რატომაა ჭკუის სასწავლებელი ყვავის „ყრანტალი“ და რომელი ცხოველის შეხვედრაა ყველაზე იმედისმომცემი გზავნილი სამყაროსგან
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 01.10, 2021 წელი

შავმა კატამ გზაზე გადამირბინაო და ბევრი შეიძლება უკანაც კი გაბრუნდეს: დავითარსე და დღეს ყველა საქმე ჩამეშლება ან რაიმე უბედურებას გადავეყრებიო... და ეს, ალბათ, არავის გიკვირთ, რადგან შავი კატის ამბავი ყველას გაუგია, მაგრამ გზაზე შემხვედრი სხვა ცხოველების შესახებ თუ გსმენიათ რამე? არადა, უძველესი დროიდან არსებობს ტრადიცია, რომ ცხოველი გზაზე შემთხვევითი არ ხვდება ადამიანს. თითოეული მათგანი კონკრეტული გზავნილია სამყაროსგან. მათთან გზაზე შეხვედრა კი მინიშნებაა თქვენს მომავალზე. თუ რას მოასწავებს და როგორ აიხსნება მინიშნება, რომელსაც სამყარო გზაზე შემხვედრი: ბუს, ყვავის, გველის, კურდღლის, ჭრიჭინას, ხვლიკისა და ირმის სახით გიგზავნით, თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი ჩ.
- ძველთაგან ღრმად სწამდათ, რომ ყოველი ცოცხალი არსება კონკრეტულ ღვთაებას უკავშირდებოდა ან უბრალოდ, თავად ჰქონდა უნიკალური სიმბოლური დატვირთვა. ამიტომ, როცა მათგან რომელიმეს გზად გადაეყრებით, ჩათვალეთ, რომ ეს სპეციალური გზავნილია თქვენთვის კონკრეტული შეტყობინებით. დღეს გაგაცნობთ მათგან რამდენიმეს.
- ბუ რომ სიბრძნის სიმბოლოა და ყვავის ჩხავილი - ცუდის ნიშანი, გამიგია, მაგრამ გზაზე მათი შეხვედრა რას მოასწავებს, ნამდვილად არ ვიცი...
- ბუს სიბრძნესთან დაკავშირებით მართალი ხართ: მას რამდენიმე უძველეს ღვთაებას უკავშირებენ, რომელთაგან ყველაზე ძლევამოსილი ათენაა - სიბრძნის ბერძნული ქალღმერთი. და ეს უნიკალური ფრინველი თუ გზაზე „შემოგეფეთათ“, მაქსიმალურად გაამახვილეთ ყურადღება. ეს დიდი ცვლილებების მანიშნებელია, რომელიც შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. თუმცა, ძირითადად, მაინც პოზიტიურია ბუს შეტყობინება და გპირდებათ, რომ მომავალში რაღაც კარგი აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება ყვავს, ის მართლაც, არ გახლავთ მაინცდამაინც საყვარელი არსება, მით უმეტეს, რომ მრავალ კულტურაში ის ავადმყოფობისა და სიკვდილის (მხოლოდ შავად შებუმბლული) სიმბოლოა. თუმცა მის ღვთაებრივ მფარველებს შორის აპოლონი და ჰერაც გახლავთ. ჰოდა, თუ „საძაგელი ყვანჩალა“ გზაზე გადაგეყარათ, ძალიანაც ნუ დაფეთდებით. მართალია, მოულოდნელად აეხდება ფარდა კონკრეტულ ამბავს და სიმართლე გამჟღავნდება, მაგრამ ეს თქვენ ჭკუის სასწავლებლად გამოგადგებათ და თან, ცოდნასაც შეიძენთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაც შეიტყვეთ, თქვენთვის ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რთულ გაკვეთილს მომავალში ყოველთვის მოსდევს მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენები და მიღწევები.
- ყვავი ქალაქშიც ბევრია, ბუს ალბათ ტყეში თუ ვნახავთ, მაგრამ ქვეწარმავალი ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით ზაფხულში. რას გვატყობინებენ ისინი?
- ყოველ ზაფხულს პანიკაა ხოლმე თბილისში: ამ ქუჩაზე, იმ ეზოსა თუ სახლშიც კი გველი ნახესო... თუმცა გველგესლას დაინახავთ, გიურზას თუ რომელიმე სხვა წარმომადგენელს გველების ოჯახიდან, სულ ერთია, ყველა მათგანი მნიშვნელოვანი გზავნილია სამყაროსგან. ეს რეპტილიები დედაბუნების გამოხატულებაა და პირდაპირ კავშირშია მასთან. ამიტომ მათთან შეხვედრა შეხსენებაა იმისა, რომ თქვენ დიდი ძალა და პოტენციალი გაქვთ, რომელიც კონსტრუქციულად უნდა გამოიყენოთ. ნუ იქნებით ეგოისტი, თქვენი ძალა კეთილ საქმეს მოახმარეთ. რაც შეეხება ხვლიკს, რომელსაც ყველგან შეიძლება გზად გადაგეყაროთ, სიზმრის სამყაროსთან ასოცირდება. ამიტომ, რა ჯიშის ხვლიკიც უნდა ნახოთ გზაზე, მიიღეთ როგორც სიგნალი იმისა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ სიზმრად ნანახს. ხოლო, თუ თავად არ შეგიძლიათ სიზმრის ახსნა, მიმართეთ შესაბამის საშუალებებს ან სპეციალისტს, რადგან როგორც ხვლიკი განიშნებთ, გზავნილი საყურადღებოა.
- რომელი მწერია გზავნილი სამყაროსგან?
- ჭრიჭინა, რომელიც ზღაპრულ ფერიადაც კი შეიძლება აღიქვათ. მისი სიმბოლიკა ერთმნიშვნელოვნად დადებითია და ამიტომაც, ამ პატარა აბეზართან შეხვედრა უცილობლად დასტურია იმის, რომ სწორ გზას ადგახართ. ეზოთერიკოსების აზრით კი, თუ ეს მწერი თქვენში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ეს ნიშნავს, რომ გზავნილი „იმიერ სამყაროდანაა“. გარდაცვლილ ახლობელს ასეთი სახით სურს, დაგამშვიდოთ და იმაში დაგარწმუნოთ, რომ ისევ თქვენ გვერდითაა და მისთვის სულ ერთი არ ხართ.
- როგორც ვიცი, კურდღელი და ირემიც შედის თქვენს სიაში. კურდღელს კიდევ შეიძლება სადმე გადავეყაროთ, შინაურ მეურნეობაში და ფერმებშიც ჰყავთ, მაგრამ ირემს, ძალიან ცოტა ვინმე თუ შეხვდება ცხოვრებაში და თანაც, შემთხვევით...
- ამიტომაც დავიწყოთ კურდღლით, რომელიც ყველაზე დადებითი ნიშანია მათ შორის, რაც კი შეიძლება გზაზე დაინახოთ. კურდღელი არა მხოლოდ უმშვენიერესი არსებაა, ასევე, სიმბოლოა: გაზაფხულის, ბედნიერების, ნაყოფიერებისა და სიუხვის. ჰოდა, როცა გზაზე მიმავალს წინ კურდღელი გადაგირბენთ, ან თუნდაც, წამიერად მოჰკრავთ მას თვალს, ჩათვალეთ, რომ უკვე ძალიან იღბლიანი ხართ - ეს ნიშანია საუკეთესო ცვლილებებისა! როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცხოველი ნაყოფიერების სიმბოლოცაა, ამიტომ თუ ქალმა დაინახა ის თავის გზაზე, მალე აუცილებლად დაფეხმძიმდება. დაბოლოს, ირემი, ეს დიდებული რქოსანი - მთვარის ქალღმერთის, არტემიდას ნებიერა. გარდა იმისა, რომ მისი გამოჩენა თქვენს გზაზე ორსულობას ნიშნავს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაყოფიერება არ არის მისი გზავნილი. ირემი ყველაზე იმედისმომცემი სიმბოლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მძიმე დრო გიდგათ. ირემი სამყაროს გზავნილია იმისთვის, რომ არ დანებდეთ და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან