რამდენ თაობამდე აღწევს საგვარეულო წყევლის ზემოქმდება და რა საფრთხეს უქმნის ის შთამომავლობას
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 24.02, 2023 წელი

საგვარეულო წყევლა - მიზანმიმართული ნეგატიური ზემოქმედება მთელ საგვარეულოზე, რომელიც მეშვიდე თაობამდე არ კარგავს ძალას. თუმცა შეიძლება მისი შეცვლაც, შთამომავალთა სათანადო ძალისხმევის შედეგად. მაგრამ, საბედისწერო წყევლა რომ განაგდო, ჯერ უნდა ამოიცნო ის, რაზეც კონკრეტული ნიშნები მიუთითებს. თუ როგორ შეიძლება საგვარეულო წყევლის ამოცნობა, რა ნიშნებითა და რომელ ასაკში იჩენს მისი ძალა გვარის წევრებზე, სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი თინა მ.
- ნეტა, რა ცოდვა ჰქონდათ ჩემს წინაპრებს, ასე რომ ვისჯებიო, - ალბათ, ბევრს გსმენიათ მსგავსი ფრაზა და ეს სულაც არ არის გამონაგონი, რითაც საკუთარი უნიათობის გამართლებას ცდილობს ადამიანი. ეს სავსებით რეალური და წინასწარ გაწერილი სცენარია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ძალაში კი, გვარის წევრზე 30 წლის ასაკიდან შედის. ეზოთერული თვალსაზრისით, საგვარეულო წყევლა ძალას კარგავს მეშვიდე თაობაში გადასვლის შემდეგ, ან შეიძლება, ეს უფრო ადრეც მოხდეს, თუ შთამომავლობა შეეცდება ამ დამანგრეველი ზეგავლენის შეჩერებას, მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება.
- მაინც როგორ ვრცელდება ეს წყევლა?
- საგვარეულო წყევლა ვრცელდება როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზით და ორივე ვარიანტი შთამომავლობას უზარმაზარი საფრთხეს უქმნის, როგორიცაა: უიღბლო ოჯახური ცხოვრება ან საერთოდ, უოჯახოდ დარჩენა; პირმშოს ან მეუღლეთაგან ერთ-ერთის სიკვდილი; ჯანმრთელობის პრობლემები. როგორც არ უნდა ეცადოს ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანი, რომ ააწყოს თავისი ცხოვრება, ადრე თუ გვიან საქმეში ბოროტი ძალა მაინც ჩაერევა და ყველაფერს გაანადგურებს. აქ უკვე აშკარა ხდება, რომ თქვენ ამ მოვლენის მსხვერპლი ხართ.
- რა ნიშნით იჩენს საგვარეულო წყევლა თავს ადამიანის ცხოვრებაში?
- ასეთი რამდენიმეა, მაგრამ დავიწყოთ სიყვარულში მუდმივი უიღბლობით - უკეთური მისტიკური ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი იოლად ამყარებს ურთიერთობას და კეთილგანწყობასაც ძალიან მალე მოიპოვებს; უფრო მეტიც, ზოგი მათგანი ოჯახის შექმნას ან შვილების გაჩენასაც კი ასწრებს - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი საგვარეულო წყევლა ადევს, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი იცვლება და უიღბლობა ფეხდაფეხ დევნის მას. ყველაზე ხშირად ეს ღალატია, რომელსაც წყვილის დაშორება მოჰყვება. თანაც, რამდენჯერაც უნდა სცადოთ, პირად ცხოვრებაში ბედნიერებას მიაღწიოთ, იმდენჯერვე ერთი და იმავე პრობლემას დაეჯახებით, რომელიც მოგვიანებით შვილების სცენარში გამოჩნდება. ზოგჯერ საგვარეულო წყევლის ქვეშ მყოფი, მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, საერთოდ ვერ აღწევს ქორწინებას და ასე მეორდება დაუსრულებლად. საბოლოოდ, მისტიკური უიღბლობის მსხვერპლს პარტნიორთან მაინც განშორება უწევს.
- ჯანმრთელობის პრობლემები, ალკოჰოლიზმი თუ სუიციდიც შეიძლება საგვარეულო წყევლას უკავშირდებოდეს?
- ძალიან ხშირად საგვარეულო წყევლა ძალაში შედის, როცა მსხვერპლი 30 წლის ასაკს აღწევს და სწორედ მაშინ იჩენს ხოლმე თავს მოულოდნელი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც სულაც არ არის დამოკიდებული მემკვიდრეობით ფაქტორზე. გამოვლენილმა სიმპტომებმა შეიძლება, ექიმები საგონებელში ჩააგდოს, რადგან შეუძლებელი ხდება, როგორც ავადმყოფობის მიზეზის დადგენა, ისევე, თავად ტკივილის მორჩენაც. არცთუ იშვიათად, ავადმყოფობა, რომელიც საგვარეულო წყევლას უკავშირდება, ეხება ორგანოებს მუცელს ქვემოთ, განსაკუთრებით შარდ-სასქესო სისტემას და ასევე, ფეხის სახსრებს. ეს იმიტომ, რომ ნეგატიური პროგრამა ზემოქმედებს ადამიანის მეორე ენერგეტიკულ ცენტრზე. რაც შეეხება ალკოჰოლიზმსა და სუიციდს - ორივე საგვარეულო წყევლის მძიმე პროგრამის შედეგია. ასეთ ნეგატიურ, დამანგრეველ ზემოქმედებას შთამომავლობა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდეს. ხშირად უბედურება სახლში უეცრად, სრულიად მოულოდნელად იჭრება და დარტყმას წარმატებულ, თავდაჯერებულ ადამიანებზე ახდენს, რომლებიც უძლურნი ხდებიან დამანგრეველი მისტიკური ძალის წინაშე. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რის შესახებაც ერთხელ მაინც სმენია ყველას: თითქოს ბედნიერი და მყარი ოჯახი იყო, მაგრამ ძალიან მოკლე ხანში დაინგრა და მოულოდნელად, ყველა ნათესავი ფსკერზე აღმოჩნდა - ასეთი სცენარი შეიძლება გაგრძელდეს მეშვიდე თაობამდე.
- სიკვდილიანობა და უთანხმოება ოჯახში...
- ხშირი სიკვდილიანობა ოჯახში - დაუბადებელი და დაღუპული ბავშვები და ასევე, ოჯახის სხვა წევრთა გარდაცვალება... როცა მისტიკური ზეგავლენის მსხვერპლს ეღუპება პირმშო, ქმარი ან ცოლი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. წყევლა ყველანაირად „ცდილობს“, რომ გაწყვიტოს საგვარეულო ხაზი და არ მისცეს მას გამრავლებისა და განვითარების საშუალება. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხდარი შემთხვევითობას არ მიაწეროთ და აუცილებლად ყველაფერს ბოლომდე ჩაეძიოთ, თორემ გვარი უბრალოდ „ჩაიკეტება“. ასევე, ზოგჯერ საგვარეულო წყევლა მიმართულია იმისკენ, რომ ნათესავთა შორის უთანხმოება ჩამოვარდეს და ოჯახურ კავშირებს „ურტყამს“. ასეთ ვარიანტში ურთიერთობა არ აქვთ, ან სულაც ვერ იტანენ ახლობლები ერთმანეთს, როცა ამის ხელშესახები მიზეზი არ არსებობს. მსგავს ოჯახებში მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და ეს თაობიდან თაობაზე გადადის. ასეთ დამანგრეველ გზავნილებს კი თანდათანობით „აკოწიწებდნენ“ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც, როგორც ჩანს, შურისა თუ უკეთური აზრების გამო მაგიას მიმართეს, რათა ახლობლისთვის წარმატება, სიყვარული ან ჯანმრთელობა წაერთმიათ. ასეთი ქმედება კი არასდროს ჩაივლის უკვალოდ და დროთა განმავლობაში ისეთ ძალად იქცევა, გვარს რომ აუძლურებს და ანადგურებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან