლე მის მეფურ „გამოხტომებს“ შეეგუება.

ქალწული – ყველაზე პრეტენზიული და ფრთხილი ნიშანია, ზოდიაქოს დანარჩენ წარმომადგენლებს შორის, რომელიც ქორწინების საკითხსა და მომავალ პარტნიორს „გამადიდებელი შუშით“ აკვირდება. ფრთხილი და რეალისტია. უმჯობესია ადრეულ ასაკში ქორწინება, სანამ მათ ხასიათში გადამეტებული კრიტიკულობა და პედანტიზმი მყარად გაიდგამს ფესვებს.

სასწორი – დაოჯახება და ზოგადად, სასიყვარულო პარტნიორის ყოლა, ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია მათ ცხოვრებაში. თუმცა, თვისება, რომ გამუდმებით შეეპაროს ეჭვი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, ხშირად ხდება რამდენჯერმე დაქორწინების მიზეზი. აქედან გამომდინარე, მათთვის საჭიროა მყარი ნებისყოფის მქონე, მტკიცე ხასიათის პარტნიორის პოვნა, ხოლო დაოჯახების ასაკი მეორეხარისხოვანია.

მორიელი – ემოციური, ვნებიანი და უზომოდ ექსპრესიული ხასიათის ადამიანები არიან. ამიტომ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესს ძალიან ადრეული ასაკიდან ამჟღავნებენ. ემოციურობის პარალელურად, მორიელს ძლიერი ნებისყოფა და თავშეკავების უნარიც აქვს, მაგრამ ოჯახის შექმნა მაინც გვიან ასაკში ჯობს.

მშვილდოსანი – თავგადასავლების მოყვარულები, მოხეტიალეები და დამოუკიდებლები არიან. სასიყვარულო ავანტიურებისა და მსუბუქი ფლირტის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, მაგრამ როცა ჯერი ქორწინებაზე მიდგება, უკიდურესობები ახასიათებთ ან დაუფიქრებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდგომში აუცილებლად ნანობენ და განქორწინებით ასრულებენ ან მართლა საჭირო ადამიანს ჰკრავენ ხელს იმის გამო, რომ საკუთარი თავისუფლება გაცილებით უფრო ძვირად უღირთ. ამ მხრივ, ყველაზე არასაიმედო ნიშანია, ამიტომ გირჩევთ ოჯახი გვიან ასაკში შექმნათ.

თხის რქა – ხასიათში ისეთი თვისებები ჭარბობს, როგორიცაა წინდახედულობა, ცივი გონებით აზროვნების უნარი და მაქსიმალური სიფრთხილე. დაოჯახების საკითხსაც დიდი სიფრთხილითა და გარკვეული შიშით ეკიდება. ამიტომ, ნაადრევად დაქორწინებულ წყვილებს შორის, თხის რქა ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ, თუ მიიღო გადაწყვეტილება, ოჯახურ იდილიას იშვიათად ცვლის თავისუფლებაზე.

მერწყული – ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი და კრეატიულია. არასოდეს ამჟღავნებს განსაკუთრებულ მიდრეკილებას ოჯახის შექმნის მიმართ. უყვარს თავისუფალი, დაუკანონებელი ურთიერთობები. მაგრამ, თუ მაინც კანონიერ ქორწინებაზე მიდგა საქმე, ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო დიდ ასაკშია უმჯობესი.

თევზები – რბილი, ემოციური და თანამგრძნობი ბუნების ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. გადაწყვეტილების მიღებისას უჭირთ თავი დააღწიონ გარშემო მყოფთა ზეგავლენას. ამიტომ, თუ ნაადრევად ქორწინდება, ეს, ძირითადად, პარტნიორის აქტიურობის შედეგი უფროა, ვიდრე მისი გადაწყვეტილება. სხვა საკითხია, ემოციური ბუნებისა და ცვალებადი ხასიათის გამო რამდენად მყარი იქნება ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი. ზოგადად, სჯობს, გვიან დაოჯახდნენ, რადგან ეს მათთვის იდილიური და მყარი ოჯახური ურთიერთობის გარანტია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა