ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ მართავს ცნობიერება ჩვენს ცხოვრებას და რის მიხედვით განსაზღვრავთ, ცნობიერების რომელ დონეზე ხართ ამჟამად

№40

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 11.10

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ცნობიერება რომ ადამიანის მთავარი „მეგზურია“ ცხოვრების გზაზე და უდიდესი წვლილი მიუძღვის მის „მოაზროვნე არსებად“ ჩამოყალიბებაში, ამაზე დღეს არავინ დავობს, მაგრამ თუ დონეებად იყოფოდა და ასეთი სულ ხუთია, ალბათ, ბევრმა არ იცის. სწორედ ამის შესახებ ისაუბრებს ეზოთერიკოსი ქალბატონი, თამარ შ. დღევანდელ ინტერვიუში და გაგაცნობთ, რა ტიპის ადამიანი ცნობიერების რომელ დონეს შეესაბამება. ყურადღებით იყავით და თავადვე შეძლებთ, განსაზღვროთ რა დონეზე ხართ ამჟამად.

- თავიდან იქნებ შეგვახსენოთ, რა არის ცნობიერება?

- ცნობიერება სამყაროს აღქმის გზაა, რომლის საშუალებითაც შეიცნობთ გარემოს და იმასაც, თუ როგორ ყალიბდება თქვენი ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და მთლიანად, სამყაროსთან.

- ძალიან საინტერესოა, რის მიხედვით იყოფა ცნობიერება დონეებად და რა თქმა უნდა, იმის გაგებაც, რა დონეზე ვართ თავად...

- პირველ დონეს მიეკუთვნება ადამიანის ტიპი - „მსხვერპლი“. თუ ამ დონეზე ხართ, ესე იგი, გჯერათ, რომ თქვენს წარუმატებლობაში მთელი მსოფლიოა დამნაშავე, ირგვლივ ყველა გებრძვით და გეწინააღმდეგებათ: მეზობლები, მთავრობა, მსოფლიო და ასე შემდეგ. ამ დონეზე ვიბრაციები ძალიან დაბალია, რის გამოც, ხშირად ავადდებით ან უბრალოდ, თავს ცუდად გრძნობთ. იმდენად მოწყვლადი ხართ, რომ სხვადასხვა დაბალი რანგის ობიექტებისთვისაც კი მარტივი ნადავლი ხდებით - არავითარი წესრიგი, თქვენს ენერგიას თავისთვის ქაჩავს ყველა, ვისაც არ ეზარება. თავად კი ვერ გაგიგიათ, რისთვის ცხოვრობთ. ცხოვრება თქვენთვის მხოლოდ ტკივილი და უწყვეტი გლოვის დღეა.

- ძალიან შემეცოდა, არადა „პირველი დონეა“... იქნებ, მეორე დონემ მაინც გაგვამხნევოს?..

- მეორე დონეს საცოდავს ვერ დაარქმევ, რადგან „მებრძოლია“. ამიტომ, თუ ამ დონეზე იმყოფებით, მართალია, ირგვლივ ყველა მაინც დამნაშავედ მიგაჩნიათ, მაგრამ ამჯერად ჩუმად კი აღარ ითმენთ, დაჟინებით ეძებთ დამნაშავეებს და უმტკიცებთ, რომ თქვენ მართალი ხარ და ისინი ტყუიან. თუმცა, იმავდროულად, ხშირად გემართებათ სხვადასხვა დაავადება და ასევე, ებმებით ხიფათშიც. ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვიბრაციის დაბალ დონეზე ხართ და ძალიან ადვილია თქვენგან ენერგიის ამოტუმბვა, თუმცა არც თავად უშლით ხელს მის გადინებას.

- იქნებ მესამე დონეს მაინც ეშველოს რამე და ცოტა ზემოთ აინაცვლოს...

- მესამე, ანუ „მაძიებლის“ დონეზე, თქვენ იწყებთ რაღაცის გაგებას, რაღაცაში ეჭვი შეგაქვთ. ასევე, იცნობთ კარმას, როგორც მიზეზ-შედეგობრივ ცნებას. აქტიურად ეძებთ ინფორმაციას ენერგიების შესახებ და თვალებს უაზროდ აღარ ატრიალებთ, როცა გესმით სიტყვები: „ენერგია”, „ვიბრაცია” და „ჩაკრა”. მესამე დონეზე ნაკლებად გახდებით ავად და იმასაც შეძლებთ, ამოიცნოთ, დააკვირდეთ და აკონტროლოთ პროვოკაციები, რომელსაც გიწყობთ როგორც ხალხი, ასევე - სივრცე. თუმცა, არსებობს რისკი იმისა, რომ კვლავ „მსხვერპლის“ დონეს დაუბრუნდეთ, იმ შემთხვევაში, თუ ცნობიერებასა და საკუთარ თავზე კონტროლის უნარს დაკარგავთ.

- თანდათან, იმედი მომეცა... მეოთხე დონე ალბათ, გაგვაოცებს...

- მეოთხე დონე „მოთამაშისაა“, რომელიც სამყაროს თამაშად აღიქვამს. როცა პრობლემები ექმნება, დროსა და ენერგიას მიზეზების ძიებაში კი არ ხარჯავს, უბრალოდ, დაუყოვნებლივ ეძებს მისი გადაწყვეტის საშუალებებს და იწყებს შესაბამის მოქმედებას. ხდება ისეც, როცა „მოთამაშე“ „მაძიებლის“, „მებრძოლის“ ან „მსხვერპლის“ დონეებს შორის „დასრიალებს“, მაგრამ, როგორც წესი, იცის როგორ დაიბრუნოს საკუთარი რესურსი და უპრობლემოდ გაუმკლავდეს წარმოქმნილ დაბრკოლებას. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, „მოთამაშეები“ პრაქტიკულად არ ავადდებიან. თუ მაინც მოხდა და ავად გახდნენ, შეუძლიათ, ენერგეტიკული პრაქტიკის გამოყენებით, ყოველგვარი წამლის გარეშე, თავადვე განიკურნონ საკუთარი თავი.

- მეხუთე დონე, ალბათ, თავად სრულყოფილებაა?!

- მეხუთე დონე „შემოქმედს“ ეკუთვნის, რომელიც ნებისმიერ პრობლემაზე რეაგირებს სულისკვეთებით: „ნახე, რა საინტერესო აღმოჩნდა, ვნახავ, რა მოხდება შემდეგ!” ფიზიკურად ისე ძლიერია, რომ არასდროს ავადდება, არ არის რაიმეზე დამოკიდებული და არც მახინჯი გადახრები აქვს. „შემოქმედი“ დარწმუნებულია, რომ თავის ცხოვრებას მხოლოდ ის წარმართავს და მთელ ცხოვრებასა თუ ბედზე თავადვე ახდენს გავლენას. სულ არ აინტერესებს, რას ფიქრობს მასზე სხვა ან რა მოსაზრებებს გამოთქვამს მისი ქმედების შესახებ - არასდროს არავის გავლენის ქვეშ არ ექცევა. ასეთები ჯერ ცოტანი არიან, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ვართ ახლა და სად გვინდა, რომ ვიყოთ.

თავდაპირველად, დედამიწა იყო მხოლოდ სამგანზომილებიანი ველი - ანუ, უმეტესობა ცნობიერების მესამე დონეზე იყო. თუმცა, ბოლო წლებში (დაახლოებით 2-3 წელია) აქტიურად ხდება მეოთხე განზომილებაში, ანუ მე-4 დონეზე გადასვლა და ზოგი უკვე მეხუთესაც უახლოვდება. თუმცა სინამდვილეში, დონე სასიკვდილო განაჩენი არ არის, ბევრი რამ ჩვენს ყოველდღიურ არჩევანსა და განწყობაზეა დამოკიდებული. აბა, რა დონეზე გინდათ, იყოთ და სად ხართ სინამდვილეში?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა