ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ არ უნდა გააკეთოთ დილით არაფერი, სანამ პირს არ დაიბანთ და ადამიანის სხეულის რა ნაწილებშია ჩამალული ოდესღაც გამოუყენებელი რესურსის მარაგი

№51

ავტორი: ნანა წერეთელი 11:00 02.01

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ადამიანი ყველაზე მეტად დემონური ძალებისგან დაუცველი ძილშია და ეს მას კოშმარების და გამონაკლის შემთხვევაში, ცემის ფასადაც კი უჯდება. სწორედ ამიტომ, რომ ღამის მწვალებლებისგან დაეხსნა თავი, ადამიანმა უძველესი დროიდან შეიმუშავა წესი: დილით, პირის დაბანამდე არაფერი აკეთოსო, - განმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი ზაურ ჯ. და ამავე ინტერვიუდან გვატყობინებს, რომ სხეულის სხვადასხვა წერტილში ფარული რესურსი გვაქვს, რომელიც ჩვენგან „მოთმინებით“ ელოდება გააქტიურებას, რათა უსიამოვნებისგან გვიხსნას.

- ყველაზე დაუცველი ადამიანი ძილშია. ამ დროს მას კოშმარებისა და უცნაური, შეუფერებელი აზრებით უტევს უწმინდური ძალა, რომელთაგან ცემის შემთხვევებიც კია დაფიქსირებული: როცა ადამიანი არა მხოლოდ იმის შეგრძნებით იღვიძებს, რომ ნაცემია, არამედ სხეულზე ჩალურჯებები და დაზიანებებიც კი აღენიშნება. თუმცა ეს საკმაოდ იშვიათია. სწორედ ამ უძველეს რწმენას უკავშირდება წესი: დილით არაფერი გააკეთო, სანამ პირს არ დაიბან. რა თქმა უნდა, ფიზიკური წყალი სულიერ უწმინდურებას ვერ მოგაშორებთ, მაგრამ წყალი სულიწმინდის ნათლობის სიმბოლოა. ამიტომ, ასუფთავებს ის როგორც სულს, ასევე სხეულს. ასე რომ, დილით პირის დაბანა გაგწმენდთ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.

- როგორ ხდება ეს?

- რადგან უწმინდურება თუ თავსმოხვეული აზრი გაღვიძებისთანავე ჩაგებეჭდებათ გონებაში, სანამ პირს არ დაიბანთ, ხმაც კი არავის უნდა გასცეთ. სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის მიმდევარნი, წყლის ამ პროცედურის რიტუალს განსხვავებულად ატარებენ. მაგალითად, მუსლიმები სახეს სამჯერ იბანენ, რის შემდეგ, სველ ხელისგულებს თმაზე გადაისვამენ, ყურებს კი ცერა თითებით იწმენდენ. ინდოელთა უმაღლესი კასტის წარმომადგენელმა ბრაჰმანებმა კი, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველდღიური შხაპის მიღების სავალდებულო წესი არ უნდა დაარღვიონ. დავამატებ იმასაც, რომ გაღვიძებისას ჩვენი აურა უკიდურესად დაუცველია. შესაძლოა, თქვენც შეხვედრიხართ ადამიანებს, ან იქნებ, თავადაც ისეთი ხართ, ვისაც დილით საუბარი არ სურს. ასეთ შემთხვევაში, თქვენ ქვეშეცნეულად ემორჩილებით გავრცელებულ წესს: დილა პირდაუბანელმა არ დაიწყოთ, რადგან ამან შეიძლება, მთელი დღე ჩაგაშხამოთ, ბედი ხელიდან გამოგაცალოთ. ეს რიტუალი სწორედ წყლის გამწმენდ თვისებებს ეფუძნება, რომელსაც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ენერგეტიკული ზემოქმედება შეუძლია. გირჩევთ, გაღვიძებიდან პირველი ნახევარი საათი ან - ერთიც კი, არ შეეხოთ ტელეფონს, არ გაეცნოთ სიახლეებს, არ ჩართოთ ტელევიზორი. თქვენ ჯერ კიდევ ძალიან დაუცველი ხართ ნეგატიური ამბების მიმართ. უპირველესად, დაიბანეთ პირი და საკუთარ თავს, მინიმუმ, 30 წუთი დაუთმეთ, დაიტოვეთ დრო, რომ ცნობიერება გამოფხიზლდეს. ეს, რაც შეეხება დილიდანვე იმის ხელშეწყობას, რომ მთელმა დღემ კარგად ჩაიაროს. ახლა კი შევეხები იმ ფარულ რესურსს, რომელიც ადამიანის სხეულის სხვადასხვა წერტილშია ჩამალული და მისი გააქტიურება არც თუ ისე რთულია. მთავარია, ამის შესახებ იცოდეთ.

- რა საიდუმლო წერტილებს გულისხმობთ?

- მაგალითზე უფრო იოლია ახსნა. როცა ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს - მხრებს უჭერს; მოწყენილი - მკერდს კუმშავს; შეშინებული კი - მუცელს ღრმად შეისუნთქავს და სუნთქვას იკავებს. შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, მაგრამ თქვენი სხეული ყოველთვის იმახსოვრებს იმას, რაც გონებამ გამოიმუშავა. ამიტომ, ხელახლა უნდა მოიპოვოთ წვდომა სხეულის იმ ადგილებზე, სადაც თქვენი რესურსია დამალული. ეს არ არის „ენერგია“ ეზოთერული გაგებით, არამედ თქვენი ძალაა - ცოცხალი, რეალური, დავიწყებული, მაგრამ არა - გამქრალი.

- რისთვის ინახავს სხეული რესურსებს?

- ადამიანის სხეული რუკაა. ყოველი ბლოკი, დაძაბულობა თუ სპაზმი კი, მხოლოდ კუნთი არ არის. ეს ისტორიაა, რომლის გამოხატვაც ოდესღაც ვერ შეძელით. ეს რეაქციაა, რომელსაც თრგუნავდით, ემოციაა, რომელიც ჩაახშეთ. მაგრამ ტკივილთან ერთად, თქვენ დალუქეთ ძალაც, რომელსაც სხეულში სძინავს და გელოდებათ, როდის მიმართავთ. სად არის დამალული ეს „საიდუმლო წერტილები“? - თქვენ ეს უკვე იცით, რადგან, ერთხელ მაინც გექნებათ განცდილი: როგორ შეგეკრათ სიბრაზისგან სუნთქვა ან ყელი ისე გადაგეკეტათ, რომ ყვირილი გინდოდათ და ხმას ვერ იღებდით. სწორედ აქ „ცხოვრობს“ თქვენი რესურსები, სადაც დიდი ხანია, არ შეგიხედავთ. უპირველესად, ეს არის მზის წნულის არე - ცენტრი, სადაც „დარტყმას იღებთ“. როდესაც დათრგუნული, დამცირებული, იგნორირებული ხართ - თქვენ ქვეცნობიერად ჭიმავთ მუცელს. სწორედ აქ გროვდება... არა შიში, არამედ გამოუხატავი ნება, ძალა, უფლება იმისა, განაცხადოთ: „მე ვარ“.

- რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

- დაიდეთ წნულზე ხელისგული, ოღონდ არ დააჭიროთ. უბრალოდ, შეიგრძენით, ყოველგვარი მიზნისა და ანალიზის გარეშე. გაოცდებით, რამდენი რამაა შიგნით განუცდელი და ჩაკეტილი. გადავინაცვლოთ კისრის ძირისა და თავის უკანა ნაწილის არეში. აქ იმალება დაძაბულობა „კარგად ყოფნისთვის“, რაც ეხება: სახის შენარჩუნებას, ყველასგან მხარდაჭერას, დაღლილობის არშემჩნევას. კისერი ის ადგილია, რომლის საშუალებითაც „იკავებთ“ ემოციებს, როცა მისი თავისუფლად გამოხატვა არ შეგიძლიათ. ამ დროს თავი აქეთ-იქით ნაზად გააქნიეთ, არ „დაჭიმოთ“ და წარმოთქვით: „უნდა მოვდუნდე. არავისთვის არაფრის დამტკიცება აღარ მჭირდება“. შემდეგია ნეკნები და გულმკერდის ცენტრი. თქვენ იცით, რომ სწორედ აქ დუღს „ემოციები გულისა“: წყენა, გულისტკივილი, მაგრამ - სიყვარულიც. აქ არის ადგილი საკუთარი თავისადმი თანაგრძნობისა. ორივე ხელი გულზე მიიდეთ, ჩაისუნთქეთ და ჰკითხეთ თავს: „რის გაჩერება აღარ მინდა აქ?“ პასუხი მოვა არა გონებიდან, არამედ შინაგანი სიღრმიდან. რაც შეეხება ხელებს, ორივე გამოხატავს: მოქმედებას, შეხებას, გაცემას, საზღვრებს. თუ „ზიდვამ“ დაგღალათ, ამას მაშინვე ხელისგულებით იგრძნობთ; თუ „აღების“ გეშინიათ, ხელები გაგიცივდებათ; თუ მუდმივად „გასცემთ“ - პირიქით მოხდება. ასეთ დროს შეაერთეთ ხელისგულები, იგრძენით მათი სითბო და წარმოთქვით: „შემიძლია ავიღო, დავიჭირო და გავუშვა კიდეც“... და ეს ყველაფერი სპეციალური ტექნიკა კი არა, საკუთარ თავთან დაბრუნებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი