ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ შეიძლება, თილისმად იქცეს ჩვეულებრივი გასაღები ან „ბრელოკი“ და რა გავლენას ახდენს გარდაცვლილის ხასიათი მისი დაკრძალვის პროცესზე

№52

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 01.01

თილისმა
დაკოპირებულია

„სამყარო ისეა მოწყობილი, მასში შემთხვევით არაფერი ხდება,“ - კარგად რომ დავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ ჩვენგანს ეს ფრაზა არაერთხელ გვითქვამს. დღეს რუბრიკის რესპონდენტი - პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი თემურ გ., რომელიც ამ კანონზომიერების აღმოჩენამდე ცხოვრებისეულ დამთხვევებზე დაკვირვებამ მიიყვანა, გაგვარკვევს: რა მინიშნებებს გვიგზავნის სამყარო ამა თუ იმ ნივთის ან მოვლენის სახით; როგორ შეიძლება ჩვეულებრივი პერანგი იქცეს თილისმად, ან საკუთარი თავის რწმენა შთაგვაგონოს ღილმა თუ მონეტამ და სხვა მსგავსი რამ. 

- სამყარო შექმნილია ადამიანისთვის და ბევრი რამ ხდება მის მიღმა, თუმცა, რისიც ღრმად სჯერა, იმ რეალობაში ხვდება სწორედ. მაგალითად, ვისაც სჯერა, რომ ხასიათის რომელიღაც კომპონენტში სისუსტეს ავლენს, რეალურადაც სწორედ ის სისუსტე განუვითარდება.

- რასაც ვისურვებთ, საბოლოოდ იმას მივიღებთ?

- ასეთი რამ ალბათ ბევრისგან გაგიგიათ: დანაზოგს ვაკეთებ შავი დღისთვისო და ეს დღე აუცილებლად დაუდგება მას - მთელ დანაზოგს დაკარგავს. სწორედ ეს იქნება შავი დღე მისთვის. თუმცა ყველაფერი ასე თვალსაჩინო რომ იყოს, მაშინ ადამიანები არასდროს ჩაიდენდნენ ამდენ სისულელეს. რაც შეეხება იმას, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ამ სამყაროში, ასეთ რამეს გავიხსენებ: ყმაწვილობაში ბებიამ მაჩუქა ცისფერი პერანგი, დედამ კი მითხრა, განსაკუთრებულია და როცა გეცმევა ყველაფერში გაგიმართლებსო. მართლაც მრავალი წელი ვატარე - თავიდან ყოველ გამოცდაზე მას ვიცვამდი, მერე კი, მხოლოდ ყველაზე რთულ, თითქმის უიმედო გამოცდებზე - და ეს პერანგი იყო ჩემი გადამრჩენელი, არასდროს უღალატია.

- პერანგი თქვენი თილისმა გახდა?

- დიახ, სწორედ იმ პერანგით დაიწყო და თანდათან გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი ნივთი შეიძლება, იქცეს თილისმად. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში მოდაში იყო ბენდენა, განსაკუთრებით თუ უცხოეთიდან ჩამოტანილი გექნებოდა, შენზე მაგარი ტიპი არ დადიოდა ქალაქში. ჰოდა, ბიძაჩემმა, რომელიც მოცეკვავე გახლდათ, ამერიკიდან ჩამომიტანა და ეს მაშინ ნამდვილი სენსაცია იყო. სიხარულისგან ისე გადავირიე, ზამთარ-ზაფხულ ერთი წამითაც არ ვიშორებდი: ხან ყელზე მეკეთა, ხან თავზე წავიკრავდი და ხანაც თოკივით დაგრეხილს სამაჯურად ვატარებდი. ბენდენა ყელზე რომ მეკეთა, მოზღვავებული შინაგანი აღტკინება მხუთავ ტალღად ამოხეთქდა-ხოლმე ზედაპირზე და სულს მიგუბებდა. რომ წამოვიზარდე და ბენდენის ბუმმაც გადაიარა, მერე კიდევ დიდხანს დამქონდა ის ჩანთით - დადებითმა ენერგიამ, რომელსაც მისი ტარება იწვევდა ჩემში, ამ ნივთს თილისმის ძალა მიანიჭა და შესაბამისად, როცა თან მქონდა, ცხოვრებაშიც ყველაფერი შესანიშნავად ეწყობოდა. ის კი არადა, რაიმე კარგზე რომ ფიქრობ და ამ დროს ხელში უნებურად ატრიალებ ან აწვალებ, ვთქვათ, ღილს ან მონეტას - ერთიც და მეორეც თქვენი ვიბრაციით იმუხტება და საკუთარი თავის რწმენას გმატებთ. ამგვარად, წლების განმავლობაში თილისმების უზარმაზარი კოლექცია დამიგროვდა, რაც ყოველთვის მიცავდა და მეხმარებოდა ამა თუ იმ სიტუაციაში. მე ისინი ჩავალაგე სკივრში და როცა ცუდ ხასიათზე ვარ ან ძალა მაქვს გამოცლილი - ამ სკივრს ვაღებ.

- კიდევ რა თილისმებია თქვენს სკივრში?

- ერთ-ერთი მათგანია გასაღები. დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა ის-ის იყო ვიწყებდი კარიერას ჩემი ძირითადი პროფესიით, ვიღაცამ გასაღები მაჩუქა და მითხრა - ეს გასაღები უბრალო არ გეგონოს, ბუღალტრულიაო. და აი, უკვე, სამი ათეული წელია, მას ვატარებ გასაღებთა აცმაზე და ვიცი, სანამ ჩემთანაა, ბუღალტრად ვიმუშავებ. მქონდა კიდევ ერთი თილისმა, რომელიც აფხაზეთიდან ჩამოვიტანე, მაშინ ჯერ კიდევ დავდიოდით იქით (იყო ასეთი ბედნიერი დრო). ეს იყო ქვა - „ბრელოკი“ და მუდმივად თან ვატარებდი, როცა ვმუშაობდი სამკერვალო ფაბრიკაში. ეს გრძელდებოდა 15 წელი. ერთხელაც ჩემი „ბრელოკი“ სადღაც გაქრა. ვეძებე, ვეძებე და ვერსად ვიპოვე. ვერ ვიტყვი, დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ ჩემი სამსახური იმ ფაბრიკაში მალევე დამთავრდა. დირექტორმა გაგვათავისუფლა მეც და ჩემი ცოლიც (ორივე ერთად ვმუშაობდით იმ ფაბრიკის ბუღალტერიაში). თქვენ მეტყვით, დამთხვევააო და მეც შეიძლება, ასე მეთქვა, მაგრამ ასეთი დამთხვევა ძალიან ბევრია ჩემს ცხოვრებაში - მხოლოდ დანახვა უნდა მას. როცა ძმა გარდამეცვალა, დასაფლავებისას უაზრობის მთელი ჯაჭვი გაიბა: ნათესავები პანიკაში იყვნენ, გამოსვენებაც კი დაგვიანდა. მოკლედ, იყო ერთი აურზაური. თუმცა, ჩემი ძმაც ასეთი არეულ-დარეული იყო სიცოცხლეში. ახლა სიმამრზეც ვიტყვი. მის დაკრძალვაზე - კუბო დადგეს და გარშემო მძღოლების მთელი გუნდი შეიკრიბა - კაცები კამათობდნენ, ცხარობდნენ... საქმე ისაა, რომ ჩემს სიმამრს სიცოცხლეშიც უყვარდა ასეთი თავყრილობები.

- როგორ ხსნიან ამ ყველაფერს მაგები და მისნები?

- მაგებისა და მისტიკოსთა აზრით, ნებისმიერი დამთხვევა ზებუნებრივ ძალთა კარნახია. რაც უფრო ნაკლებ სარწმუნოა მომხდარი - მით უფრო სერიოზულია ნაკარნახები. შემთხვევითობა იმ ხალხის ცხოვრებაშია, ვინც ცხად მინიშნებას ვერ ხედავს. რაც მეტი იცის ადამიანმა სამყაროს შესახებ, მით უფრო ნაკლებია მის ცხოვრებაში შემთხვევითობა. ის სწავლობს, რომ დაინახოს უხილავი კავშირი მოვლენებს შორის. მეც მჯერა მათი, რადგან დავინახე და გავშიფრე კიდეც ასეთი დამთხვევები. ეს ნამდვილი მაგიაა, მხოლოდ აღქმა და დანახვა უნდა - შედგენა და ერთ უზარმაზარ რაოდენობად თავმოყრა, რათა ყველამ თავისი გაკვეთილი მიიღოს. ყველა თავის ძალების მიხედვით გამოიცდება. რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად მაცვიფრებს სამყაროს კანონზომიერება - ეს ცხოვრების ყოველ წამს ვლინდება. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ დამთხვევებს, გამოიჩინეთ სიბრძნე ცხოვრების წიგნის წაკითხვისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...