ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას უნდა უგდოთ ყური, რომ ოქტომბრის თვეში წარმატებები დააჩქაროთ და რა ნეგატიურ მოვლენებს ექნება ადგილი თვის ბოლოს

№40

ავტორი: „თბილისელები“ 16:34 09.10

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

სექტემბერი მიილია და შემოდგომის შუა თვის – ოქტომბრის, სეზონიც დადგა. ფაქტია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, პროცესებისა და არჩევნების ფონზე, თვე მშვიდად ვერ ჩაივლის. თუმცა, თუ სიმშვიდით, გონივრულად და გააზრებულად ვიმოქმედებთ, მთელ რიგ პრობლემებსა და გაუგებრობებს ავარიდებთ თავს, მათ შორის, ჯანმრთელობის მხრივაც. ხოლო, რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები და რა გათვლას აკეთებენ ოქტომბრის თვის მოვლენებზე ვარსკვლავები, ამის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს.

– ბატონო მიშა, როგორი იქნება შემოდგომის შუა პერიოდი და ასტროლოგიური თვალსაზრისით, რა მოვლენებს უნდა ველოდოთ?

– 23 ოქტომბრამდე მზე სასწორის ზოდიაქოში იმოძრავებს, რაც ხელს შეუწყობს მეგობრული, პარტნიორული და რომანტიკული კავშირების გაფართოებას. თვის დასაწყისში, კერძოდ კი, 2 რიცხვში, იქნება მზის დაბნელება, რაც დაასრულებს მიმდინარე დაბნელებების დერეფანს. მეტად ოპტიმისტური აღმოჩნდება 3-დან 8 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთი, როდესაც შესაძლებელი იქნება ბიზნესსა და კარიერაში პოზიციების გაუმჯობესება და საქმიანი კავშირების გამყარება. გამოცდილება, ინტუიცია და წინდახედულება დააჩქარებს წარმატების მიღწევას. ძველი, დამამძიმებელი ურთიერთობების გაწყვეტა კი რთული იქნება.

– თქვენი გათვლით, ეს პოზიტიური პერიოდი თვის რომელ რიცხვამდე გაგრძელდება?

– 9 ოქტომბრიდან სიტუაცია დაიწყებს დამძიმებას, რადგან სიყვარულის, სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა ვეღარ მოახდენს დადებით გავლენას ადამიანების გრძნობებსა და ემოციებზე, მათ პოზიტიურ გამოვლენაზე. 13 რიცხვის შემდგომ კი, დასუსტდება მოთმინების უნარი, განსაკუთრებით გარშემო მყოფების უარყოფითი თვისებებისა და შეცდომების მიმართ. გაიზრდება დაძაბულობა, სიფრთხილე და უნდობლობა როგორც პირადი, ისე საქმიანი პარტნიორების მიმართ. მოიმატებს გულჩათხრობილობა და განმარტოების სურვილი. იმავდროულად, 2-დან 17 რიცხვამდე პერიოდში მკაფიოდ წარმოჩინდება ახალი პროფესიული მიმდინარეობები. ეს დრო სასიკეთოა შინაგანი დაძაბულობისა და შესაძლო ცხოვრებისეული ცვლილებებისადმი შიშის მოსახსნელად, პარტნიორების მიმართ უნდობლობის გასაქარწყლებლად. ოქტომბრის შუა პერიოდში პლანეტა მარსი დახმარებას გაუწევს სასიყვარულო, მეგობრული და პროფესიული კავშირების განვითარებას. 11-დან 19 რიცხვამდე დროის მონაკვეთის ნეგატიური ტენდენციების დაძლევა კი შესაძლებელი იქნება დაგროვილი გამოცდილების, ნიჭის, გარშემო მყოფების ცოდნისა და მათი რჩევების დახმარებით.

– ეს ყოველივე თვის ბოლომდეა გასათვალისწინებელი თუ ოქტომბრის ბოლოს, სიურპრიზებს უნდა დაველოდოთ? და, ზოგადად, რომელ სფეროში უნდა გამოვოჩინოთ მეტი სიფრთხილე და დაკვირვება?

– გეტყვით, რომ 19-დან 23 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთი სასიკეთოა ავტორიტეტის გასამყარებლად და კარიერაში წინსვლისთვის, თვითგანათლებისა და ახალი პროფესიების ასათვისებლად. გარდა ამისა, ეს კარგი დროა კორპორატიული საღამოებისა და ქორწილებისთვის. მეტი სიფრთხილეა საჭირო ახალი პარტნიორებისა და თანამოაზრეების შერჩევისას. არ ღირს ნაკლებპერსპექტიული მოლაპარაკებების ჩატარებაც. ამ პერიოდში კარგია, მეტი ყურადღება დაეთმოს საკვებსა და ჯანმრთელობის საკითხებს. არაა სასურველი სექსუალური ენერგიის ერთჯერად კავშირებზე ხარჯვა. 23 რიცხვიდან დამოუკიდებლად მოქმედება და მუშაობა ნაკლებეფექტური აღმოჩნდება. არაა სასურველი ხელმძღვანელობის, მაღალი თანამდებობის პირებისა და მოკავშირეების კრიტიკა და ლანძღვა. მხოლოდ პოზიტიური, პროდუქტიული, საქმიანი გარემო და პასუხისმგებლობის უნარის მქონე პარტნიორების დახმარება დადებით შედეგს გამოიღებს. ამ შემთხვევაში ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების განხორციელება ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდება და გაამყარებს ფინანსურ მდგომარეობას. 25 ოქტომბრიდან კი იზრდება ავადმყოფობის, დეპრესიული მდგომარეობის, ინფექციური დაავადებების, ანთებითი პროცესების გამწვავების ალბათობა. ამ პერიოდში სასურველია, გვერდი აუაროთ გონებრივ და ემოციურ გადატვირთვებს, მძიმე ფიზიკურ შრომასა და ნებისმიერ კონფლიქტს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა