რატომ განსაზღვრავს კატის მაგიურ ძალას მისი შეფერილობა, რით ეხამება ამ ცხოველის ხასიათი და თვისებები ქალისას და რა დაავადებებს კურნავს „თეთრი მკურნალი“
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 12.02, 2021 წელი

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ კატების მოყვარული ქალი გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცი და ეს შემთხვევითი როდია - კატა ენერგეტიკულად ბევრად უფრო ახლოა ქალთან, მისი სრულიად განსხვავებული შეგრძნებისა და აღქმის უნარის გამო. ქალსა და კატას შორის იდუმალ ერთობას დაუფიქრებია ბევრი და ამ თემას უამრავი მხატვრული ნაწარმოებიც მიეძღვნა. კატის არქეტიპი არსებობს ფსიქოლოგიაშიც, თუმცა ყველაზე მეტად ამ თემამ გამოძახილი მაგიაში ჰპოვა. კატა ხომ სამყაროთა ზღვარზე - ფიზიკურსა და ასტრალურს შორის მოდარაჯის სიმბოლოა. თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე და განსაკუთრებით ქალზე კატას, როგორ იცვლება მისი აურა და უნარები ბეწვის შეფერილობის მიხედვით ან მათგან რომელი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით - ამ და კიდევ თემასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ამბებს შეიტყობთ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგისგან, ქალბატონ ევა მ-სგან.
- როგორც ჩანს, უძველესი დროიდან, რაც კატა შინაური ცხოველი გახდა, სახლში კატის შეყვანის ინიციატორიც სწორედ ქალი გახლდათ და მიუხედავად ქმრის ბუზღუნისა, მედგრად იცავდა ის საყვარელი არსების უფლებებს. ეს გრაციოზული ცხოველი პრივილეგირებულია იმ დროიდან, როცა ძაღლს ტოვებდნენ ქუჩაში, ძროხას - ბოსელში და ცხენს - თავლაში. მაშ ასე, კატის ენერგეტიკა იპყრობს მთელ იმ ტერიტორიას, რომელსაც თავისად მიიჩნევს, იქ მცხოვრებ ადამიანებთან ერთად. თუმცა უფრო მეტად იმაზე ზემოქმედებს (როგორც დადებითად, ისე უარყოფითად), ვისაც მეტადაა მიჯაჭვული. ის გადასარევად გრძნობს დიასახლისის ემოციურ მდგომარეობას და მისი მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, თუ კატამ არამეგობრული დამოკიდებულება იგრძნო, ზოგჯერ „ენერგეტიკულ“ შურისძიებაზეც მიდის.
- რაში მდგომარეობს კატის მაგიური ძალა?
- კატის აურას განსაზღვრავს მისი შეფერილობა და დავიწყოთ „ულვაშა მაგისგან“ - ანუ შავი კატისგან, რომელიც საცხოვრებლიდან განდევნის არასასურველ ასტრალურ ძალებს, ბლოკავს ნებისმიერ უარყოფით ზეგავლენასა და ოკულტურ თავდასხმას. ის მეტწილად უახლოვდება ქალს, რომელსაც ბევრი მოშურნე და ფარული მტერი ჰყავს. თუ დიასახლისს პერიოდულად თავს ესხმიან უარყოფითი ემოციებით, როგორიც შური და სიძულვილია, კატა „ასუფთავებს“ პატრონის ნატიფ ველს, ხოლო თუ ჯადოა გაკეთებული, ეს ცხოველის ქცევასა და ჯანმრთელობაზეც აისახება. სწორედ ამ პრინციპით ირჩევენ მაგიის მსახურნი შავ კატას. თუმცა შავი კატის ამ უნარებს თავისი ნაკლოვანებებიც აქვს. მაგალითად, პათოგენურ ზონაში (ადგილი, სადაც დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი უარყოფითი ენერგეტიკა) შავი კატა (მდედრი) მოქმედებს როგორც ენერგეტიკული მტვერსასრუტი და რაც უფრო ხშირი და გრძელია ცხოველის ბეწვი, მით უფრო დიდია ეფექტი. თუმცა ეს არ ეხება სპარსულ კატებს (ამ ჯიშის კატებს ორგანიზმში ყველა პროცესი შენელებული აქვთ). ამის შემდეგ კატას სჭირდება გარკვეული დრო, რომ შესრუტული ნეგატიური ენერგია დადებითად გარდაქმნას. ამიტომ, თუ კარგ ხასიათზე ხართ, ერთ წუთზე მეტხანს არ მოეფეროთ შავ კატას. არ ღირს მისი ალერსისა და ჩახუტების გამო ძილი და მოსვენება დაკარგოთ. მაგრამ ნერვიულ, კაპარჩხანა და სკანდალურ ქალბატონს შეუძლია დაუსრულებლად ეფეროს შავ კატას, რომელიც დაამშვიდებს მას და ნატიფი სხეულიდან ენერგეტიკულ პარაზიტებსაც განდევნის. რაც შეეხება ქრონიკულად უიღბლო ქალებს, მათთვის შავი კატა რეკომენდებული არ არის. თუ სიყვარულში არასდროს გიმართლებთ, შავი კატა მხოლოდ გააძლიერებს ამ პრობლემას. ხოლო, თუ პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზეა და კარიერაც აწყობილი გაქვთ, მისი წყალობით თქვენი კეთილდღეობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება.
- რაც შეეხება სხვა ფერის კატებს...
- „თეთრი მკურნალი“, ასე უწოდებენ თეთრ კატას, რადგან მისი აურა მკურნალობას ემსახურება. მას შეუძლია ქალი-პატრონი განკურნოს როგორც სპეციალურად, ასევე უნებურადაც, განსაკუთრებით გინეკოლოგიური დაავადებებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნის დროს. თეთრი კატა ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზებას, განსაკუთრებით სწყალობს მცირეწლოვანი ბავშვების დედას. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ფერის ჩართვა კატის ქათქათა ბეწვში, საგრძნობლად ასუსტებს ძირითადი ფერის გავლენას. შემდეგია „რუხი კარდინალი“ - ნაცრისფერი ანუ ფულის კატა: შეუცვლელი თანამგზავრი ბიზნეს-ლედისა თუ მეწარმე ქალბატონისთვის. „რუხი კარდინალი“ არასდროსაა ხელისუფალი, სამაგიეროდ, ენერგეტიკულად მუდმივად თავისი ქალბატონის გვერდითაა. თუ ნაცრისფერი იზიდავს ფულს და ხელს უწყობს ხელშეკრულებების გაფორმებას რეალიზატორებთან; ნისლისფერი და ცისფერი კატა ვაჭრობისა და საშუამავლო მომსახურების მფარველია: დაგიფარავთ კონკურენტის ავი თვალისგან; დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ რთულ სიტუაციებს; გამოიყენოთ ხრიკები ისე, რომ სხვისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ტყუილად კი არ უწოდებენ ზოგიერთ სქემას „რუხს.“ რაც შეეხება ჭრელ კატას, იგივე „ზოლებიან ბედნიერებას“ - თუ მინიშნებებს დავუჯერებთ, სამფეროვან კატას ბედნიერება მოაქვს. მიუხედავად სამი ფერისა - შავის, თეთრისა და წითურის, მათგან ერთ-ერთი დომინანტია და სწორედ ისაა გადამწყვეტი კატის ენერგეტიკის შეფასებისას. კატა შავ-თეთრ ზოლებში ცვლილებების სიმბოლოა და შეეფერება ქალს, რომელსაც ძირფესვიანად უნდა თავისი ცხოვრების შეცვლა. უმჯობესია, ასეთ კატას კუდი თეთრი წვერით უმთავრდებოდეს, რათა ცვლილებათა საბოლოო შედეგი იყოს ნათელი და არა - ბნელი.
- რას გვეტყვით წითურ კატაზე?
- „წითურ გაიძვერადაა“ ცნობილი და ყველაზე წინააღმდეგობრივი აურა აქვს. ჟღალი თმა ყოველთვის ასოცირდებოდა სიცრუესა და ვერაგობასთან, ასევე სექსუალობასთან... წითური კატა „სიყვარულის მაგია“, ის მიმზიდველობას მატებს თავის ქალბატონს და სიყვარულს იზიდავს მისკენ. მას ადარებენ ტემპერამენტიან, სექსის მოყვარულ ქალს. ფერთა შეხამების თვალსაზრისით, წითური და შავი თავისებურ კონფლიქტშია ერთმანეთთან. ტყუილად კი არ იყენებენ შეყვარებულთა დასაშორებელ მაგიურ რიტუალში წითური კატისა და შავი ძაღლის ბეწვის ბღუჯას (კატა და ძაღლივით რომ იჩხუბონ). ასე რომ, შავგვრემანმა ქალმა, წითური კატა (მამრი) არ უნდა გაიკაროს, თუ პირად ცხოვრებაში გაურკვევლობა, ან პარტნიორთან, მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან