ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ პირველად არ ცხოვრობთ დედამიწაზე და რაზე მიგითითებთ „ბედის ციფრი“ წარსულიდან

№49

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.12

შეუცნობელი
დაკოპირებულია

„არსებობს წინა ცხოვრება და თუ ასეა, ნეტავ, როგორი ვიყავი მაშინ?“ - ალბათ, ეს კითხვა ბევრს გასჩენია... პასუხი უძველეს რელიგიურ-ფილოსოფიურ კონცეფციებში უნდა ვეძებოთ, თუ დღესაც აქტუალურია ეს თემა? - დიახ, არის და დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აინტერესებს. მასზე იღებენ ფილმებს, იწერება წიგნები, სიმღერები. სწორედ „წინა ცხოვრების“ ანუ რეინკარნაციის შესახებ, გვესაუბრება ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი, ბატონი კოტე ჯ. და განმარტავს: რა ნიშნებით ამოიცნობთ, რომ პირველად არ მოევლინეთ ამ ქვეყანას და ადრეც გიცხოვრიათ; თან, ისიც გამოთვალოთ, რა პროფესიის იყავით მაშინ.

- რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა და „ხელახალ განსხეულებას“ ნიშნავს, ანუ ადამიანის ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ მისი სული ხელახლა, სხვა სხეულით უბრუნდება დედამიწას, ოღონდ დაბადებისთანავე ავიწყდება წინა ცხოვრება. თუმცა საშუალება ეძლევა, ახალი გამოცდილება მიიღოს და შეასრულოს კარმა, რაც სულიერი ევოლუციისთვისაა საჭირო. ბოლო ათწლეულებია, განსაკუთრებით გააქტიურდა ინტერესი ამ კონცეფციისადმი: იღებენ ფილმებს, იწერება წიგნები, იქმნება სიმღერები.

- თუ წინა ცხოვრება აღარ ახსოვს, მაშინ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ რეინკარნაცია განიცადა და ხელმეორედ მოევლინა ქვეყანას?

- არსებობს ამის გამოცდილება და ახლა სწორედ იმ 7 ნიშნის შესახებ გიამბობთ, რომელთა საშუალებითაც იგრძნობთ, რომ დედამიწაზე ეს თქვენი პირველი განსხეულება არ არის. უპირველესად, თქვენ კარგად უნდა „კითხულობდეთ“ ადამიანებს: როცა ერთი შეხედვაც კი საკმარისია, მის ცხოვრებაზე წარმოდგენა შეგექმნათ; ხოლო თუ გარკვეული დროც გაატარეთ მასთან, უკვე იცით, როგორ ცხოვრობს: ბედნიერია თუ უბედური, რას გრძნობს და რა აწუხებს. თითქოს თქვენში არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც სწრაფადვე ჩამოტვირთავთ ინფორმაციას სხვათა სულების შესახებ. სული თუ რამდენიმე ათასი წლისაა, თქვენი ეს უნარი უფრო დახვეწილია. მაგალითად, იმის გასაგებად, კარგი ადამიანია თუ არა ობიექტი და ენდოთ თუ არა მას, დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ, რადგან შინაგანი ცოდნა, რომელიც თქვენს სულს საუკუნეების განმავლობაში დაუგროვდა, მყისიერად გაშიფრავს ყველა მონაცემს.

- ეს ერთი ნიშანი და შემდეგი რომელია?

- მეორეა მარტოობა, რომელიც თქვენთვის სიამოვნებაა - დრო, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს უთმობთ. მარტოობაში აღიდგენთ ნერვულ სისტემას, ისვენებთ გონებრივად და ფიზიკურად, ენერგიით ივსებით. არ გჭირდებათ სხვებთან ურთიერთობა მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოთ; არც გარე სამყაროსგან დასტურსა თუ შეფასებას ელით და არც ვინმესთვის რამის დამტკიცებას ცდილობთ. ამ სამყაროში ახალი არ ხართ, ამიტომ ცხოვრების წესის ასარჩევად ექსპერიმენტები არ გჭირდებათ. თავს მარტოც კომფორტულად გრძნობთ და სხვებთან ერთადაც, ამიტომ თავად ირჩევთ, როდისაა თქვენთვის საინტერესო პირველი და როდის - მეორე ვარიანტი. მესამე ნიშნად შეიძლება დასახელდეს ის, რომ მსოფლიო მოწყობას იღებთ ისეთს, როგორიც არის, დიდი ენთუზიაზმის, ზედმეტი კრიტიკისა თუ თავდადების გარეშე. გესმით, რომ ვერაფერი იარსებებს სისტემის გარეშე, ამიტომ ყველაფერს მოცემულობად იღებთ. მეოთხე თვისებაა ის, რომ სხვებზე მეტად გაინტერესებთ მისტიკური თემები, ალტერნატიული ისტორია, გაცნობიერებული სიზმრები, სულიერება და თვითგანვითარება. ყოველდღიური თემები კი გაინტერესებთ მხოლოდ საუბრის გასაგრძელებლად და მეტად - არა. ის, რომ შეგიძლიათ, წარუშლელი გავლენა მოახდინოთ სხვებზე, რეინკარნაციის უკვე მეხუთე ნიშანია. ადამიანები რჩევისთვის იმ შემთხვევაშიც კი მოგმართავენ, თუ მათზე ახალგაზრდა ხართ - ინტუიციით გრძნობენ, რომ თქვენი სიბრძნე წლებს აღემატება.

- ესე იგი, სხვებიც გრძნობენ, რომ რამდენიმე ცხოვრება გავიარე?

- გარედან ჩანს, რომ განსაკუთრებული ხედვა გაქვთ ცხოვრებაზე და შინაგანადაც თავს ბევრად უკეთ გრძნობთ, ვიდრე სხვები. სწორედ ესაა ჩამონათვალის მეხუთე ნიშანი და ყველაფერი მართლაც ასეა. თქვენ ამ პლანეტაზე რამდენიმე სიცოცხლით იცხოვრეთ და ამიტომ, იცით ისეთ ღირებულებათა ფასი, როგორიცაა: მოთმინება, თავდაჯერებულობა, პატიოსნება, გახსნილობა, თვითანალიზი, სიყვარული, ყურადღება, თანაგრძნობა და პატივისცემა. ამიტომ, მდგომარეობა, რომლის გაგებასა და მიღებას სხვებმა შეიძლება ათწლეულები მოანდომონ, თქვენთვის უკვე ნაცნობი, გავლილი გაკვეთილებია. ეს ცოდნა კი გეხმარებათ, სხვებზე ადვილად გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. დაბოლოს, მეშვიდე: დიდება, ძალაუფლება და სოციალური სტატუსი - არ გაინტერესებთ, რადგან თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ზრდა და განვითარება, აღიარება სამყაროსგან ისეთი ღირებულების გამო, რომელიც სიყვარულსა და სიკეთეს ეფუძნება.

- როგორ უნდა გამოვთვალო ნუმეროლოგიურად, ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში?

- ნუმეროლოგიის მიხედვით, იმისთვის, რომ გაიგოთ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ჯერ „ბედის ციფრია“ გამოსათვლელი, რაც დაბადების თარიღთა ჯამიდან მიიღება. მაგალითად: თუ დაიბადეთ 11. 05. 1997-ში, ფორმულა ასეთია: 11+05+1997=2013=2+0+1+3=6. ბედის ციფრია 6. ახლა კი 1-დან 9-ის ჩათვლით ცხრილში მოძებნეთ თქვენი ციფრის შესაბამისი განმარტება წარსულ ცხოვრებაში თქვენი პროფესიის შესახებ: 1 – ხელოვანი, ბიბლიოთეკის მფლობელი ან არქიტექტორი; 2 – შესაძლოა, იყავით სახელმწიფო მოხელე ან მოცეკვავე; 3 – მასწავლებელი და არ არის გამორიცხული, ეზოთერიკით გატაცებაც; 4 – ტექნიკასთან დაკავშირებული პროფესია - შესაძლოა, რაიმე ტიპის ხელსაწყოც გამოიგონეთ; 5 – მოსამართლე ან სამართალდამცავი, თუმცა მოხეტიალე ცირკის მსახიობობაც არ არის გამორიცხული; 6 – ექიმი ან მღვდელი, ანდა - მდიდარი ქველმოქმედი; 7 – კულინარი ან იუველირი, რაც შესაძლოა, ალქიმიკოსობასაც უკავშირდებოდა; 8 – პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე, თუმცა შეიძლება დიდძალ ქონებასაც ფლობდით ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყავით დაკავებული; 9 – მოღვაწეობდით მოდისა და ხელოვნების სამყაროში, ანდა - იყავით კოლექციონერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი