ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას გვკარნახობს სამყარო ამა თუ იმ ნივთის დაკარგვით და რა გზით მოდის ინფორმაცია ჩვენამდე „ზემოდან“

№4

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 04.02, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სამყაროში უმიზეზოდ რომ არაფერი ხდება და ნებისმიერი მოვლენა სიგნალია იმისა, რაც შემდგომში უნდა მოხდეს, ამაზე არაერთხელ გვქონია საუბარი. თუმცა, ამჯერად საკითხს მხოლოდ ერთი მიმართულებით განვიხილავთ: რატომ ვკარგავთ ნივთებს და რის შესახებ გვაფრთხილებს ამით სამყარო. რეალურად, ეს წინასწარმეტყველებაა, რომელსაც სამყარო გვიგზავნის ყველას და ყველგან. ხშირად ბანალურ დაბნეულობაშიც კი საიდუმლო ნიშნებია ჩამალული - გაფრთხილება ზემოდან, რის იგნორირებასაც არ გირჩევთ. შესაბამისად, საჭიროა იცოდეთ: კონკრეტულად, რა ნივთის დაკარგვა რისი წინასწარმეტყველებაა, რომ სათანადოდ გაუმკლავდეთ საფრთხეს. სწორედ ამას აგვიხსნის დღევანდელი რესპონდენტი, ეზოტერიკოსი ბატონი ლადო ბ.

- სამყარო წინასწარ გვაფრთხილებს დიდი ცვლილებებისა თუ ბედის ქარტეხილების, მისი უცაბედი შემობრუნების შესახებ, რათა მოვლენათა სტიქიურ ნაკადში სწორი ორიენტირება შევძლოთ. ხშირად ასეთი კარნახი მარტივ ინფორმაციაში იმალება, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას ხელახლა გადახედოთ. გაფრთხილება მოდის სრულიად განსხვავებული გზებით: ხალხის, რეკლამის, აზრის, გრძნობის, სიზმრის, იგავის, ნაპოვნისა და დანაკარგის საშუალებით.

- ამჯერად დანაკარგის შესახებ, ანუ კონკრეტულ ნივთებზე ისაუბრებთ?

- სწორედ დანაკარგის შესახებ გაგაცნობთ ყველაზე სანდო და რეალიზებად რამდენიმე ნიშანს, რაც მოახლოებული საფრთხის ან იმის შესახებ გამცნობთ, რომ აუცილებელია, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. მაშ ასე, საყურის დაკარგვა - ნეგატიური მოვლენების მაუწყებელია, რაც ცხოვრებისეული სირთულეებსა და ოჯახურ უსიამოვნებებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ განსაკუთრებულად გაამახვილეთ ყურადღება საკუთარ გრძნობებზე და შეეცადეთ, ემოციურად გაითავისოთ ეს მინიშნება. მაგალითად, აღტაცება, სიხარული, სიცილი - სწორი გადაწყვეტილების ინდიკატორია; ბრაზი, მრისხანება და გაღიზიანება კი - მოსალოდნელ საფრთხეზე მეტყველებს. თუ საფულე, ფული ან ტელეფონი დაგეკარგათ - აშკარად არასწორი მიმართულებით მიდიხართ. ძვირფასი ნივთების დაკარგვა პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან - განგაშის ზარია, რომელიც გიბრძანებთ, რომ სწორ გზას დაუბრუნდეთ. დროა, ცხოვრებაზე, საკუთარ მოწოდებაზე დაფიქრდეთ და თავს მიხედოთ. ვინც სწორად გაიაზრებს პირველივე ნიშანს სამყაროსგან და დროულად მოახდენს რეაგირებას, დაკარგულსაც უკანვე დაიბრუნებს და კიდევაც რამდენჯერმე გაზრდის ქონებას.

- მე, მაგალითად, ხშირად ვკარგავ ხელთათმანს, უფრო სწორად, წყვილად საერთოდ აღარც შემრჩა... რას უნდა ველოდო?

- ხელთათმანის დაკარგვა - უსიამოვნო სიტუაციაში გაბმის საშიშროებაა, შეიძლება სერიოზული კონფლიქტის თვითმხილველი ან მონაწილე გახდეთ. ამ მინიშნებით სამყარო საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი ნეგატიური სცენარი. ჯვრის ან თილისმის დაკარგვა, რომლებსაც სამოსის ქვეშ ატარებთ - მაუწყებელია იმისა, რომ სულ ახლოსაა უსიამოვნება, უბედურება, ტრაგედია. ამიტომ უკვე მომწიფებული გადაწყვეტილების მიღება უნდა „გადაიფიქროთ“, ხოლო ახლანდელი ცხოვრების სტილი - „გადააწყოთ“. თუ მანქანის გასაღები დაკარგეთ - გადაღლის, ნეგატივით ინტოქსიკაციის ნიშანია, მაგრამ თუ ის სახლში არ დაგიკარგავთ, ეს სიგნალია იმისა, რომ ბედნიერება ხელიდან გეცლებათ და სადაცაა დეპრესია მთელ ძალებს მოიკრებს. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, გათავისუფლდეთ ჭარბი ნეგატივისა და შინაგანი დაძაბულობისგან.

- მანქანაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ სახლის გასაღებს კი სულ ვეძებ...

- სახლის გასაღების დაკარგვა - სიგნალია ოჯახში დაძაბულობის შესახებ. შესაძლოა სკანდალი, ღალატი, რღვევა, რის მიზეზიც, არცთუ იშვიათად, თავად ხართ. იქნებ ღირს, გააანალიზოთ თქვენი ცხოვრება და გაარკვიოთ, რა გაწუხებთ და გაშფოთებთ.

წვრილ-წვრილ უსიამოვნებებს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ელოდეთ, თუ სამაჯური დაგეკარგათ. ამით სამყარო მიგანიშნებთ, რომ დროა, ტელეფონის პაროლი შეცვალოთ ან უზრუნველყოთ საკუთარი ადგილი ოფისში. ისეთი წვრილმანების დაკარგვა კი, როგორიცაა: კაბინეტის გასაღები, ბლოკნოტი, კალამი - ნიშანია იმისა, რომ გარშემო მყოფები სერიოზულად არ აღიქვამენ თქვენს სიტყვას, საქციელს, გადაწყვეტილებებს. ეს კი იმის ბრალია, რომ ცხოვრებაში პასუხისმგებლობა არასდროს აგიღიათ საკუთარ თავზე, გეშინიათ ვალდებულებების და ინფანტილური ხართ. საჭიროა, გააცნობიეროთ და იმუშაოთ პრობლემაზე, მაშინ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. შეიძლება ასევე, ნივთი კი არა, ვინმეს მისამართი ან ტელეფონის ნომერი დაკარგეთ - ეს ნიშნავს, რომ „ადრესატთან“ დაკავშირება სასურველი არ არის. ამით სამყარო ცდილობს, თავიდან აგაცილოთ უსიამოვნება და პრობლემები, რაც შეიძლება ამ ნაცნობობას მოჰყვეს.

- ისევ საკუთარ გამოცდილებას დავუბრუნდები და მაინტერესებს, რის მანიშნებელია ჩანთის, ბეჭდისა და სათვალის დაკარგვა?

- ჩანთის დაკარგვა მიგანიშნებთ, რომ დროა, მოღვაწეობის სფერო შეიცვალოთ. მიმდინარე სამუშაო ადგილი ეწინააღმდეგება თქვენს კარმულ მოწოდებას. არ არის გამორიცხული, რომ ამ პროფესიითაც მიაღწიოთ წარმატებას, მაგრამ სულიერ კმაყოფილებას ვერ მოგგვრით. ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენს შემდგომ ბედზე დაფიქრდეთ. რაც შეეხება ბეჭდის, ასევე ძეწკვის დაკარგვას - გვერდით ბევრი მოშურნე და არაკეთილმოსურნე გყავთ. თავს ბოროტების უზარმაზარი ტალღა დაგატყდათ. შეეცადეთ, გამოითვალოთ, ვინ არის თქვენი მტერი და შეწყვიტოთ მასთან ურთიერთობა. სათვალის დაკარგვა კი, ბინძური ჭორების შესახებ გაფრთხილებთ - შურს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს თქვენი რეპუტაცია, ხელი შეუშალოს თქვენს სასიყვარულო და საქმიან ურთიერთობებს. საჭიროა ენერგეტიკული დამცავი ან თქვენი მოქმედებისა და საქციელის შეცვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა