ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ არ უნდა გააჩეროთ სახლში ძველი, უსარგებლო ნივთები

№1

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სახლიდან გაიტანეთ და დაუნანებლად გადააგდეთ - თქვენც და მთელი ოჯახი ენერგიით აივსებით და ხასიათიც გამოგიკეთდებათო, - გვირჩევენ ეზოთერიკოსები და ხომ იცით, ზოგჯერ ყველაზე მარტივი ქმედება ყველაზე ეფექტურია!.. იკითხავთ, რის გადაგდებაზეა ლაპარაკიო და სწორედ ამას შეიტყობთ დღეს ჩვენი რუბრიკიდან. ეზოთერიკოსი ქალბატონი, ნუნუ ბ. დაწვრილებით აგიხსნით, რის დატოვება აღარ შეიძლება სახლში, რატომ არის ძველი და უსარგებლო ნივთებისა თუ გამხმარი მცენარეების შენახვა არასწორი... და ალბათ, დამეთანხმებით, რომ სწორედ ასეთი „წმენდა“ ყველაზე ეფექტური ახალი წლის წინაა: როგორც დახვდები, მთელი წელიც ისე ჩაივლის!

- რჩევა განსაკუთრებით ამართლებს, თუ მას ერთი ჩვეულებრივი მოლაყბე კი არა, ისეთი ვინმე მოგცემთ, წესრიგის ფასი მხოლოდ სამზარეულოში კი არა, ცხოვრებაშიც რომ იცის. მაგალითად: შემოდის დედა - მკაცრი, მომთხოვნი, რომლის „შინაგანი კომპასი“ იშვიათად თუ ცდება და მოულოდნელად, ამბობს: „რაში გჭირდება ეს ცოცხი ვაზაში?“ და ეს „ცოცხი“ შეიძლება სწორედ ის საახალწლო მორთულობა აღმოჩნდეს, თაიგულად რომ შეჰკარით ნაძვის ტოტებისგან და გულმოდგინედ „მოკაზმეთ“. ახლა კი ყველასგან მივიწყებულს, წიწვები დასცვენია და მხოლოდ დამჭკნარი ვარდიღა შერჩენია ეულად. თითქოს, წვრილმანია, მაგრამ მოულოდნელად, ეს წვრილმანი სერიოზულ სახეს იძენს: „სახლში გამხმარი მცენარეები ენერგიას გაცლის. არ აპირებ ამის გადაგდებას?“ ბავშვობაში ასეთი რამ გაზვიადებად მოგეჩვენებოდა, მაგრამ ასაკთან ერთად, იმის გაგებასაც იწყებ, რომ თითოეული ასეთი შენიშვნა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, პრეტენზია ინტერიერის შესახებ. ესთეტიკა აქ არაფერ შუაშია. საქმე ისაა, რომ ეს გამხმარი, მკვდარი, უძრავი მცენარე, თითქოს ნელ-ნელა აცლის ადამიანს სასიცოცხლო ძალას. ისევე, როგორც ძველი ნივთი, რომელსაც სითბო კი არა, დაღლა „შეუნახავს გულში“... და ეს სიმართლეა: რაც არ უნდა უცნაური იყოს, სახლიდან დამჭკნარი თაიგულის გადაგდება, სივრცეს მეტი ჰაერით, სივრცითა და სიმსუბუქით ავსებს... და ეს არ არის მაგია, ეს ფსიქოლოგიაა და ცოტაც, ინტუიცია.

- კონკრეტულად, მაინც რა გვაცლის ენერგიას, ძალასა და კარგ განწყობას?

- უპირველესად ძველი ნივთები. ალბათ, იცით, რომ იტალიელები ახალი წლის წინ ძველ ავეჯს ყრიან. არა იმიტომ, რომ გატეხილი ან დაზიანებულია, უბრალოდ, ახალი ცხოვრებისთვის ათავისუფლებენ ადგილის და არ აქვს მნიშვნელობა, ახალი კომოდი ექნებათ თუ უბრალოდ, ახალი იდეა - ცარიელი სივრცის გარეშე, მას მაინც ვერსად დადგამენ. კარადაშიც ბევრია ისეთი ნივთი, რომელიც აღარ გჭირდებათ - დახეული არ არის, მაგრამ არც აქტუალურია. ოდესღაც რბილი, თბილი „ჩემი საყვარელი“ სვიტერი, ახლა აგარაკზე რომ აღარ იცვამთ, მხოლოდ წარსულის სიმბოლოა - მყუდრო, მაგრამ დასრულებული. მოგონებას აღძრავს, მაგრამ მოგონება ხომ ქსოვილში არ არის, ის გულშია. სვიტერი ვერ დააბრუნებს იმ დროს - მხოლოდ ამის ილუზიას ქმნის. დრო კი წინ მიიწევს და ადამიანმაც მასთან ერთად უნდა იმოძრაოს. ბრძენი ხალხი ამბობს: თუ ნივთი წელიწადში ერთხელ მაინც არ გამოგიყენებია, უსარგებლოა, თავის ფუნქციას არ ასრულებს და მხოლოდ ადგილს იკავებს - როგორც სახლში, ასევე - ცხოვრებაშიც: ძველს თან მიათრევს, ახლის შემოსვლას კი ხელს უშლის. იგივე ეხება ჭურჭელს: დაბზარულ ჭიქებს, დამტვრეულ თეფშებს. შეიძლება გამოსაყენებლად ვარგა, მაგრამ მათ ბზარებში იმალება არა სარგებლის, არამედ ზარალის ენერგია. თითქოს მუდმივად რაღაც არც ისე კარგი ხდება, ალბათ, სიმბოლურად, მაგრამ სახლში ხომ ყველაფერი სიმბოლურია.

- სამახსოვროდ შეგროვილ ნივთებზე რას გვეტყვით?

- ბევრი ზღვიდან ნიჟარებს, მდინარეებიდან კენჭებს, მოგზაურობიდან კი მაცივარზე მისაკრავ მაგნიტებს ეზიდება, თუმცა შთაბეჭდილებების ნაცვლად, მათ დანახვაზე აეროპორტში რომ ჩანთა მოპარეს, ის უფრო ახსენდება და უსიამოვნო მოგონებებთან აბრუნებს. რა აზრი აქვს ამას? თუ დაფიქრდებით, ნიჟარა ცარიელი სახლია. იქ აღარავინ ცხოვრობს. ძველი, მიტოვებული ბნელი ბინაა, რომელსაც დიდი ხანია, აღარც ფარდები აქვს. თავიდან ნოსტალგია გეუფლება, შემდეგ - სევდა გიპყრობს, ბოლოს კი გრძნობ, დროა, კარი დახურო და გზა განაგრძო. აღსანიშნავია ასევე, გაჩერებული საათი სახლში, რაც უბრალო დამთხვევა არ არის - სიმბოლოა იმისა, რომ რაღაც გაჩერდა, გაიყინა, არ მოძრაობს. დრო მხოლოდ ფიზიკური პროცესი არ არის, ეს შინაგანი ენერგიაა, ნაკადია. ის თუ გაჩერდება, უძრაობა ისადგურებს, რასაც დამყაყებული, ჭაობის სუნი ასდის. ეს აპათია, უძლურება, სიცოცხლისადმი ხალისის დაკარგვაა. ამ დროს კი, საკმარისია, ელემენტი ჩასვათ და ისრები ისევ დაიწყებს მოძრაობას, მათ შორის - სულშიც...

- და ყველაფერი თავიდან იწყება?

- დიახ. ნელა, ყოყმანით, მაგრამ მაინც იწყებს მოძრაობას. როდესაც სახლში მხოლოდ აუცილებელი, სასიამოვნო და ცოცხალი რამეები რჩება, ცხოვრებაც, თითქოს ამაზე რეაგირებს. აღარც დილით ადგომა გიჭირთ, ფიქრებიც იცვლება და ურთიერთობებიც უმჯობესდება. არა იმიტომ, რომ ძველი სამოსი გაქრა, არამედ, მასთან ერთად გაქრა ის ტვირთიც, რის სიმბოლოსაც წარმოადგენდა. არეულობა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ არის. ეს ის ყველაფერია, რაც წინსვლაში გვიშლის ხელს: განცდა, მოგონებები, წყენა, ილუზიები... და მათთან, ისევე, როგორც სხვა უსარგებლო ნივთებთან ერთად, რომლებიც აღარც გვჭირდება, არც გვათბობს და არც სიხარულს გვანიჭებს - უმჯობესია, „გავუშვათ“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ტეხენ ხმაურს - ხმაურს ჩვენს ფიქრებში, გრძნობებში, ცხოვრებაში. როგორც ვაცლავ ჰაველმა თქვა: „მომავალს ვერ გაუმკლავდები, თუ სახლი წარსულითაა სავსე“. რა თქმა უნდა, ეს დასუფთავება სიტყვა-სიტყვით, მხოლოდ მტვერსა და ჩვარს არ ეხება. ეს გულისხმობს გამბედაობას, სიცოცხლის არჩევანს, აწმყოს, წინსვლას მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება საშიშია ან წარსულის დათმობა გიჭირს, გული გწყდება. წარსული ხომ წასულია, მოსახდენი უკვე მოხდა, წინ კი ბევრი რამ გველის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი