ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ მიიჩნევა ნაგავი სახლის, სასიცოცხლო ენერგიის, ბარაქისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ

№15

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 21.04, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

თუ სახლში ცუდი სიტუაცია შეიქმნა და ფულიც წყალივით გაედინება, შეამოწმეთ ნაგავი, - მიგვითითებს ხალხური გადმოცემა-მინიშნებები და ამასვე გვირჩევენ თანამედროვე ეზოთერიკოსებიც. ალბათ, გაგიკვირდებათ, ნაგავი რა შუაშიაო, მაგრამ სწორედ ხსენებული მინიშნებების მიხედვით: რა დამოკიდებულებასაც გამოიჩენთ ოჯახში დაგროვილი ნაგვის მიმართ, იგივე აისახება სახლის ენერგიაზე, ფულსა და თქვენს ჯანმრთელობაზეც. მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ სახლში დაგროვილმა ნაგავმა ზიანი არ მოგაყენოთ, სწორედ ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი თამარ ც.

- როცა სახლში საქმე კარგად არ მიდის, ცუდი განწყობა სუფევს, ხშირია ჩხუბი და კამათი, ძალებისგანაც დაიცალეთ და ფულიც გაედინება - ესე იგი, კეთილდღეობა სახლს ტოვებს. ამ შემთხვევისთვის ჩვენი წინაპრების რჩევაა, ნაგავი შეამოწმოთ, ანუ მიხედოთ ნაგავს, - რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური დატვირთვა აქვს - ცხოვრების სიმბოლოდაა მიჩნეული. არ არსებობს მიწიერი ცხოვრება ნარჩენების, ანუ ნაგვის გარეშე და რაც უფრო მეტია - უკეთესი, ესე იგი, ხალხი კარგად ცხოვრობს - ბევრს ჭამს, იცვლის ტანსაცმელს, დაუნანებლად აგდებს ძველ, გატეხილ და გამოუყენებელ ნივთებს.

- რას ნიშნავს, ნაგავი როგორც სიცოცხლის სიმბოლო?

- ნაგავი ძველთაგანვე იყო როგორც სახლის, სასიცოცხლო ენერგიისა და დოვლათის, ასევე, ძალიან პირადული, ინტიმური სიმბოლოც. ალბათ, გსმენიათ: ჭუჭყიანი საცვლები სახლიდან არ გააქვთო, - და ეს ოჯახურ პრობლემებსა და ჩხუბზეა ნათქვამი, რომელიც უცხოს არ უნდა დაანახვო და გაუზიარო. სახლის ჭუჭყიანი თეთრეული უკიდურესად „პირადული ნაგავია“, ნამდვილი ნაგავი კი წინკარში, ბეღელსა და ნალიაში, საქათმესა და ბაგაში, ეზო-კარმიდამოში გროვდებაო, გვმოძღვრავენ წინაპრები... თავად სახლში ნაგავი გაცილებით ცოტაა: მტვრის, თმის ღერების, ძაფების, ნაკუწების, ნამცეცების, საჭმლის ნარჩენებისა თუ მსგავსი რამის სახით... და ამ ყველაფერს ჩვეულებრივ ღუმელში წვავდნენ ან სახლის ზღურბლს იქით გადახვეტავდნენ ხოლმე. დაგროვილი ნაგვის სადმე გატანა სულაც არ იყო საჭირო, პირდაპირ ქოხში შეიძლებოდა მისი განადგურება - ღუმელი ყველაფერს „ინელებდა“. რაც შეეხება საშინაო თეთრეულის გამომზეურებას - არაკეთილსინდისიერი ხალხი მაშინვე იწყებს მასში ხელების ფათურს და საეჭვო დასკვნების გამოტანას ოჯახში არსებულ სიტუაციაზე. შეუძლიათ მასზე შავი მაგიის გამოყენებაც. ანუ გარეთ გატანილი - ზღურბლს ქვეშ მოსროლილი „ნაგავი ალაპარაკდება“ და ისევ სახლში დაბრუნდება. ამავე მიზეზით არ გააქვთ საღამო ხანს დანარჩენი ნაგავიც. როგორც მაშინ მიაჩნდათ, ნაგავსაყრელზე ღამით ბოროტი ადამიანები და ბნელი ძალები დაძრწიან, ნაგავში იქექებიან და შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა წაართვან ყველას, ვინც წესრიგს დაარღვევს და ღამით ამ სახიფათო ადგილას - ნაგვის გროვასთან მისვლას გაბედავს.

- მაგრამ სახლშიც ხომ გროვდება ნაგავი, სანამ გადავყრიდეთ?

- განსაკუთრებულია სახლში ის ადგილი, სადაც ნაგავი გროვდება. ის ერთგვარი ცეცხლოვანი გეენაა, იგივე ლეგენდარული ნაგავსაყრელი, სადაც დღედაღამ გიზგიზებდა კოცონი უზარმაზარი ქალაქის, იერუსალიმის ნაგვისგან გასაწმენდად და დეზინფექცირებისთვის. იქვე წვავდნენ დამნაშავეთა ცხედრებს და სხვა ათასგვარ საშინელებას... ეს, ერთი მხრივ, ყოველგვარი სიბინძურის გასანადგურებელი ადგილი, იმავდროულად, ბნელეთით მოცული ბოროტი ძალების სათარეშო ასპარეზიც გახლდათ. ამიტომაც, უმჯობესია, წესები არ დაარღვიოთ და ასეთ ადგილებს დღის შუქზე ეწვიოთ! რაც შეეხება ნაგავს, როგორც სახლის, სასიცოცხლო ენერგიის, ბარაქისა და ჯანმრთელობის სიმბოლოს... აკი თავად ორგანიზმიც გამოყოფს ნარჩენებს, რაც სიცოცხლისთვის საჭირო ნორმალური პროცესია... ასევეა სახლიც - ნარჩენებს ისიც გამოყოფს. მაგრამ, როგორ ვექცევით ჩვენ მას? ჯანმრთელობას, ფულს, ოჯახურ ბედნიერებას თანდათან კარგავს ის, ვისაც დიდი ხანია, ნაგავი არ გადაუყრია და პაკეტებში მოთავსებულს სახლში ინახავს ან სადარბაზოში გააქვს და კართან დებს. დამპალი ნარჩენები, დიდი ხნით გაუწმენდავი სიბინძურე, დაგროვილი ნაგავი და მისი სახლში გაჩერება - ძალიან ცუდია... და უბედურებამდე მიგიყვანთ. ასევე ცუდია, თუ ნაგვის ურნას დატოვებთ ჭუჭყიანს. რაც უფრო აკურატულად მოიქცევით და გამძლე პაკეტებსა თუ სუფთა ჭურჭელს გამოიყენებთ ნაგვისთვის, მით უკეთესია. კარგია ჰიგიენის წესების დაცვა, სისუფთავე, სახლის ხარახურისგან გათავისუფლება და არ დაგავიწყდეთ, ყოველთვის დაასუფთავოთ „სანაგვე სივრცე“ ნიჟარის ქვეშ და აუცილებლად გარეცხოთ ნაგვის ურნა.

- რას გვეტყვით საჭმლის გადაყრასთან დაკავშირებით?

- საჭმლის ნაგავში გადაყრა არ არის რეკომენდებული და მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ გაფუჭებულია, რადგან ის უკვე საკვები კი არა, საწამლავია. თუმცა, უნდა ეცადოთ, რომ ზედმეტი პროდუქტი არ შეიძინოთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა და საჭმელი თქვენი მიზეზით გაფუჭდა, ამისთვის ფიქრში ბოდიში უნდა მოიხადოთ. მაგრამ, ვინც ნაგავში საღ პროდუქტს ხშირად აგდებს, ეს მას ჯანმრთელობისა და ბარაქის დაკარგვის ფასად დაუჯდება. რა დამოკიდებულებაც გაქვთ სახლში ნაგვის მიმართ, იგივე აისახება სახლის ენერგიაზე, ფულსა და თქვენს ჯანმრთელობაზე. ტყუილად კი არ არის გავრცელებული ამდენი წესი და სიმბოლური ქმედება „ნაგვისადმი“. თუმცა არც სტერილური სისუფთავეა კარგი სახლში. სადაც სიცოცხლეა, იქ ნაგავიცაა. სადაც საჭმელია, იქ ნარჩენებიცაა! მაგრამ ბალანსის დაცვა აუცილებელია. ლპობა, ხრწნა, სიბინძურის გროვა - ყველაზე ბნელი და საშიში სიმბოლოა... და კიდევ ერთი საინტერესო რამ: აღმოსავლური გადმოცემების მიხედვით, სიზმარში მენაგვის გამოსახულება „უბედური, ღარიბი ადამიანის სიმბოლოა, რომელიც ყველაფერს გაიღებს სხვების მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”. თუმცა სხვისი ემოციური ნაგვის მიღება და მისი „შენახვა“, ძალიან საშიშია. ასე რომ, ნაგავი საკმაოდ საინტერესო და უძველესი სიმბოლოა. აბა, ტყუილად ხომ არ გამოსახავდნენ რომაელები ათასობით წლის წინ საკვების ნარჩენებსა თუ სხვა ნაგავს თავიანთი მდიდრული ვილების მოზაიკურ იატაკზე. ნაგავი ხომ ფული, საკვები, სახლი, კეთილდღეობა... და ოჯახის მფარველ სულთა საკვებია... მთავარია, ნაგავს სწორად მოეპყრო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა