როგორ ვაყალიბებთ კარმას ჩვენივე საქციელიდან გამომდინარე და შეიძლება თუ არა შევცვალოთ მისი „განაწესი“
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 10.06, 2022 წელი

„ასეთია კარმა... ბუმერანგივით მოგიბრუნდება... გამოასწორე კარმა...“- განსაკუთრებით ბოლო დროს ძალიან ხშირად გაიგებთ ამ ფრაზებს... და ყველას აინტერესებს, რას უმზადებს მას კარმა მომავალში ან რისთვის სჯის. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ კარმასა და დანიშნულებას ერთმანეთში ურევენ. მართალია, ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ განსხვავება მათ შორის მაინც არის. რომ გავარკვიოთ, რატომ არ უნდა გვეშინოდეს კარმის და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის შეიცვალოს, განგვიმარტავს ეზოტერიკოსი ბატონი თამაზ ვ.
- ძალიან ბევრი ადამიანი ახსენებს დღეს კარმას, მსჯელობს მის არსსა და მნიშვნელობაზე, მაგრამ კითხვაზე: რა არის კარმა? - პასუხი თითქმის არ აქვს. ამიტომ, დავიწყოთ განმარტებით: სანსკრიტიდან თარგმანში სიტყვა „კარმა“ ნიშნავს „მოქმედებას“. გამოდის, საკუთარ კარმას ჩვენივე საქციელით ვუყრით საფუძველს და შედეგს წარსულში, ანუ წინა განსახიერების დროს ჩადენილი ქმედებებისგან ვიღებთ. ლოგიკურია, არა?!
- ბედისწერას რომ ვახსენებთ, რაღაცნაირი შიში გვიპყრობს: „ნეტა რა მელის წინ?..“ ასეთივე განცდას იწვევს კარმაც, მაშ, რატომ არ უნდა გვეშინოდეს მისი?
- მოდი, ჩავუღრმავდეთ საკითხს და თქვენთან ერთად გავერკვეთ, რატომ არ უნდა გვეშინოდეს კარმის... შემდეგ კი იმაზე ვიზრუნოთ, რა უნდა გავაკეთოთ მის შესაცვლელად? ამისთვის კი, უპირველესად განვსაზღვროთ, რა არის კარგი და ცუდი? ყველა ცდილობს, დაიცვას ბალანსი და თანაზომიერება: რამდენ სიკეთესაც გავაკეთებ, იმდენ ქულას დავაგროვებ კარმისთვისო. შეგიძლიათ, გარკვეული საქციელისთვის საკუთარ თავს პლუსები დაუსვათ და მერე დაითვალოთ. მაგრამ ასე არ ხდება. ეს აღრიცხვის ჟურნალი არ გახლავთ, რომ შემოსავალ-გასავალი დაითვალოთ.
- მაშ, კარმა სჯის?
- მთლად ასეც არ არის. კარმა აყალიბებს შედეგს და დაჯილდოება-დასჯასთან კავშირი არ აქვს. ერთი და იმავე ქმედებისგან განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ. თუ ყველა პირობა შესრულებულია, სიტუაცია შეუძლებელია არ განვითარდეს - ყოველი თქვენი ქმედებისგან ყალიბდება შედეგი. სიტყვა „კარმა“ შეიძლება გავუთანაბროთ სიტყვას „პასუხისმგებლობა“. თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარ ცხოვრებაზე და თუ მასში ვინმე დამნაშავეა, მაშინ თქვენთვის კარმა „სჯის“. ინფანტილურობა სიკეთეს არ მოგიტანთ. ბევრის აზრით, კარმა ფილოსოფიური მიმდინარეობა ან სწავლებაა. არის განსაზღვრული წესები და მას უნდა მისდიო. მაგრამ როგორ შეისწავლი კარმას წინასწარ? თითოეულ ცდას ყველა თავისებურად აღიქვამს, შესაბამისად, ერთი და იმავე საქციელზე ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს და თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს. ასე რომ, არ არსებობს საერთო რეცეპტი. კარმა არც სწავლებაა და არც რწმენა თუ იდეოლოგია. ის უბრალოდ არსებობს და მასთან უნდა იმეგობრო. ის თქვენ ხართ - თქვენი საქციელი, ფიქრები, გრძნობები. კარგად იცნობთ საკუთარ თავს? მერე რომ არ ინანოთ, მუდმივად უნდა დაუსვათ თავს ეს კითხვები. ამრიგად, ბევრს ეშინია კარმის, მაგრამ სულ არ აინტერესებს საკუთარი ცხოვრების წესი, რომელიც სწორედ მისი კარმის განმსაზღვრელია. კარმა ხომ თქვენი ქცევა, აზროვნება და პირადი აქტიურობაა - ფორმირების სამი დონე. თქვენი ტიპური ქცევა კი კარმის ანარეკლია. მხოლოდ ქცევა (საქციელი) გადმოსცემს ადამიანის არსს - ანუ იმას, რითაც სავსე ხართ. ძნელია ჯანმრთელობის შენარჩუნება, თუ მავნე ჩვევები გახასიათებთ. ფუნთუშა და შოკოლადი თავისით არ ჩაგიხტებათ პირში, იქამდე ეს ნუგბარი ხელს მიაქვს - თქვენს ხელს.
- გამოდის, კარმის შეცვლაც შეიძლება?
- დავსვათ კითხვა ასე: შეიძლება თუ არა კარმის გადაწერა?.. და დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ის უკვე შექმენით წარსული განსახიერებისას - წინა ცხოვრებაში. მაშ, როგორ დაბრუნდებით წარსულში? ამისთვის იქ დაბრუნება საჭირო არ არის - მხოლოდ შედეგები უნდა გააანალიზოთ: ცხოვრების რომელ თემასთან დაკავშირებით გაქვთ მუდმივად სირთულეები? თითქოს ეს უსიამოვნება სულ „წრეზე ტრიალებს“ და მართლაც ასეა: სიტუაცია შეიძლება დროდადრო განმეორდეს, მაგრამ თქვენ მისი შეცვლა შეგიძლიათ აღქმის საშუალებით. ხომ გახსოვთ: აზროვნება - ქცევა - პირადი ქმედებები. ჩვენი დამოკიდებულებები ხშირად გვაწვდის მინიშნებებს, რაც კარმაში დაგროვდა და რაც ჩვენ უკვე შევქმენით. მაგალითად, განვიხილოთ ჭამაზე დამოკიდებულების თემა. ვთქვათ, იმიტომ რომ მავნებელია, თქვენ ერთბაშად დაანებეთ თავი ტკბილეულის ჭამას. დაგეწყოთ განცდები: თქვენი ქცევა და ფიქრი სულ კანფეტებს დასტრიალებს. ამ დროს უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა. შეაფასეთ სიტუაცია რეალურად, რადგან ის თქვენთანაა და არსად გაიქცევა. ამიტომ, თანდათან, ნელ-ნელა გააფართოვეთ მოქმედების არეალი. დალიეთ ჩაი და ტკბილეული მას მიაყოლეთ შუა პროცესში და არა თავიდანვე. ამრიგად, დამოკიდებულების პროცესის შენელება მისი ფორმირებისა და მოქმედების შესწავლისა და გაანალიზების საშუალებას მოგცემთ. ეს არის ცვლილების გზა. პაუზა პროცესის შესუსტების გაცნობიერებული გზაა.
თუ ფიქრობთ, რომ კარმა გსჯით, ფოკუსი გადაიტანეთ თქვენს საქციელსა და პიროვნებაზე. თქვენ თავად სჯით საკუთარ თავს და ამას აყალიბებთ საკუთარი ქმედებებითა და საქციელით.
ასე რომ, მთელი სამყაროს რუკა კარმულია. კარმის ანალიზი კი დაგეხმარებათ შეიცვალოთ აზროვნება და საქციელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან