როგორ უნდა შეარჩიოთ თილისმა თქვენთვის
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 21.10, 2022 წელი

ქვა, მინერალი, კრისტალი - არამხოლოდ სილამაზის, არამედ მისი მაგიურობის მიხედვითაც ფასდება, რაც არც ჩვენს წინაპრებს გამორჩენიათ და უძველესი დროიდანვე იყენებდნენ მას თილისმად. დღესაც ეზოთერიკოსთა შეფასებით, ქვა ზემოქმედებს პატრონის ცნობიერებაზე და ამიტომ, მისი შერჩევისას გარკვეული კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი. თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვა-თილისმის შერჩევისას მის შემადგენლობას, ხარისხს, ფერს და ამასთან ერთად, თქვენს ხასიათს, ტემპერამენტს, დროსა თუ განწყობა-დამოკიდებულებას მინერალისადმი, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი დოდო გ.
- სანამ ავხსნი, როგორ უნდა შევარჩიოთ მინერალი, რომ ჩვენი თილისმა გახდეს, ჯერ გავარკვიოთ: რა არის თილისმა? ბერძნულიდან ის ითარგმნება, როგორც „ლოცვა“, „თავდადება“. ეს არის ნივთი მაგიური თვისებებით, რომლის დანიშნულებაც მფლობელის ცხოვრებაში პოზიტივის მოზიდვაა. სწორედ ამით განსხვავდება ის ამულეტისგან, რომელიც ნეგატივისგან იცავს პატრონს და მისი ფუნქცია პასიურია. ამ დროს კი თილისმა შინაგანი რესურსების აკუმულირებას ახდენს და მას გარეგან კეთილდღეობად აქცევს. თილისმად ირჩევენ ნებისმიერ პატარა საგანს, რომელიც შეიძლება სულ თან ატარო, ხოლო ამულეტი შეიძლება იყოს მხოლოდ საკულტო საგანი. უნდა გახსოვდეთ, რომ თილისმა პირადი ნივთია და მისი სხვისთვის ჩვენება და მით უმეტეს, ხელით შეხება არ შეიძლება. თილისმა უნდა ატაროთ ტანსაცმლის ქვეშიდან და იდეალური იქნება, თუ კანსაც შეეხება. ქვის შეძენის შემდეგ ის უნდა „გაიწმინდოს“ სხვისი ენერგეტიკისგან და „დაიმუხტოს“ თქვენი ძალების ნაწილით.
- როგორ შევარჩიოთ მინერალები: რა კრიტერიუმების გათვალისწინებაა საჭირო ამ დროს?
- ქვა-თილისმა რომ სწორად შეარჩიოთ, გაითვალისწინეთ ეზოთერიკოსების რჩევა, რადგან ყველა ქვა ცოცხალია და თავისი განუმეორებელი ხასიათი აქვს, მინერალისა და მფლობელის ენერგიებს შორის უნდა არსებობდეს ჰარმონია, რისთვისაც კომპლექსურად რამდენიმე კრიტერიუმია გასათვალისწინებელი: კრისტალის შემადგენლობა, ფერი, თვისებები, ასევე, პიროვნების ხასიათი, ტემპერამენტი, დრო...
- რა დროზეა ლაპარაკი?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კვირის რომელ დღეს შეიძენთ მინერალს. შვიდივე დღეს თავისი ფერის მინერალი შეესაბამება. მაგალითად, ორშაბათისაა თეთრი, ვერცხლისფერი და პერლამუტისებრი შეფერილობის ქვები, როგორიცაა: მარგალიტი, მთის ბროლი, მთვარის ქვა, რძიანი კვარცი, ოპალი; სამშაბათის - მუქი და ცეცხლოვანი შეფერილობის, როგორიცაა: ძოწი, მარჯანი, ონიქსი და ლალი; ოთხშაბათის - მწვანე და ოქროსფერი, როგორიცაა: გიაცინტი, ოქროსფერი ტოპაზი და მალაქიტი; ხუთშაბათის - ზღვის ტონები, როგორიცაა: აკვამარინი, ფირუზი, ბერილი და საფირონი; პარასკევის - თეთრი და ვარდისფერი, როგორიცაა: ანგელიტი, კვარცი, როდონიტი, ტურმალინი, სპინელი. შაბათის - რუხი და ყავისფერი, როგორიცაა: კვამლიანი კვარცი, რუხი მარგალიტი, ხავსიანი აქატი; კვირის - ოქროსფერი, როგორიცაა: სერდოლიკი, ცირკონი, ქარვა.
- რა გავლენას ახდენს ქვის ფერი მის მფლობელზე?
- ფერთა კონკრეტული გამა ადამიანის ტვინს აწვდის ინფორმაციას თავის შესახებ, რაც თავის მხრივ, ინდივიდს უბიძგებს, დამაჯერებლად აღიქვას სამყარო მის გარშემო. მაგრამ საკმარისია, ადამიანმა შეიცვალოს ჩვეული ფერები, თუნდაც სამკაულისთვის, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ახალი, საინტერესო სხივი შემოვა. ახლა ვნახოთ, როგორ ცვლის შეფერილობის მიხედვით ცალკეული მინერალი ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ჩამონათვალი ასეთია: წითელი - ლალი, ალმასი, ძოწი, ტურმალინი, სპინელი; ეს ქვები შეესაბამება ტემპერამენტით ქოლერიკის (ემოციური, აღგზნებადი, ღრმა გრძნობების ადამიანი, მიდრეკილია უარყოფითისკენ) ტიპს და ხაზს უსვამს მის შემდეგ თვისებებს: აქტიურობა, თავდაჯერებულობა, ძალა, აგრესია, ვნება, მღელვარება, გაღიზიანება. ნარინჯისფერი - საფირონი, კვარცი, ტურმალინი, ქარვა, სერდოლიკი; შეესაბამება ტემპერამენტით - ქოლერიკი, სანგვინიკი (იოლად ემორჩილება გრძნობებს, არაფერს უღრმავდება, მიდრეკილია დადებითისკენ); თვისებებით - ინტუიციური, მეოცნებე, მხიარული, პოზიტიური აზროვნების. ყვითელი - ციტრინი, კვარცი, ოპალი, ტოპაზი; შეესაბამება ტემპერამენტით - სანგვინიკი; თვისებებით - მხიარული, კეთილი, თავდაჯერებული და კრეატიული. მწვანე - ზურმუხტი, მალაქიტი, ქრიზოლიტი; შეესაბამება ტემპერამენტით - სანგვინიკი, ფლეგმატიკი (მშვიდი, გულგრილი, ღრმა გრძნობების ადამიანი, მიდრეკილია დადებითისკენ); თვისებებით: წყნარი, მშვიდი, სტაბილური და კონცენტრირებული. ცისფერი - აკვამარინი, ლაზურიტი, ფირუზი; შეესაბამება ტემპერამენტით - ფლეგმატიკი, სანგვინიკი, მელანქოლიკი (ნაღვლიანი, ნაკლებად აღგზნებადი, მიდრეკილია უარყოფითისკენ); თვისებებით: ჰარმონიული, კეთილშობილი, წყნარი. ლურჯი - საფირონი, ტოპაზი, ტანზანიტი, ავანტურინი; შეესაბამება ტემპერამენტით - ფლეგმატიკი, მელანქოლიკი; თვისებებით - ერთგული, პრინციპული. იისფერი - კუნციტი, ავანტურინი, ჩარიოტი, ამეთვისტო, ამერტინი; შეესაბამება ტემპერამენტით - მელანქოლიკი; თვისებებით - იდუმალი, ამოუცნობი, შემოქმედი, დეპრესიული, სასოწარკვეთილი. იასამნისფერი - ჟადეიტი, ამეთვისტო, ფლუორიტი, ქალცედონი; შეესაბამება ტემპერამენტით - სანგვინიკი, მელანქოლიკი; თვისებებით - სენტიმენტალური, მგრნობიარე, მოწყენილი, სათნო, მეოცნებე, მიმნდობი. შავი - ოპალი, მორიონი, ობსიდიანი, გაგატი, აქატი, კორუნდი; შეესაბამება ტემპერამენტით - ქოლერიკი, ფლეგმატიკი, მელანქოლიკი; თვისებებით - ძლიერი, შემოქმედი, თავდაჯერებული, იდუმალებით მოცული. თეთრი - ალმასი, მთვარის ქვა, კვარცი, ცირკონი, მარგალიტი, ოპალი; შეესაბამება ტემპერამენტით - მელანქოლიკი, სანგვინიკი; თვისებებით - გულუბრყვილო, სუფთა სულის, პატიოსანი, უცოდველი. ყავისფერი - ავანტურინი, კატის თვალი, ძოწი, ლალი, გემატიტი; შეესაბამება ტემპერამენტით - მელანქოლიკი, ქოლერიკი; თვისებებით - სანდო, შორსმჭვრეტელი, თავდაჯერებული, ფრთხილი, მომთმენი, ნაყოფიერი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან