როგორ უნდა შეარჩიოთ ბედნიერების მომტანი ფარდები სახლისთვის და რა ფერის უნდა იყოს ის, რომ ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე, თბილ გარემოში იცხოვროთ
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 30.05

ზოგმა ალბათ - კი, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ და რა ფერის ფარდა უნდა შეარჩიოს სახლისთვის, რომ იქ სიყვარულმა და კეთილდღეობამ დაისადგუროს. ამას მარტივად გაართმევთ თავს, თუ წინაპართა გამოცდილებას გაითვალისწინებთ. იმის მიხედვით, თუ რა ფერისა და მასალისაა ფარდა, შეძენილია ის თუ ნაჩუქარი, ხალხური მინიშნებების დახმარებით, ბევრ რამეს „აეხდება ფარდა“ და მრავალ უსიამოვნებასაც აგარიდებთ თავიდან. ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მეგი ლ.
- ძველად სოფლებში დარაბები იცავდა სახლს მწველი მზის, ქარისა თუ მოდარაჯე ცნობისმოყვარის მზერისგან. მოგვიანებით ის ფარდებმა შეცვალა, რომელიც დღეს ინტერიერის ჩვეული და მნიშვნელოვანი შემადგენელია და ბევრი ხალხური გადმოცემა და მინიშნებაც უკავშირდება.
- მთავარი, ალბათ, ფარდის ფერია?..
- ფარდის ყიდვისას, ბევრი დიასახლისი ქსოვილს ავეჯის ან კედლის ფერის შესაბამისად ირჩევს. მაგრამ, ვისაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს, იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რა გავლენას მოახდენს ფარდების ფერი ბინაში მცხოვრებლებზე. მაგალითად, მწვანე - ჯანმრთელობის, აღორძინებისა და ზრდის სიმბოლოა. ამიტომ, მწვანე ფარდებიან ოთახში ადამიანი სწრაფად აღიდგენს ძალებს ხანგრძლივი ავადმყოფობისა თუ მძიმე სამუშაო დღის შემდეგაც. მწვანე სახლს კეთილგანწყობილ, თბილ ატმოსფეროს უნარჩუნებს, ჩხუბსა და კონფლიქტებს არიდებს. ლურჯი სულის სიმშვიდე, მშვიდობა და ჰარმონიაა. ამიტომ, ასეთი ფარდები კაბინეტში კი არა, საძინებელში უნდა დაკიდოთ - იდეალურია მისთვის: თრგუნავს შფოთვას, ხსნის გაღიზიანებას, აძლიერებს ინტუიციას, მოგადუნებთ და შინაგან სიმშვიდეს მოგგვრით. წითელი, როგორც სიცოცხლის ენერგიისა და ბედნიერების სიმბოლო, ისეთი ოთახებისთვისაა შესაფერისია, სადაც სახლის ბინადარნი ბევრს მოძრაობენ, მაგალითად, სამზარეულოსთვის. წითელი ფარდები ადამიანს ამ ოთახში მიზანდასახულობას, აქტივობას და გამარჯვების სურვილს უძლიერებს. ვარდისფერს მოაქვს რომანტიკული განწყობა, აღვივებს სიკეთეს, ხელს უწყობს მოლაპარაკებებს და თავიდან აგაცილებთ კონფლიქტებს. ამიტომ, უპირველესად, ვარდისფერი ფარდები ნამდვილ სიყვარულზე მეოცნებეებისთვისაა. ის ასევე, ხელს უწყობს დეპრესიიდან გამოსვლას და ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნებას. მაგრამ ეს ფერი შეუფერებელია საძინებლისთვის, რადგან სიყვარულში იღბალს ვერ მოგიტანთ.
- ყვითელი განშორების ფერიაო, გამიგია, ასეა?
- ყვითელი ფარდა აუმჯობესებს განწყობასა და ურთიერთობებს, დაგეხმარებათ დეპრესიასთან გამკლავებაში. ყვითელი ფერი სახლს მზის ენერგიითა და სითბოთი ავსებს, დაგმუხტავთ ოპტიმიზმით, მოგანიჭებთ სიხარულს და დაგაძლევინებთ სიზარმაცეს. გამოდგება სამზარეულოსა ან მისაღები ოთახისთვის. ნარინჯისფერი - დაგაჯილდოებთ შემოქმედის ენერგიით, გაგხდით უფრო ჭკვიანს, რათა უკეთ შეიგრძნოთ ცხოვრების გემო. ატმისფერი კი სიხარულს მოგიტანთ, მთლიანად სითბოს საბურველში გაგხვევთ, იგრძნობთ ძალის მოზღვავებას და განდევნის თქვენგან ნეგატიურ გრძნობებს. დაბოლოს, ყავისფერი ან შავი - ასეთი ფარდები უარყოფითად მოქმედებენ ოჯახის წევრთა ცხოვრებაზე.
- რას გვეუბნება ხალხური მინიშნები ფარდების მაგიურ ძალაზე?
- ფარდები მხოლოდ სახლის დეკორაცია როდია, ის თქვენს საცხოვრებელსა და მასში მცხოვრებთ ბოროტი მზერისა და ნეგატიური ენერგიისგან იცავს და ზოგჯერ მოსალოდნელი პრობლემების შესახებაც აფრთხილებს. უფარდებო სახლის ბინადარნი ბოროტი თვალისგან დაუცველი არიან. ძველი, ნახვრეტებიანი, დაძენძილი და გაცრეცილი ფარდა გამანადგურებელ ენერგიას იზიდავს; ახალი კი - ენერგიულ ჭუჭყსა და უკეთურ აზრებს შთანთქავს და რაც უფრო დიდხანს დაკიდებთ, მით მეტ ნეგატივს დააგროვებს. ამიტომ, მიზანშეწონილია, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გამოცვალოთ, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მათი სისუფთავე მაინც უზრუნველყავით. თან, არ დაგავიწყდეთ, რეცხვისას წყალს მარილი დაამატოთ. ეს ყველანაირი ბოროტების მოცილებაში დაგეხმარებათ. როგორც კი ძველ ფარდებს მოიშორებთ, დაუყოვნებლივ დაკიდეთ ახალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური სირთულეები არ აგცდებათ. უფარდებო სახლში დაკარგული სულები აღწევენ და იქ მძინარე ადამინებს დაავადებებითა და უბედურებებით „ასაჩუქრებენ“. უსიამოვნება მოსდევს ასევე, ფარდის ჩამოვარდნას: პრობლემები, ჭორები, თქვენ წინააღმდეგ გაერთიანებული კოლეგები, რამაც შეიძლება სამსახურში საქმე გაგიფუჭოთ. თუ ფარდის საკიდი ხარიხა ჩამოვარდა, შესაძლოა ნათესავთან ან ახლო მეგობართან იჩხუბოთ, ზოგჯერ კი, ეს გაფრთხილებაა ჯანმრთელობის გაუარესების ან ფინანსური სირთულეების შესახებ. მაგრამ, თუ ჩამოვარდნისას ფარდა დროულად დაიჭირეთ, დავიწყებულ პრობლემებს ან კონფლიქტს შეგახსენებთ. ნეგატივი სწრაფადვე რომ მოიშოროთ, ფარდა თავის ადგილზე დააბრუნეთ. ფარდის გახევა ჩხუბს მოასწავებს, შეიძლება ნაცნობ-მეგობრებთანაც მოგივიდეთ უთანხმოება. მაგრამ, თუ მოაწესრიგებთ: გაკერავთ, ლამაზი ქსოვილით გააფორმებთ, ურთიერთობა მალე გამოსწორდება და იმაზე მეტად გაძლიერდება, ვიდრე ადრე იყო.
- ფარდების გაჩუქებაზე რას გვეტყვით?
- ფარდები, ისევე როგორც სახლის ნებისმიერი ნივთი, ოჯახის წევრების ენერგიას შთანთქავს. ამიტომ, თუ საკუთარ ფარდებს გააჩუქებთ, სხვისი სახლის ენერგია გავლენას მოახდენს თქვენზე, ანუ მჩუქებელზე - რაც მეტხანს დარჩება იქ, ზემოქმედება უფრო გაძლიერდება. თუ ნაცნობ-მეგობართა სიამოვნება გსურთ, ახალი ფარდები შეიძინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, ოჯახური ბედნიერება წაგართვან და თქვენი ყველა საიდუმლო გაიგონ. სამზარეულოსთვის ნაჩუქარი ფარდა სამსახურში პრობლემებს გამოიწვევს, ხოლო ძვირფასი ფარდა - ჭორებს გააღვივებს. რაც შეეხება ნაჩუქარი ფარდის ფერს: ვარდისფრის ან წითლის შემთხვევაში - სასიყვარულო გამარჯვებებს ნუ ელით; ყვითელი ან მწვანე - ფულის იოლად შოვნის შესაძლებლობას წაგართმევთ. მუქ ფარდებს თან მიაქვს წინა მფლობელის ყველა პრობლემა. სახლში არ დაკიდოთ უცნაურად დასურათებული ფარდები: თავის ქალებით, სასტიკი ცხოველებით, საშინელი თოჯინებით - განსაკუთრებით, თუ იქ მოხუცები ან ბავშვები ცხოვრობენ. დაბოლოს, ფარდებზე ვერტიკალური ზოლები - სამსახურში პრობლემებს გპირდებათ, ჰორიზონტალური - მოუსვენრობას იწვევს, დიაგონალური კი - ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან