ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას კურნავს „დონორი“ ხეებისგან მიღებული ენერგია და რა დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენზე „მომხმარებელი ანუ ვამპირი“ მცენარეების უარყოფითი ენერგეტიკა

№14

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 18.04

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ალბათ, გსმენიათ დენდროთერაპიის შესახებ და გაინტერესებთ, მაინც რის განკურნება შეიძლება მისი საშუალებით. პასუხია: საკმაოდ ბევრი რამის, რადგან ბუნებაში არსებობს სამკურნალო ძალის მქონე ხეების სახეობა, დონორობას რომ გვიწევენ და ისეთებიც - პირიქით, ენერგიას ჩვენგან რომ იტაცებენ. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ: რომელია მათგან მკურნალი და რომელი - „ვამპირი“, როგორ დავამყაროთ ურთიერთობა ბუნების სასარგებლო ნაწილთან და მოვერიდოთ - მავნებელს. სწორედ ამ ყველაფერს გავარკვევთ დღეს ეზოთერიკოსის, ბატონი სოსოს ნ-ს ინტერვიუდან, რომელიც ძლიერი ენერგეტიკის, რამდენიმე ხის შესახებ გვიამბობს და იმასაც აგვიხსნის, რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ თითოეული მათგანისგან.

- ბუნებაში გასვლა, განსაკუთრებით კი, ტყეში გასეირნება რომ სასარგებლოა, ამას აღიარებს ყველა, მაგრამ კერძოდ, იცით კი, რა სარგებელზეა ლაპარაკი? - ბუნებასთან ურთიერთობა და მასთან შერწყმა ხსნის სტრესს, აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ამაღლებს განწყობას.

- რა არის დენდროთერაპია?

- თერაპიის ამ სახეობას საკმაოდ ბევრი მიმდევარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ხის ტანთან ჩახუტება სულსაც განკურნავს და სხეულსაც. ზოგიერთ დაავადებას ხისგან აღებული ენერგია კურნავს და ასეთებია „დონორი-ხეები“. მათი ენერგეტიკა დადებითია. მაგრამ, ზოგი დაავადებისას ადამიანი პირიქით, ხეს გადასცემს ენერგიას და ასეთებია „მომხმარებელი-ხეები“. მათი ბიოენერგეტიკა უარყოფითია. თუმცა, ენერგიას კი შთანთქავს, მაგრამ მათ შორის - უარყოფითსაც.

- ასეთი ხეები საშიში არ არის?

- ამ დროს თერაპიის ტექნიკას აქვს მნიშვნელობა: ხესთან პირისპირ დადექით 20 სანტიმეტრის მანძილზე და აზრობრივად სთხოვეთ დახმარება. მოდუნდით და წარმოიდგინეთ, ზევიდან ქვევით როგორ გადმოდის თქვენში თბილი ენერგია, თან ისუნთქეთ რიტმულად: ჩასუნთქვა 4-8 წამი, 4 წამით სუნთქვის შეკავება და ისევ 4-8 წამი - ამოსუნთქვისთვის. „მკურნალობისთვის” ყველაზე შესაფერისი დრო დილაა. ფოთლების შრიალი, ფრინველთა გალობა, მოჩუხჩუხე ნაკადულისა თუ წყაროს რაკრაკი, ყვავილების მდელოები - ეს ყველაფერი ხელს უწყობს მოდუნებას და როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქიკური პრობლემების გადაჭრას.

- მაგრამ დესტრუქციული ძალა: „ვამპირი“ ხე ხომ ჩვენს ენერგიას შთანთქავს?!

- ცუდი აზრებისგან თავის დასაღწევად, ადამიანები დახმარებისთვის ხშირად სწორედ ამ მცენარეებს მიმართავენ. „ვამპირ“ ხეებს შორის, უპირველესად ვახსენებ ასპენს, რომელიც ძირითადად, ჩრდილო ამერიკაშია გავრცელებული, მაგრამ საქართველოშიც ხარობს და ძალიან დამახასიათებელი შეფერილობა აქვს - თეთრ ქერქზე შავი ხაზები, რომელთაგან ზოგს ადამიანის თვალის მოხაზულობა აქვს: თითქოს თვალს არ გვაშორებს. მას შეუძლია შთანთქას ნებისმიერი ტკივილი და არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ გონებრივიც. ეხმარება, ვისაც პანიკური შეტევები, შიში, შფოთვა და ნევროზი აწუხებს, თუმცა ასპენთან დიდხანს კონტაქტი არ შეიძლება, რადგან შეუძლია, მთელი ენერგია წაგართვათ. ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერ უარყოფითს და მათ შორის, უარყოფით ენერგიასაც, ვერხვი. თუმცა, ქალაქში ის გარემოს აუმჯობესებს და სანიტარული ხე ხდება. ნაძვი აქრობს შეშუპებას, ახდენს უარყოფითი ენერგიის სტაგნაციას, ხსნის დაღლილობას, კურნავს დეპრესიას. იცავს ადამიანს დაავადებებისგან, ეხმარება გაუმკლავდეს ონკოლოგიას. ჩიტის ალუბალი კი ახალგაზრდობის ხედაა მიჩნეული და „უებარი წამალია“ ემოციური აფეთქებისა და იმედგაცრუებისას. ის შეყვარებულთა მფარველია, მათ ურთიერთობებში არ ერევა, მაგრამ ხელს უწყობს გრძნობების გაღვივებას. ცხოვრებისგან დაღლილებს კი ეხმარება, შეიყვარონ ადამიანები და სიცოცხლე.

- დონორ-ხეებზე რას გვეტყვით, რა ძალას გვანიჭებს მათი ენერგია?

- დონორი ხეები გადმოგვცემენ ენერგიას, რაც ამაღლებს ტონუსს. ამისთვის კი უნდა მიუახლოვდეთ, დადგეთ ზურგით, აზრობრივად სთხოვოთ დახმარება და დანარჩენი განაგრძოთ ისე, როგორც წინა შემთხვევაში აღვწერეთ. გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალოდ შესაფერისია ძლიერი, ჯანსაღი და სწორღეროვანი ხე, ყოველგვარი დეფექტის გარეშე. რაც შეეხება დონორი-ხეების სახეობას, ასეთია მუხა, რომელიც განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა - ხსნის აპათიას და დაღლილობას. ეხმარება ძლიერ, ბუნებით მებრძოლ ადამიანებს და ვერ იტანს მტირალსა და სასოწარკვეთილს. ის უფრო მამაკაცებისთვისაა, აძლიერებს მათ ავტორიტეტს, ოპტიმიზმითა და ხალისით ავსებს და სიბრძნეს სძენს. დონორია არყის ხეც - ეს რბილი და ნაზი მცენარე სუსტ, ავადმყოფ ადამიანებს მფარველობს. უმსუბუქებს მათ ტანჯვას, ათავისუფლებს მომავლის შიშისა და შფოთვისგან, უხსნის მოწყენილობას და დარდს, შეუძლია უპასუხო სიყვარულშიც დაეხმაროს. დონორი-ცაცხვი კი, ამშვიდებს, ოპტიმიზმს, კარგ განწყობასა და თავდაჯერებულობას მატებს. ხელს უწყობს ადამიანს, დაზოგოს ენერგია და აძლევს ძალას, შრომის უნარი აღიდგინოს. თუ გაბრაზებული ხართ, სიმშვიდის, თავდაჯერებულობისა და გამძლეობისთვის, უმჯობესია, ნეკერჩხალს მიმართოთ. ის დაგამშვიდებთ, რადგან შესწევს ძალა, ნებისმიერი ადამიანი უკონფლიქტო და დიპლომატიური გახადოს. ფიჭვი მკურნალობს სტრესთან დაკავშირებულ დაავადებებს და ყველა სახის ნერვულ აშლილობას. ასუფთავებს ადამიანის აურას, ხსნის ჯადოს, ავიწყებს ყველა წყენას და ხელს უწყობს სულიერ ზრდას. თუ სიმტკიცე, სიმშვიდე და თავდაჯერება გჭირდებათ, ფიჭვნარში უნდა გაისეირნოთ. დაბოლოს, ცირცელი, რომელიც ყოველგვარი ენერგიული შეტევისგან დაგიცავთ: მოგიხსნით ჯადოს, ხელს შეგიწყობთ, მოიქცეთ უფრო გონივრულად, დაამშვიდებს თქვენს ფეთქებად ბუნებას. ცირცელი ცოლქმრული სიყვარულის სიმბოლოა, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის. ცირცელის რტოები საწოლის თავთან ვნებიან ურთიერთობას მრავალი წლის განმავლობაში შეგინარჩუნებთ. ასე რომ, ბევრი ისეირნეთ ტყეში - იმუნურ სისტემას აძლიერებს, სიმსუქნისა და დეპრესიის რისკს კი, ამცირებს. როგორც იაპონელები ამბობენ, ტყის ჩრდილსა და სიჩუმეში „ბანაობა“ აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა