ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ არ უნდა დახარჯოთ ხელფასი მისი აღების დღეს და რა სარგებელი მოაქვს მთელი ხელფასის ერთი ღამით სახლში დატოვებას

№31

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 13.08, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

უმეტესობას ხალხური გადმოცემები, ცრურწმენები და მინიშნებები მაშინ ახსენდება, როცა რაღაც ცუდი ხდება მის ცხოვრებაში. თუმცა მინიშნებათა უმრავლესობა წარმატების წინასწარმეტყველებაა. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება მინიშნებები ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, რაც არა მგონია, ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. ფული ყოველთვისაა საჭირო, განსაკუთრებით კი ამ ცხელ სეზონზე - როცა ყველას დასვენება და გართობა სურს. ამიტომ, ყურადღებით მოუსმინეთ ჩვენს რესპონდენტს, ეზოთერიკოს, ქალბატონ თეა მ-ს, რომელიც სწორედ ამ აქტუალურ თემაზე არსებულ რამდენიმე სანდო მინიშნებაზე ისაუბრებს და თან, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებელ მინი-რიტუალსაც შემოგთავაზებთ.

- ძალიან საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შრომის ანაზღაურება გაიზარდოს - ფულის ხე გავახაროთ სახლში?

- მხოლოდ გახარება არ კმარა, უნდა აყვავდეს. „მსუქანა“ კი ყვავის მხოლოდ მასთან, ვინც გულწრფელად უვლის. ფულის ხის გახარება სახლში უკვე კარგის ნიშანია და ფულს იზიდავს: მცენარის ზრდა სტაბილური ხელფასის გარანტიაა, აყვავება კი დიდი შანსია, მსხვილი თანხა მიიღოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, მინიშნება მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ბუჩქს დამოუკიდებლად გაახარებთ პატარა ყლორტისგან. ასევე, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვისაც წარმატების მიღწევა შეუძლია, მისგან დადებითი ენერგია მოდის. ამიტომ, თუ ასეთ ადამიანთა სიახლოვეს იტრიალებთ, იღბალი თქვენკენ იბრუნებს პირს და საგრძნობლად მეტის გამომუშავებას შეძლებთ. სინამდვილეში, ამ მინიშნებას რაციონალური ახსნაც აქვს - რაც მეტ დროს დაჰყოფთ წარმატებულთა წრეში, მით უფრო იოლია, ყურადღება მიიქციოთ, მოიპოვოთ აღიარება და შესაბამისად, გაზარდოთ შემოსავალიც.

- თურმე პეპელასაც აქვს რაღაც კავშირი ფულთან?..

- თუ გაზაფხულზე ან შემოდგომით პეპელა ფანჯარაში შემოგიფრინდათ, ეს მაცნეა იმისა, რომ ძალიან მალე მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო ამბავს გაიგებთ: სამსახურში მსჯელობა თქვენი დაწინაურებისა და შესაბამისად, ხელფასის მომატების შესახებ, თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თუმცა, სიხარული ნაადრევია. გაითვალისწინეთ, რომ კარიერაში წარმატებისა და ფინანსური შემოსავლების ზრდის „წინასწარმეტყველი“ მხოლოდ მკვეთრი, კაშკაშა ფერებით მოხატული პეპელაა, რომელსაც ფრთებზე ფერად-ფერადი წერტილები და ლაქები აქვს. თუმცა, კატაცაა ამ საქმეში გარეული - თუ უცხო კატამ მოგაკითხათ სახლში, ოღონდ არა ნებისმიერმა, არამედ სამფეროვანმა და თქვენ ის შეიფარეთ, იცოდეთ, მალე კარზე იღბალი მოგიკაკუნებთ. შავ-თეთრ-ყვითლად შეფერილი კატა სახლში ფულს იზიდავს და მათთვის, ვინც კეთილად მიიღებს, კატა საკმაოდ გულუხვი იქნება.

- იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ დავხარჯავთ ხელფასს?

- ძალიან დიდი და უპირველესად, დაიმახსოვრეთ, რომ ხელფასი აღების დღეს არ უნდა დახარჯოთ. ბევრ ადამიანს მსხვილი თანხა თითქოს ხელებს წვავს - ერთი სული აქვს, როდის აისრულებს სანუკვარ ოცნებას და ნანატრ ნივთს შეიძენს. ჰოდა, თუ ხელფასის აღებისთანავე მიაშურებთ მარკეტს, ძალიან დიდია რისკი, მთელი ფული რაღაც უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. ალბათ, აქედან გამომდინარე დაიბადა ხალხში მინიშნებაც, რომ მთელ თვეში გამომუშავებულმა ფულმა ერთი ღამე სახლში უნდა გაატაროს. ეს მის მფლობელს საშუალებას მისცემს, კარგად დაფიქრდეს, განსაზღვროს შესაძლებლობები და ისე დაგეგმოს, რა სჭირდება რეალურად და ფული ტყუილად ქარს არ გაატანოს. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ფულის ენერგეტიკამ იცის გზა სახლისკენ. ამიტომ ფულს სწორედ იქ უნდა ჰქონდეს მყუდრო ადგილი. თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ ფული მუდმივად ხელიდან ხელში გადადის და თან, თითოეული ადამიანის ენერგეტიკაც მიაქვს, რომელსაც კუპიურა ინახავს, სწორედ იმიტომ, რომ მას თქვენი ენერგია გადასცეთ, საჭიროა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ხელში დაიჭიროთ. თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ხელფასს. თავშენახული მუშაკი თანამშრომლებისგან ფულს არ სესხულობს, რითაც მათ კეთილგანწყობას მოიპოვებს, რაც დაწინაურებისა და ხელფასის მომატების კარგი შანსია. დაბოლოს, ერთი ძველისძველი მინიშნება: საჩუქრები ახლობლებს - რაც ტრადიცია უფროა. როცა ადამიანი ახლობლებსა და მეგობრებს ასაჩუქრებს, ისინიც ცდილობენ, გულუხვობა სათანადოდ დაუფასონ, რაც შეიძლება, არა მხოლოდ ნივთიერი საჩუქრით გამოიხატოს. სავსებით შესაძლებელია, ეს მაღალანაზღაურებადი სამსახურის შეთავაზებაც იყოს. ამიტომ, საჩუქარზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ.

- რაიმე რიტუალიც თუ არსებობს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით?

- ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მინი-რიტუალები, ძირითადად, ხელფასის აღების პირველ დღეს უკავშირდება. ხომ გაგიგიათ: ფულს თვლა უყვარსო და სწორედ ესაა პირველი რიტუალი - ყოველი გადათვლის შემდეგ ზუსტად იცი, რა თანხას ფლობ, შედეგად, ხარჯებს უფრო გააზრებულად გათვლი და შესაბამის დანაზოგსაც გააკეთებ. მეორე: მთელ ხელფასს სახლში რომ მიიტანთ, წრიულად გადათვალეთ და როცა, მაგალითად, ის ათასი ლარია და შესრულდა ათასი, თვლა თავიდან კი არ დაიწყოთ, განაგრძეთ და კიდევ ათასი მიაყოლეთ, შემდეგ კიდევ ათასი და ასე შემდეგ. ასე ხომ თქვენი ხელფასი გაცილებით მეტი გამოდის, რაც ენერგეტიკულად ძალიან კარგია... და მესამე: ხელფასის 10 პროცენტის ნახევარი გაეცით ქველმოქმედებისთვის, მაგალითად, ავადმყოფი ბავშვების ფონდში და მეორე ნახევარი - დანაზოგად შეინახეთ სახლში. ამით თქვენ გამოიმუშავებთ ფულად ენერგიას, რაც აღარ შეჩერდება, რადგან: რაც მეტს გასცემ, მით მეტს მიიღებ. ეცადეთ, სახლში მსხვილი კუპიურები შეინახოთ, რათა თქვენი ენერგიით დამუხტული უფრო გამრავლდეს. ასევე, კარადაში შენახული არასეზონური ტანსაცმლის ჯიბეებში ყოველთვის უნდა იყოს წვრილი ფული. ოღონდ გახსოვდეთ, ფულს არ უყვარს გახვრეტილი ჯიბე და აწყვეტილი ღილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა