ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე მუდმივი არეულობა მის ოთახში და რატომ კრძალავს ხალხური გადმოცემები და მინიშნებები ტანსაცმლის ძირს დაყრას

№45

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.11, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

რუბრიკის დღევანდელი თემა ადამიანის ისეთ თვისებასა თუ ჩვევას ეხება, რომელიც არცთუ ცოტას ახასიათებს, თუმცა ცოტა - აღიარებს, რადგან ერთგვარ ნაკლად ჩაეთვლება. ეს პირადი ნივთებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებაა, უფრო სწორად, როცა ადამიანი მათი ძირს ყრის. ხალხური გადმოცემები და მინიშნებები კი გვიკრძალავს პირადი ნივთების ძირს, იატაკზე დაყრას, რადგან შეიძლება, ამას ძალიან სერიოზული უსიამოვნება მოჰყვეს, როგორც მფლობელისთვის, ისე მისი ახლობლებისთვისაც. თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი საფრთხე ან როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი ნათელა დ.

- ბევრი მინიშნება არც დღეს კარგავს თავის აქტუალობას და გწამს მისი თუ არა - ეს ყველას პირადი გადაწყვეტილებაა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს, ალბათ, წინაპართა მოსაზრებებს ვიცნობდეთ და სიფრთხილით მოვეკიდოთ მას, რის გაკეთებასაც არ გვირჩევენ. ამ შემთხვევაში ეს პირად ნივთებს ეხება, რომელსაც ძირს ვდებთ თუ ვყრით. რა თქმა უნდა, ქალბატონებს და მით უმეტეს, დიასახლისებს ეს ნაკლებად სჩვევიათ, მაგრამ, რაც შეეხება მამაკაცებს და განსაკუთრებით ბავშვებს - პირდაპირ მიესადაგება გამოთქმა: უკან უნდა სდიო და იატაკიდან გზადაგზა კრიფო მათი ტანსაცმელიო... ამ საქციელს კი, როგორც ხალხური გადმოცემები და მინიშნებები მიგვითითებს, ნეგატიური შედეგი მოჰყვება და არა მარტო ჩვენთვის - დაზარალდებიან ჩვენი ახლობლებიც.

- არასდროს მიმინიჭებია ამისთვის მნიშვნელობა... მაინც რა შეიძლება დამმართოს, მაგალითად, სკამიდან ძირს ჩამოვარდნილმა წინდამ, ან სხვა სამოსმა?

- დავიწყოთ ბავშვის ტანსაცმლით, რომელსაც დედა, ვთქვათ, როცა გასარეცხად არჩევს, შეიძლება იატაკზე დაყაროს... თუმცა არსებობს მინიშნებები, რომელთა მიხედვით, არ შეიძლება ბავშვის ჭუჭყიანი სამოსის იატაკზე დაყრა... უმეტეს შემთხვევაში კი ტანსაცმლის სისუფთავეზეც არ არის ხაზგასმა და ზოგადად, ბავშვის სამოსი იგულისხმება. ასე რომ, არც სუფთა ტანსაცმლის დაყრა ღირს ძირს. იქიდან გამომდინარე კი, თუ კონკრეტულად ვინ ყრის ამ ტანსაცმელს, იცვლება მინიშნებათა განმარტებაც. მაგალითად, თუ სამოსს იატაკზე მშობელი მიმოფანტავს ხოლმე, ეს ნიშნავს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ის შვილის ღირსეულ მომავალს ვერ უზრუნველყოფს: ვერ მისცემს განათლებას, ვერ დაეხმარება დასაქმებისა თუ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების მხრივ, ვერ დაუტოვებს ვერანაირ მემკვიდრეობას. თუ ტანსაცმელს ბავშვი დაყრის იატაკზე, მაშინ მინიშნება მას ასე ხსნის: მომავალში, ანუ ეს ბავშვი რომ გაიზრდება და დამოუკიდებლად გავა ცხოვრების ასპარეზზე, მუდმივად ვალებში იქნება ჩაფლული, არასტაბილური ცხოვრების ფონზე კი ძალიან გაუძნელდება საჭირო საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ფეხზე მყარად დადგომა. არსებობს ამ მინიშნების სხვაგვარი განმარტებაც. მუდმივი არეულობა ბავშვის ოთახში შენობის ენერგეტიკას ნეგატიურს ხდის. ამით კი ბავშვი ხდება მოუსვენარი, ხშირად ტირის და ჭირვეულობს...

- რა უდევს ამ ყველაფერს საფუძვლად?

- ამ მინიშნებას როგორც ყველა დანარჩენს, ჩვენი წინაპრები ეყრდნობოდნენ იმიტომ, რომ ხალხური სიბრძნე და თაობათა გამოცდილება უმაგრებდა ზურგს. საქმე ისაა, რომ ტანსაცმელი და განსაკუთრებით, თეთრეული, ისრუტავს თავისი პატრონის ენერგეტიკას, რითაც მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. ვინც დაუდევრად ექცევა პირად ნივთებს, ასეთივე დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავისადმიც. არეულობა ოთახში პატარაობიდანვე აჩვევს ბავშვს აგდებულ დამოკიდებულებას ყველაფრისადმი, ის უპასუხისმგებლოდ ეკიდება საკუთრებას და როცა გაიზრდება, ვერ აბამს თავს განკარგოს კუთვნილი ქონება და წინდაუხედავად იქცევა, რამაც შეიძლება, ყველაფერი დააკარგვინოს.

- რაც შეეხება ზრდასრულებსა და მათ პირადი ნივთებს?

- თავიანთი ტანსაცმელი არც დიდებმა არ უნდა დაყარონ იატაკზე. ვისაც ეს ცუდი ჩვევა აქვს, ხშირად გადასდის ხოლმე ცუდ ხასიათში, აპათიურია და დეპრესიისკენ აქვს მიდრეკილება. საქმე ისაა, რომ ჩვენი სამყაროს ქვედა ფენებში (პირდაპირი მნიშვნელობით - მიწასთან ახლოს) ბინადრობენ ბნელი ძალები, გროვდება ნეგატიური ენერგია. ეს ყველაფერი კი ეკვრება სამოსს და ადამიანი, რომელიც მას იცვამს, საკუთარ სხეულზე გადააქვს დაბინძურებული ენერგია. თუმცა არსებობს ამ მინიშნების ახსნის პრაქტიკული მხარეც: იატაკზე დაგდებული ნივთი ბინძურდება, ჭუჭყიანდება და ამას თუ მუდმივად გააკეთებთ, მალე დაკარგავს სახეს და აღარც გამოგადგებათ.

- ეს ყველაფერი მხოლოდ ტანსაცმელს ეხება?

- მინიშნების მიხედვით, არ შეიძლება აგრეთვე, ჩანთის ძირს დადება, თორემ ფულიც მასში (მიწაში, იატაკის ქვეშ) ჩაედინება. ჩანთის მფლობელი კი ვერასდროს შეიქმნის კეთილდღეობას და ვერც მისი ოჯახი ამოვა გაჭირვებიდან. თანაც, არა აქვს მნიშვნელობა, დევს თუ არა ჩანთაში საფულე. ყველგან და ყოველთვის, იქნება ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამუშაო ადგილი თუ საკუთარი სახლი, ჩანთა აუცილებლად მუხლებზე უნდა გედოთ, ან შეინახოთ კარადაში, დადოთ სკამზე. ეს გააძლიერებს ფულის ენერგეტიკას და მფლობელსაც გაუიოლდება ჩანთაში საჭირო ნივთის მოძებნა. ეს ცრურწმენა სათავეს უძველესი დროიდან იღებს, როცა ჩანთას მაშინ სულ სხვა ფორმა და ზომა ჰქონდა. ფულსა და ძვირფას ნივთებს საფულით ან ქისით ატარებდნენ. ასეთ ჩანთას თუ ძირს დადებდი, ადვილად შეიძლებოდა, დარჩენილიყავი უფულოდ. მას ან მოიპარავდნენ ან უბრალოდ, სადღაც მიიკარგებოდა. თუმცა ჩანთის ძირს უყურადღებოდ დატოვების საკითხი დღესაც აქტუალურია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება ის უბრალოდ, დაისვაროს, რადგან ყველა ადგილი სუფთა ვერ იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი