როგორ მუშაობს საგვარეულო სისტემა და რა გავლენას ახდენს ის ოჯახური „კლანის“ თითოეული წევრის ცხოვრებაზე
ავტორი: ნანა წერეთელი 48 წუთის წინ
ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რატომ აწყდებით ცხოვრებაში იმავე სირთულეებს, რაც ოჯახში, საგვარეულოში თაობიდან თაობამდე გადაეცემოდა, როგორიცაა: დაავადებები, ფინანსური დანაკარგები, მარტოობა... საგვარეულო არა მხოლოდ ოჯახი და წინაპრები, არამედ გარკვეული კანონებით მართული სისტემაა. ამიტომ, კანონების ცოდნა, რომლითაც ეს სისტემა მოქმედებს, ბევრი რამის გარკვევაში დაგეხმარებათ - ჩახლართული კვანძის გახსნასა თუ წარსულში ჩარჩენილი ენერგიის დაბრუნებაში. ამ ყველაფერში კი გაგარკვევთ, ეზოთერიკოსი, ბატონი მიშა მ.
- ბებიაჩემს ფსორიაზი ჰქონდა და ჩემი შვილიშვილი ყმაწვილობიდან ებრძვის მას. მამაჩემმა ბიზნესი დაკარგა, ჩემს შვილს კი, რისკზე წასვლის ეშინია და სტაბილურ შემოსავალს ვერ შოულობს. ოჯახში ყველა ქალი მარტო დარჩა და ახლა ჩემი ქალიშვილიც ქვეცნობიერად იმას ირჩევს, ვისთანაც დიდხანს ვერ გაძლებს... რა არის ეს, უბრალო მემკვიდრეობა? - სინამდვილეში, ბევრი მოვლენის უკან უხილავი საგვარეულო კავშირები დგას. მაშინაც კი, თუ არც მშობლებს იცნობდით და არც ნათესავებთან გქონიათ ურთიერთობა, ან სულაც მინდობით ოჯახში იზრდებოდით, მაინც არსებობს საგვარეულო, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე.
- მაინც, რა გავლენებზეა საუბარი?
- დავიწყოთ იერარქიის კანონით. ნებისმიერი საგვარეულო სისტემა წესრიგისკენ ისწრაფვის: ყველას თავისი ადგილი აქვს - არაფერი იკარგება და არც არვინაა გარიყული. მკაცრადაა დაცული იერარქია: პირველ ადგილზე მშობლები, შემდეგ შვილები - უფროსიდან უმცროსამდე. ეს წესრიგი თუ დაირღვა, სირთულეები იწყება. ზოგჯერ ბავშვს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება უწევს - ნაადრევად იზრდება, რადგან მართალია, დედა გვერდით ჰყავს, მაგრამ ავადაა. ის გრძნობს ვალდებულებას, მასთან იყოს, მხარი დაუჭიროს და ანუგეშოს. ამრიგად, ქალიშვილი ხდება დედას მეგობარი, ხოლო ვაჟი - მრჩეველი ან თუნდაც, ოჯახის უფროსი. გარეგნულად ყველაფერი კარგადაა, სინამდვილეში კი - შვილი კარგავს კუთვნილ ადგილს - ბავშვობას ემშვიდობება. ეს ზრდასრულ ასაკშიც ახდენს მასზე გავლენას: უჭირს სხვას ენდოს, ვინმეს დახმარება სთხოვოს და ცდილობს, ყველაფერი თავად აკონტროლოს. თუ მამა ტოვებს ოჯახს, ქალიშვილი გაუცნობიერებლად იკავებს მის ადგილს და დედისთვის ყველაზე ახლობელი ხდება. როცა ოჯახში სათანადო წესრიგი აღდგება, ყველა თავის ადგილსა და ძალას პოულობს. მშობლები უფროსებად რჩებიან, შვილები კი - უმცროსებად. ცხოვრება უფრო თავისუფლად მიედინება, თითქოს ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდება.
- ყველაზე მთავარი კანონი რომელია?
- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კუთვნილების კანონი: ყველას, ვინც კლანს ეკუთვნის, ამის უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, როგორ ცხოვრობდა, რას აკეთებდა, ვინ იყო ან რამდენ ხანს იცოცხლა. მისი ადგილი სისტემაში სამუდამოდაა უზრუნველყოფილი. თუმცა ოჯახში ყველა არ არის ისეთი, ვისი გახსენებაც უნდათ. ესენი არიან დაგმობილი ნათესავები: გაუჩინარებული ან შერცხვენილი თავიანთი საქციელის გამო. ზოგჯერ ეს ეხება გარდაცვლილ ან მკვრადშობილ ბავშვებს. თუმცა საგვარეულო არასდროს არავის ივიწყებს. სისტემაში რჩება გარიყული ადამიანის ენერგიაც, რომელიც გამუდმებით გამოხატვის საშუალებას ეძებს. ამის შემდეგ შთამომავლები იწყებენ ქვეცნობიერად სწორედ იმ ადამიანის ბედის გამეორებას, რომლის შესახებაც ყველა დუმდა. მაგალითად, ქალმა გაიკეთა აბორტი, თუმცა არასდროს უსაუბრია ამაზე. ერთი თაობის შემდეგ კი, შვილიშვილს დაეწყო შფოთვა, გაუჩნდა დანაშაულის გრძნობა, ინტიმური ურთიერთობის შიში, ანდა ქვეცნობიერად „შეშდება“ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის წინ. მამაკაცს კი, რომლის დიდმა ბაბუამაც ყველაფერი დაკარგა და სიღატაკეში გარდაიცვალა, უჩნდება შიში, რომ გარკვეულ თანხაზე მეტი არ გამოიმუშაოს, რათა ისტორია არ „გამეორდეს“ და მანაც იგივე ტკივილი არ განიცადოს. როცა გარიყულებს ოჯახის ნაწილად აღიარებენ, სისტემაც მთლიანდება. არ არის საჭირო მათი საქციელის გამართლება, იმის აღიარებაც საკმარისია, რომ ისინიც არსებობდნენ და საგვარეულო ისტორიის ნაწილი არიან. მაშინ ენერგია აღარ გაიჭედება და კვლავ მოძრაობას დაუბრუნდება.
- ყველაფერი ხომ მაინც დაბალანსებულია ამ სამყაროში?
- ნებისმიერ სისტემაში მოძრაობა აუცილებელია - რაღაცას ვიღებთ და რაღაცას უკან ვაბრუნებთ. ეს არის ბალანსი. თუმცა არ არსებობს სრულიად თანაბარი გაცვლა. ვიღაცას ჩვენ ვაძლევთ მეტს და ვიღაცისგან თავად ვიღებთ ზედმეტს. ეს კანონი განსაკუთრებით ნათლად ჩანს მშობლების მაგალითზე - შეუძლებელია იმის დაბრუნება, რაც მათგან მივიღეთ - სიცოცხლის. მაგრამ შეგვიძლია, ეს ენერგია გადავცეთ შვილებს, საყვარელ ადამიანებს, მთელ სამყაროს... როდესაც ასეთი ურთიერთგაცვლა წყდება: ვიღაც მხოლოდ გასცემს ან მხოლოდ იღებს, ენერგია „იჭედება“, რა დროსაც ჩნდება დაღლილობა, წყენა და შეგრძნება იმისა, რომ მთელი ენერგია უაზროდ იფლანგება. საერთო ჯამში კი, როცა წესრიგი, ბალანსი ან კუთვნილების გრძნობა ირღვევა, დგება მიჯაჭვულობის ჟამი - როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარს კი არა, სხვების ცხოვრებასაც გადის, მათ ისტორიებს, ტკივილს ატარებს. მაგალითად, შვილიშვილს, რომლის ბებიამაც ქმარი ომში დაკარგა, შეიძლება ქვეცნობიერად ეშინოდეს სიყვარულის, რათა იგივე დანაკარგი არ განიცადოს... ზოგჯერ გადაჯაჭვულობა ჩასახვის მომენტში ხდება, ზოგი გარდაცვლილი ბავშვის ნაცვლად იბადება, ზოგი კი იმ ადამიანის ბედს ატარებს, რომელსაც არც კი იცნობდა. მაგრამ ყველა მიჯაჭვულობაში მხოლოდ ტკივილი როდია, არის მასში ძალაც. მისი შესწავლისას ადამიანი ხედავს, სად გადაეჯაჭვა სხვისი ისტორია საკუთარს და თანდათანობით შეძლებს, გაყოს ისინი ერთმანეთისგან. ამ დროს ცხოვრება უფრო თავისუფალი ხდება და შინაგანი ენერგიაც ბრუნდება. ასე რომ, საგვარეულო სისტემასთან მუშაობა დაგეხმარებათ დაინახოთ, სად არის დარღვეული წესრიგი, სად დაიბლოკა ენერგიის ნაკადი ან სად გაიჭედა ის. ყოველივე ამის შეცნობა კი აქრობს ავადმყოფობის, კონფლიქტების, ფინანსური სირთულეებისა თუ მარტოობის სცენარების განმეორების რისკს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



