რატომ არ უნდა დაზოგოთ ფული შავი დღისთვის და რა კავშირია ადამიანის შინაგან განწყობასა და ფულადი ნაკადების მიმოქცევას შორის
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00
ყველას სურს, ჰქონდეს დანაზოგი - თანხა, რომელსაც შავი დღისთვის გადადებს. თუმცა, შეიძლება ყველა არა, მაგრამ უმეტესობა მაინც იმას ფიქრობს, რომ გამიჭირდეს, მაშინ რა ვქნაო და ზოგავს, როგორც შეუძლია, იმ შავი დღის მოლოდინში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამგვარი „მომჭირნეობა“ სულაც არ ყოფილა კარგი. ფული ენერგიის ნაკადია და მისდამი ჩვენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული, მოვა ჩვენთან, თუ „სათოფეზეც არ გაგვეკარება“. თუ რა შინაგან განცდებზეა ლაპარაკი, რა შემთხვევაშია დანაზოგი ცუდი, ან როგორ უნდა მოვიპოვოთ ფულის „კეთილგანწყობა“, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მერი ქ.
- თუ არ გსურთ, ყველაფერი დაკარგოთ, არასდროს დაზოგოთ ფული შავი დღისთვის. ფული მხოლოდ გარკვეულ ზომაზე დაჭრილი ქაღალდი, ან ბარათზე აღნიშნული რიცხვები არ არის. ფული ენერგიის ნაკადია, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და არ არის მნიშვნელოვანი მისი რაოდენობა: 100 ლარია თუ მილიონი - მხოლოდ ფულის აღქმის თქვენი შინაგანი შეგრძნება განსაზღვრავს: მოვა, წავა, დარჩება, თუ საერთოდ, გაქრება ის.
- რა არის ფულის ენერგია?
- დღეს ვისაუბრებთ ფულის ენერგიაზე და ყველაზე გავრცელებულ მოსაზრებსა თუ ფრთიან ფრაზაზე, რომლის სისწორეში, მგონი, ბავშვსაც კი არ ეპარება ეჭვი: „შავი დღისთვის დანაზოგს“ რომ გულისხმობს, რატომ ანადგურებს თქვენს ფულად ნაკადებს. ფული მათემატიკას კი არა, მოძრაობას ექვემდებარება. მართალია, გარეგნულად ისე ჩანს, რომ ფული ეკონომიკას, ანგარიშებს, დანაზოგებსა და სესხებს ნიშნავს, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, ფული სიმბოლოა ენერგიის მოძრაობისა. როცა ადამიანი სიხარულს გრძნობს, ხელგაშლილია და სიკეთით შთაგონებული, ფული შემოდინებას იწყებს. მაგრამ, თუ ხელმოჭერილად ცხოვრობთ, დანაკარგის გეშინიათ და სულ ის გიტრიალებთ თავში, რომ: „არ შემიძლია“, „არ ვიმსახურებ“ ან „უნდა დავმალო“, ფული იჭედება ან ქრება. ფულს უყვარს თავისუფლება. არ მოსწონს, შიშის გამო რომ კეტავენ.
- რატომ არის ცუდი ფულის შავი დღისთვის გადადება?
- რა თქმა უნდა, გაკვირვებთ ასეთი განაცხადი, რადგან ბავშვობიდან თითქმის ყველასგან გესმოდათ შეგონებები: „დაზოგვა აუცილებელია, რა იცი, რა ხდება და რაში დაგჭირდეს?!“; „დაზოგე, უცებ ავად რომ გახდე, კრიზისი შეიქნას ან სამსახური დაკარგო მოულოდნელად?!“; „დანაზოგს ნუ შეეხები - დაგჭირდება!“. ეს სიტყვები ფულს ერთი ვიბრაციით ავსებს: შიშით. თქვენ სიტყვასიტყვით უცხადებთ სამყაროს: „უბედურებას ველოდები. შინაგანად ამ სცენარით ვცხოვრობ“. ამის შემდეგ კი გიკვირთ, ეს სცენარი რეალობად რომ იქცევა და თანდათან მთელ თქვენს ცხოვრებას მოიცავს. მაგრამ ეს ხდება არა იმიტომ, რომ ფული „გსჯით“, არამედ იმიტომ, რომ თავად უნარჩუნებთ თქვენს ცხოვრებას ხელმოკლეობის „სტატუსს“.
- როგორ მუშაობს ფულის ენერგია?
- ფული იქაა, სადაც მოძრაობაა. თუ მას პროექტებში, თავის მოვლისთვის, სწავლაში, სხვების დასახმარებლად ჩადებთ, ფულის ნაკადი ცოცხლდება. მაგრამ, ჟონავს იქიდან, სადაც მისი დაკარგვის მუდმივ შიშს დაუსადგურებია. დანაკარგის შიში იწვევს გაჟონვას მაშინაც კი, თუ ყველაფერი გათვლილი გაქვთ. თუმცა, ფული უკანვე დაგიბრუნდებათ, თუ მის მნიშვნელობას დააფასებთ. ფული არ არის მიზანი. ის ენერგიის გაცვლის ინსტრუმენტია. თუ იცით, რატომ გჭირდებათ ფული, რას აშენებთ მისი საშუალებით (რაც გულისხმობს, არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ ცხოვრების ხარისხს, სიხარულს, მხარდაჭერას), ის იპოვის თქვენამდე გზას.
- ესე იგი, საერთოდ არ უნდა გადავდოთ ფული?
- არა, ფინანსური ბალიშის ქონა გონივრული პოზიციაა. მაგრამ! არსებობს განსხვავება: დაზოგვა საკუთარი თავისთვის - შეიქმნათ კარგი პირობები, უზრუნველყოთ უსაფრთხოება, განვითარდეთ და გაიზარდოთ; და, დაზოგვა კატასტროფის შიშით. თქვენი შინაგანი მდგომარეობა დაზოგვის დროს მთავარი მაგნიტია. რა მიზნით ზოგავთ ფულს? - საკუთარი თავის გასაძლიერებლად თუ დასასჯელად, რომ, რაც შეიძლება შეიზღუდოთ თავი სურვილებისგან და შიშით დაზაფრული ჩირგვებში იმალებოდეთ?
- როგორ გადავეწყოთ ფულის ჯანსაღ ენერგიაზე?
- რამდენიმე რჩევას მოგცემთ: გადახედეთ თქვენს ცხოვრებისეულ სცენარებს - სად გრძნობთ თავს ყველაზე დაუცველად, მხოლოდ უარესის მოლოდინში? ნება მიეცით საკუთარ თავს, ფული სიხარულით, სიამოვნებით დახარჯოთ და არა - დანაშაულის გრძნობით. დაზოგეთ, მაგრამ არა შიშის გამო, არამედ საკუთარი ეგოს, „მეს“ პატივსაცემად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად; იმუშავეთ, არა მხოლოდ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხის იმედად, არამედ შინაგანი რწმენით, რომ: „მე შემიძლია“, „მე ამის ძალა შემწევს“, „მე ღია ვარ ფულის ნაკადის მისაღებად“.
- ესე იგი, ფული მიდის იქ, სადაც მეტი სიცოცხლეა?!
- ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც მთელ თქვენს ფინანსურ რეალობას შეცვლის, ძალიან მარტივია: ფული არ მიდის იქ, სადაც ყველაფერი იდეალურად არის გათვლილი და არც იქ, სადაც ადამიანი შიშს შეუპყრია. ფული მიედინება ცოცხალი, თავისუფალი, გულღია ადამიანისკენ, რომელიც მას აღიქვამს ენერგიად და არა - საფრთხედ. ამიტომ, შეწყვიტეთ ცხოვრება შავი დღის მოლოდინით. ირწმუნეთ საკუთარი თავის და მეტი თავდაჯერება გამოიჩინეთ. აი, მაშინ ფულიც შეწყვეტს მტრობას და თქვენი თანამგზავრი გახდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




