როგორ მოქმედებს ადამიანზე ნივთების აურა
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.10, 2022 წელი

სახლში არსებული თითოეული ნივთი გარემოცულია აურით, რომელიც ადამიანის აურაზე ზემოქმედებს. როცა ნივთებისა და ადამიანების ველები ერთმანეთს უერთდება, მაშინ ესა თუ ის ნივთი უფრო მიმზიდველი, საყვარელი და სასიამოვნო გეჩვენებათ. გირჩევთ, თავიდან მოიშოროთ ის საგნები, რომლებიც თქვენში უარყოფით ემოციებს აღძრავს. ხშირად შეუცვალეთ ოთახში ადგილი ავეჯსა და საგნებს. თუ რომელიმე საგანი ან ავეჯი ცუდ მოგონებებს აღძრავს, არავითარ შემთხვევაში არ გააჩუქოთ, უბრალოდ, გადააგდეთ ან დაწვით.
სახლში არსებული საგნების აურა ადამიანს თავისი აურის ნაწილს ართმევს და მათთან შეხება მის მფლობელზე ენერგეტიკულ კვალს ტოვებს. ნებისმიერ სახლში არის ისეთი საგნები, რომლებსაც დადებითი ენერგეტიკა აქვს და, შესაბამისად, ადამიანებშიც დადებით და პოზიტიურ ენერგიებს აღძრავს. თუმცა, ეს მხოლოდ ავეჯი არ არის. მაგალითად, ბინების ინტერიერის გასალამაზებლად იშვიათად ვიყენებთ ფოტოსურათებს. არადა, ეს შესანიშნავი საშუალებაა, გამოვკვეთოთ ჩვენი ხასიათი. თუ, რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული. ამიტომ, ასეთი ფოტო ჩასვით ლამაზ ჩარჩოში და კედელზე ისეთ ადგილას დაკიდეთ, რომ ხშირად შეხედოთ და ის ემოცია თავიდან განიცადოთ. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, სად დაკიდებთ ან დადებთ ჩარჩოში ჩასმულ სურათს. უმჯობესია, ის დაკიდოთ სარკის მარჯვნივ, თუ მისაღებში, კედელზე დიდი სარკე გაქვთ დაკიდებული. თუ გინდათ, სურათი სამუშაო მაგიდაზე დადოთ, მაშინ მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მიუჩინეთ, რადგან ეს ურთიერთობის ზონად მოიაზრება. სკულპტურული გამოსახულებები და ნახატები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოებს, ამიტომ, აუცილებელია, შევიგრძნოთ, რა ემოციებს აღძრავს ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა შინაგანი სამყაროს ჩვენეულ აღქმას. მაგალითად, წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე.
თუ სახლში „გადახალისებას“ გეგმავთ, გირჩევთ, ყვავილებისა და პეპლების გამოსახულებიანი ფარდა ან შპალერი შეიძინოთ, რადგან მისი ყურება, ადამიანს რომანტიკულ განწყობას უქმნის. ასევე, ურთიერთობის სტაბილურობას უწყობს ხელს. არ ვარგა გამხმარი ყვავილებისა და პეპლების სახლში შენახვა, მათი ჩარჩოში ჩასმა და კედელზე დაკიდება ან მაგიდაზე დადგმა. ნაჭერზე ამოქარგული ან საღებავებით მოხატული სურათის ჩარჩოში ჩასმა და მისაღებ ოთახში ჩამოკიდება კი ძალიან კარგია. სამზარეულოს მოსაპირკეთებლად არ გამოიყენოთ შავი ფერი, რადგან ის უარყოფითი ენერგიის დაგროვებას იწვევს და შედეგად, ადამიანის განწყობაზე, ბედსა და ზოგადად, ცხოვრებაზე, ასევე, მუქად, ანუ უარყოფითად აისახება. ზოგადად, საცხოვრებელში ნეგატიურია ის ადგილები, სადაც თავს ცუდად გრძნობთ, დისკომფორტს განიცდით, მოუსვენრობა გეუფლებათ და ასე შემდეგ. მცენარეებს კი ასეთი ნეგატიური ზონებიდან უარყოფითი ენერგიების გამოდევნა და მისი განეიტრალება შეუძლიათ. ოთახის ყვავილები დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. მაგალითად, სახლში გვიმრა შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ენერგიას. თუ ყვავილის ფოთლები ყვითლდება, ესე იგი, ბინაში ბნელი ძალა ჭარბობს, კარგია, თუ გექნებათ კაქტუსი, რადგან სიავეს მისი ნემსების ეშინია. ეს მცენარე დადებითი ენერგიის ნამდვილი რეზერვუარია. ამას გარდა, კაქტუსებს უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნაც შეუძლიათ. ჯუჯა ხეებს კი მატერიალური დოვლათი მოაქვთ და თუ მათ სახლში განათავსებთ, მათგან „გამოტყორცნილი“ აურა საქმეშიც ხელს მოგიმართავთ.
აუცილებელია, ყველა ადამიანმა დაიცვას საკუთარი თავი, იცოდეს, თუ როგორ შემოიტყუოს სახლში დადებითი ენერგიები, დაიცვას ოჯახის სიმყუდროვე, შექმნას პოზიტიური აურა და ჰარმონიული გარემო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან