როგორ უნდა მიანიჭოთ ყოველდღიურ ტანსაცმელს დამცავი თილისმის ძალა
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.04, 2022 წელი

ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ და უფრთხილდებიან ახლობელთა ნაჩუქარ ან, თუნდაც, ნაქონ ნივთებს. ზოგჯერ, მათ მიმართ უცნაური ლტოლვა ჩნდება. ასეთ ნივთებს კი ადამიანის დაცვა შეუძლიათ. კერძოდ, ერთ დღესაც, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ტანსაცმელი ან სამკაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ჩვენი ერთგვარი თილისმაა, ავი მზერისა და თვალისგანაც გვიცავს და წარმატებაშიც გვეხმარება. ამიტომ, ყველა ადამიანი კარგად უნდა დააკვირდეს, რა აცვია იმ დღეებში, როცა შედარებით წარმატებულია და ხელი ემართება შეხვედრებსა თუ კარიერაში. ტანსაცმელი და სამკაულები ადამიანის მატერიალურ მდგომარეობაზეც „აგებს პასუხს“.
აქედან გამომდინარე, ალბათ, მიხვდებით, რატომ გიჭირთ ხოლმე ამა თუ იმ სამკაულთან თუ ტანსაცმელთან განშორება თუ გაჩუქება. ძველად ადამიანები ახალ ტანსაცმელს იშვიათად იცვამდნენ. მიაჩნდათ, რომ ძველი ტანსაცმელი მათ ავი თვალის ზემოქმედების, უსახსრობისა და უიღბლობისგან იცავდა. საერთოდ, ძველი ტანსაცმელი, რომელსაც ხშირად იცვამდით, უარყოფით ენერგიას განიზიდავს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას არასასურველი მოვლენებისგან. ამასთან, გაითვალისწინოთ, რომ ყველა ნივთი, თუ მას დიდხანს და სიყვარულით ატარებთ, თავისი მფლობელის მფარველობისა და უსიამოვნებისგან დაცვის უნიკალურ მეთოდსა და უნარს იძენს. ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს კი ენერგეტიკა დროებით მფლობელზე გადადის. არც გარდაცვლილი ადამიანის ნივთებისა და ტანსაცმლის ტარებაა კარგი. თუ თქვენ გიყვართ ესა თუ ის სამოსი ან სამკაული, თავს კომფორტულად გრძნობთ მათთან შეხებისას და დიდხანს ატარებთ, მაშინ, არავითარ შემთხვევაში არ გაანათხოვროთ, მით უმეტეს – არ გააჩუქოთ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენი ენერგეტიკა, რომელიც გარკვეულწილად, ამ სამოსზე ან ნივთზეა „მიწებებული” მის ახალ მფლობელზე გადადის და, შესაძლოა, მან დამცველის ფუნქციაც დაკარგოს და აღარც წარმატების მომტანი იყოს. ისინი თქვენი დამცველები და თილისმებია და თქვენგან სათუთ მოპყრობას იმსახურებენ. რაც შეეხება მიცვალებული ახლობელი ადამიანის ტანსაცმლის ან ნივთის ტარებას, ზოგს ჰგონია, რომ ასე მისი ყოფილი მფლობელის ბედს იზიარებთ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს მადლია და ასე მის ხსოვნას სცემთ პატივს. რეალურად კი, გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება კარგია, მაგრამ არ ვარგა მისი ნივთების, მით უმეტეს, სამკაულების ტარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან