როგორ უნდა განათავსოთ საწოლი საძინებელ ოთახში, რომ სიყვარული და ბედნიერება არ მოგაკლდეთ და რა სირთულე შეიძლება მოჰყვეს, სარკეში მის ანარეკლს
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

რაც არ უნდა კარგად იცნობდეთ საუკუნეების განმავლობაში ხალხის გამოცდილებით დაგროვილ სიბრძნეს, მისი შესაძლებლობები მაინც ამოუწურავია. მასში ყოველ ნივთსა თუ მოვლენას შესაბამისი ახსნა აქვს და ჩვენი რუბრიკის დღევანდელი თემაც, ხალხური მინიშნებების ნაკრებია, რომელიც საძინებელ კუთხესა და საწოლს უკავშირდება. თუ რა შინაარსისაა ცალკეული მინიშნება და მათი ზედმიწევნით დაცვა, როგორ უწყობს ხელს სიყვარულის შენარჩუნებასა და თქვენს ცხოვრებაში ბედნიერების შემოსვლას, ამ ყოველივეზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი პაატა ტ.
-მინიშნებები საწოლისა და საძინებელი ოთახის შესახებ გვასწავლის, როგორ მოვიზიდოთ სიყვარული და ბედნიერება ჩვენს ცხოვრებაში. უპირველესად, უნდა განისაზღვროს საძინებელელი ოთახის მდებარეობა, რომელიც ფენ-შუის წესების თანახმად, არ უნდა იყოს გასასვლელი სივრცე და ასევე, სასურველია, სახლში შემოსასვლელი კარიდანაც, რაც შეიძლება, შორს იყოს. უნდა გახსოვდეთ, რომ ის მთავარი ადგილია ბინაში, სადაც დატვირთული დღის შემდეგ დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ, ამიტომ მისი ატმოსფერო მაქსიმალურად მშვიდი უნდა იყოს. სასურველია, სარკე არ იყოს ოთახში, მაგრამ, თუ მის გარეშე ვერ გაძლებთ, ისე უნდა განათავსოთ, მასში საწოლი არ აირეკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი მუდმივად იავადმყოფებს, რაც მთელ მის ძალასა და ჯანმრთელობას შეიწირავს. კედლებზე შეგიძლიათ, ბედნიერების ამსახველი ნახატები ან ფოტოები დაკიდოთ, მაგრამ არა - ვარსკვლავებისა და ცნობილი ადამიანების გამოსახულებით, რადგან ეს სხვისი ენერგიაა. არც ჩანჩქერების, აბობოქრებული, მძვინვარე ზღვის, სწრაფი მდინარეების გამოსახულებებია სასურველი - ეს იწვევს აღელვებას, შფოთვას და ემოციების უკონტროლო ცვლილებას.
- გამიგია, რომ არც საათია რეკომენდებული საძინებელში?!
- ასეა, მაგრამ, თუ მაინცდამაინც ვერ გაძლებთ უსაათოდ, საწოლის თავთან მაინც ნუ დაიდგამთ. საათი საძინებელში კეთილდღეობას ართმევს ოჯახს და ფინანსური სირთულეების წინაშე აყენებს. საძინებელ ოთახში არც ფული შეინახოთ, თორემ ფინანსური ნაკადებიც „ჩაიძინებს“ და ფულის მუდმივი დეფიციტი გექნებათ. მაგრამ, თუ კატა აირჩევს პატრონის საწოლს დასაძინებლად, ამით მის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უზრუნველყოფს. საერთოდ, ცხოველის ყოფნა საძინებელში მეგობრულ აურაზე მიუთითებს და ასევე, იმასაც მიგანიშნებთ, რომ საწოლი სწორ ადგილას დგას. რაც შეეხება ახალდაქორწინებულებს, აუცილებლად ახალი საწოლი უნდა იყიდონ, თორემ, ძველზე თუ დაიძინეს, მთელ ცხოვრებას ჩხუბსა და უთანხმოებაში გაატარებენ. ასევე, ოთახიც ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, სივრცე საწოლის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლეებს შორის ურთიერთობა შეიძლება გაფუჭდეს. ასევე, უარყოფითად იმოქმედებს მეუღლეთა ურთიერთობაზე საძინებელში მცოცავი მცენარეების გახარებაც. ნურც ტანსაცმელს გააშრობთ იქ - ცრემლსა და სევდას იწვევს. მინიშნება იმასაც გვეუბნება, თუ გოგონა ღამეს ახალ ადგილას გაატარებს, შეიძლება სიზმარში საქმრო ნახოს, რომელიც ბედისწერამ არგუნაო.
- როგორ უნდა განთავსდეს საწოლი საძინებელ ოთახში?
- ფენ-შუის მიხედვით, უპირველესად, საძინებელ ოთახში საწოლს შესაფერისი ადგილი უნდა მოუნახოთ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, რადგან მრავალი პატარა დეტალია გასათვალისწინებელი. მაგალითად, არ შეიძლება კარისკენ გქონდეთ თავი ან ფეხები; უმჯობესია, საწოლი დიაგონალურად მოათავსოთ და არც კონდიციონერი იყოს მის სიახლოვეს, საწოლის თავს ზემოთ კი, თაროები არ დაკიდოთ. გახსოვდეთ, როგორი ადგილიც არ უნდა შეარჩიოთ ცოლქმრული იდილიისთვის, თუ ამ მინიშნებებს არ დაიცავთ, თქვენს ქორწინებას პრობლემები შეექმნება. ასე რომ, გაითვალისწინეთ, უცნობები არ დასხდნენ თქვენს ცოლქმრულ სარეცელზე, ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. საწოლში ჭამაც აკრძალულია, რადგან ეს ბოროტ სულებს იზიდავს. ასევე, ცოლ-ქმარს ერთი საბნის ქვეშ უნდა ეძინოს, რომ ოჯახში უთანხმოებამ არ იჩინოს თავი.
- საწოლისა და თეთრეულის მოვლის წესებიცაა მინიშნებებში გათვალისწინებული?
- რა თქმა უნდა. დილით, როგორც კი ადგებით, საწოლი მაშინვე უნდა გაასწოროთ. თუ ეს წესი არ დაიცავით, შეიძლება, მეუღლეთაგან ერთ-ერთი მოკლე ხანში ავად გახდეს. ძირითადი საეკლესიო დღესასწაულების დროს და კვირაობით კი, არც გარეცხოთ და არც გამოცვალოთ თეთრეული. ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ექნებათ უზრუნველყოფილი, თუ ახალდაქორწინებულები პირველ ღამეს ახალ, ლამაზ თეთრეულზე დაიძინებენ. ასევე, არც ქსოვა და კერვა არ შეიძლება საწოლში, თორემ სამუშაო დიდ დროს წაიღებს ან საერთოდ არ გამოგივათ ნამუშევარი. დიდი მნიშვნელობა აქვს, საწოლში სხეულის მდებარეობასა და ქვეშაგების გამოყენების ჩვევებსაც. მაგალითად, არ დაიძინოთ პოზაში, ერთდროულად ორ ბალიშზე დადებული თავით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მარტოხელა ხართ, ასე ძილმა შეიძლება პარტნიორის გარეშე დაგტოვოთ, დაქორწინებულებს კი, ეს ჩვევეა ღალატის რისკის ქვეშ აყენებს. არც სხვის ბალიშზე დაძინებას გირჩევთ, თორემ, მოგიწევთ, იმ ადამიანს ყველა უბედურება თუ დაავადება „წაართვათ“ და თავად „აიკიდოთ“. ბალიშებზე დაჯდომით კი იღბალს დაკარგავთ.
დაბოლოს, კიდევ ერთ კარგ რჩევას გავიხსენებ წინაპართა გამოცდილებიდან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საუკეთესო დამცავი საშუალება იყო: საწოლის ქვეშ დამალული კრაზანას ან ეკლის რტოები. ხოლო, ვისაც უძილობა აწუხებს, უმჯობესია, საწოლის ქვეშ სალბის ან ლავანდის ბალახი შეინახოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან