რატომაა მარტის თვე ფსიქოლოგიურად რთულად გასავლელი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 07.03, 2022 წელი

გაზაფხულის დადგომასთან და ამინდის ცვალებადობასთან ერთად იცვლება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამინდიც. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, მართალია, თვის გარკვეული მონაკვეთები, განსაკუთრებით შუა დეკადა, არასტაბილური და რთულად გასავლელია, თუმცა მარტის თვის პირველ და ბოლო დეკადაში, მოიმატებს დადებითი ტენდენციები, როცა ადამიანებმა ეს დრო თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამინდი?
– მარტის პირველ კვირაში, 7 რიცხვამდე, დედამიწის ბიოსფერო მაღალი ჰარმონიული ენერგიების ზონაში აღმოჩნდება, ამიტომ გაგრძელდება სასიკეთო ტენდენციები. ამას გარდა, ამ პერიოდში შეიძლება, გაჩნდეს არსებული ურთიერთობების რეორგანიზაციის სურვილი და ეს შეეხება არა მარტო პირად ურთიერთობებს, არამედ საზოგადოებრივსა და საქმიანსაც. 10-დან 19 მარტამდე დროის მონაკვეთი კი არაერთმნიშვნელოვანია. ამიტომ, სასურველია, ამ პერიოდში დროულად მოიშოროთ ყველა აუცილებელი დავალიანება, ვალი, ვალდებულება, მოაგვაროთ პრობლემები და გაუგებრობები, დაასრულოთ რთული საქმეები, რათა თვის ბოლოსკენ შესაძლებელი იყოს ცხოვრების ახალი ეტაპის ვალებისა და ვალდებულებების გარეშე დაწყება, მომავალი გარდაქმნებისთვის საფუძველის შემზადება.
– მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობა და კონფლიქტები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არენაზე და ზოგადად, როგორც ადამიანურ, პარტნიორულ, საქმიან, ისე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში?
– მარტის შუა პერიოდში იზრდება კონფლიქტურობა როგორც პირად კონტაქტებში, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში, საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. აზრთა სხვადასხვაობა და ქვეყნებს შორის დაძაბულობა საგრძნობი იქნება არა ერთ სფეროში. ეკონომიკურად დასუსტებულ ქვეყნებში შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს სახელმწიფოს მმართველობა. განვითარებული ქვეყნების სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებში კი მოსალოდნელია გარდაქმნები და საკადრო ცვლილებები. შესაძლოა, გამოჩნდნენ აქტიური და ძლიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლიდერები. არაა გამორიცხული ახალი კანონების მიღება, ცვლილებების შეტანა ძველ კანონპროექტებში.
– რაც შეეხება თვის მეორე ნახევარს? ამ დროს, ალბათ, გამოკვეთილი იქნება პოლიტიკური საკითხები, დასტაბილურდება პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენათა მომავალი განვითარება?
– 20 მარტს მზე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების უფრო ფართოდ დანახვას, შეფასებასა და რაციონალურად აღქმას. მიუხედავად ამისა, რთული, სტიქიური და ზოგ შემთხვევაში დამანგრეველი მოვლენების ალბათობა იზრდება 19-დან 24 მარტამდე პერიოდში. ეს დრო საჭიროებს მეტ მობილიზებას, სიფხიზლესა და ყურადღებას, რათა გვერდი აუაროთ ავარიებს, ტრავმებს, სერიოზულ კონფლიქტებსა და სახიფათო სიტუაციებს. ეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება მძღოლებისა და იმ პირებისთვის, ვის ყურადღებაზეცაა დამოკიდებული სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. 25 მარტამდე კაცობრიობა შეიძლება, შეიპყროს მტრულმა და აგრესიულმა განწყობამ, რისი მიზეზიც იქნება უთანხმოება, შეურიგებლობა, აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირების სურვილი. ემოციური განწყობაც უკიდურესად არასტაბილური და სახიფათო იქნება. თევზების ზოდიაქოში მზის, ნეპტუნისა და მერკურის შეერთება კი კიდევ უფრო გაამწვავებს მტრულ და ნეგატიურ ტენდენციებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილების დუღილის ტემპერატურა კი უმაღლეს ნიშნულზე ავა. ყოველივე ეს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე პოლიტიკოსებს, ეკონომისტებსა და დიპლომატებს, აიძულებს, ეძებონ ურთიერთობის ალტერნატიული ვარიანტები, პროფესიული სფეროს განვითარების ახალი გზები, რომლებიც დაეფუძნება ერთიანობას, თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებას. საბოლოო ჯამში, 19-დან 25 მარტამდე დროის მონაკვეთში არა ერთი რთული და სერიოზული ნაბიჯის გადადგმის შედეგად შესაძლებელი გახდება, პირველი დადებითი შედეგების დანახვა.
– ეს ყველაფერი, რაზედაც თქვენ საუბრობთ, რამდენად აისახება ადამიანების ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ განწყობაზე?
– 26 მარტიდან სიტუაცია გაუმჯობესდება. ჯანმრთელობასთან და უგუნებობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუ ასეთი არსებობდა, თავისით ალაგდება. დედამიწაც დაიწყებს ენერგიის აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ახალ წამოწყებებსა და ნაყოფიერ მოღვაწეობას. 27 რიცხვიდან პლანეტა მერკურიც დატოვებს თევზების ზოდიაქოს და გადაინაცვლებს ვერძის ნიშანში, რის შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული პრობლემების შემოქმედებითი ხერხებით განეიტრალება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან